სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აზიარებს. მსახიობის ერთადერთი ქალიშვილი, მართა არველაძე, სწავლას ბოკონის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ეკონომიკისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.

მართა არველაძე ჩაირიცხა ბოკონის უნივერსიტეტში (Bocconi University), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. ბოკონის უნივერსიტეტი მილანში მდებარეობს და ის ნამდვილი „ოქროს სტანდარტია“ მათთვის, ვისაც ბიზნესსა და ეკონომიკაში მსოფლიო დონის კარიერა სურს. მისი კურსდამთავრებულები პირდაპირ ხვდებიან ისეთ გიგანტებში, როგორიცაა Goldman Sachs, J.P. Morgan, Google და McKinsey. მას ხშირად "იტალიურ ჰარვარდსაც" კი უწოდებენ.
პროგრამა, რომელზეც მართა ჩაირიცხა (BSc in International Economics and Management), ბოკონის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და "საერთაშორისო" მიმართულებაა. ამ უნივერსიტეტის დიპლომი "გასაღებია", რომელიც კარებს ხსნის ნებისმიერ წამყვან კომპანიაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ბოკონის ქსელი (Alumni network) ძალიან ძლიერია და სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში ძალიან ეხმარება
სალომე შარვაძე ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ქეთის როლით მოიპოვა. იგი წლების განმავლობაში იყო სერიალის სამსახიობო გუნდის მუდმივი წევრი და დღემდე "ჩცდ" - ის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟად რჩება.
სალომე შარვაძე 1985 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ის პროფესიით ფარმაცევტია, ასევე დამთავრებული აქვს დრამისა და კინოს ფაკულტეტი თეატრალურ უნივერსიტეტში, მუშაობდა მსახიობად და პარალელურად იყო გაყიდვებისა და ივენთმენეჯერი ერთ-ერთ მედიაჰოლდინგში.
სალომე ცნობილი მხატვრის, მიხეილ ვარდიშვილის შვილიშვილია. ეს უდიდესი ადამიანი სალომეს დედის ბიძა იყო და საკმაოდ ტრაგიკული ისტორია ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ორჯერ მოეწყო გამოფენა, რა თქმა უნდა, სალომეს ძალისხმევით.

სალომეს მეუღლე ბიზნესმენი მამუკა არველაძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი, მართა არველაძე ჰყავს. სალომესა და მამუკას 18-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და სალომე მეუღლის მიმართ სიყვარულს საჯაროდაც ხშირად გამოხატავს. ამასთან ერთად კი, ხშირად ჰყვება სახალისო ამბებსაც. მაგალითად, როცა სალომე შარვაძე გადაცემა "ქალების" ერთ-ერთი ტელეწამყვანი იყო, მეუღლეზე ასეთი ისტორია გაიხსენა:
"ჩემს მამაკაცზე ხშირად მელანდება ხოლმე ეჭვიანობის საბაბი და ერთხელაც, როდესაც ყაზახეთში იყო წასული 6 თვით. რომ დაბრუნდა ამოვუქექე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. მიჭირავს მისი ტელეფონი მოდის მესიჯი რუსულად: „როგორ ჩახვედი?“. ძალიან ავღელდი, იმიტომ რომ მართლა ულამაზესად გამოიყურებოდა ის, ვინც მისწერა. რა ვქნა ახლა? რა გავაკეთო? ვფიქრობ და დავდივარ ოთახებში. კივილ-წივილი მაქვს ატეხილი და მივწერე „კარგად“. მინდოდა, რომ გამომეძალა ინფორმაცია. მომივიდა პასუხი: „მიხარია, რომ კარგად ჩახვედი და გელოდები, რომ მალე ისვე დაბრუნდე“. ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის და მივწერე „ჩემი დიდი საიდუმლო არ იცი, რომ მე ქალები არ მაინტერესებს“. მივწერე ეს ჩემი ქმრის ტელეფონით და ატყდა ერთი ამბავი, დაიწყეს რეკვა. არ დავასახელებ იმ ადამიანს, ერთ-ერთი „წონიანი“ პიროვნებაა ყაზახეთში, ვინც რეკავდა. გამორბის ჩემი ქმარი, მეკითხება რა ქენი, შე არანორმალუროო. გავრბივარ მე და როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეუღლის ყაზახი პარტნიორის ცოლმა მოიწერა მოსაკითხად, რომლის ქმარიც ერთი თვე ცხოვრობდა ჩემს ქმართან ერთად. მე კი ვუთხარი ჩემი ქმრის სახელით, რომ კაცები მომწონს-თქო", - ამბობდა სალომე.