"გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე?
მამაჩემი ფსიქიატრიულიდან გამოიქცა ერთხელ, მომაკითხა იქ, სადაც ვცხოვრობდი. კარი როცა გავუღე, იარაღით იდგა, დედაჩემი არ ატანდა ჩემს თავს. მამა იძულებული გახდა, იარაღი დაედო ჩემთვის და გავეტაცებინე.
მეშინოდა, პატარა ვიყავი და ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა. სულ ვგრძნობდი, რომ მამას ვუყვარდი, მაგრამ რატომ მომიტაცა, არ ვიცოდი.
მაღაზიაში როცა შევარდა, საფეთქელთან მედო თოფი. გამყიდველს უკივლა, რომელ "კინდერსაც" აირჩევს, ის მიეციო. კვერცხში რა იდო, არ ვიცოდი, მაგრამ მაგრად ვუჭერდი ხელს და თან ცრემლები მომდიოდა.
სანამ გავხსნიდი, მამა უკვე გადაყვანილი ყავდათ “ საგიჟეთში". როცა აბამდნენ, მამა გაშმაგებული თვალებით მიყურებდა და უზარმაზარი თვალებიდან კოსმოსურ სიყვარულს მიგზავნიდა.
ცრემლები, ბოდიშის ნიშნად, ქურთუკს უსველებდა. ძილის წინ ბალიშიდან ფრთხილად გამოვაცურე კოსმონავტი , რომელიც კვერცხში ამომივიდა და მას შემდეგ წლები ვუჭერდი მუშტს, სანამ მამას კიდევ ვნახავდი", - წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი.
მარიამ ნაკანი ბოლო დროს პოდკასტებისა და შოუების ხშირი სტუმარია. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელშიც, სადაც საუბრის მთავარი თემა ახლა მისი პირადი ცხოვრება, მეუღლესთან განქორწინება და განქორწინების სირთულეებია.

მარიამ ნაკანი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. ის საზოგადოებამ რეალითი-შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტა თავაძე ჰყავდა. ლიტა ხშირად ხვდება დედის ობიექტივში - უმშვენიერესი გოგონა ფოტოგენურებით გამოირჩევა. ლიტუკამ მსახიობის ამპლუაც მოირგო და პოპულარულ სერიალში "ცვალებადი ნიშნები" ითამაშა.
მეორედ მარი ნაკანმა გიორგი მამასახლისზე იქორწინა, მათ ერთი გოგონა შეეძინათ. წყვილი 21 წლის მანძილზე იყო დაქორწინებული.
მარი ნაკანის ბაბუა არქიტექტორი ტონი (ოთარ) კალანდარიშვილი იყო. პატარა გოგონას ხედვისა და გემოვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა სწორედ ბაბუამ იქონია. მოგვიანებით მარიმ ვატო წერეთლის „MAF”-ში (Media Art Farm – მედია არტ ფერმა) გააგრძელა სწავლა და წარმატებას მის ცხოვრებაში ერთბაშად მოვიდა - „მაგთი“, „ბატა“, „ბამბინო“, „ფეხსაცმლის გალერეა“ და კიდევ სხვა ცნობილი ბრენდი სწორედ მარი ნაკანის გადაღებული სარეკლამო ფოტოებით გამოჩნდა ბაზარზე.
მარი ნაკანი არის Behance Portfolio Review-ის გამარჯვებული ფოტოგრაფიაში, ჯიპას 2016 წლის საუკეთესო პედაგოგი. წლებია ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლასა და სამოდელო სააგენტო Lookmodelsmanagement-ში.

მარი ნაკანმა გურამ წიბახაშვილის დიდი სკოლაც გაიარა, არასდროს შეუწყვეტია სწავლა, განვითარება და საკუთარი უნარების დახვეწა. მან მეუღლესთან, გიორგი მამასახლისთან ერთად ფოტოსკოლაც შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ მარი და გიორგი ქართული კომერციული ფოტოგრაფიის პიონერები არიან. სწორედ მათი ძალისხმევით გაჩნდა 90-იანი წლების ნაომარ, ნაცრისფერ თბილისში პირველი მხატვრული ბანერები, ლაით-ბოქსები, მაღალი ხარისხის ფოტოები ჟურნალებში. ამას მოჰყვა ფოტო და ვიდეორეკლამები, – სრულიად ახალი, ორიგინალური ხედვითა და სუნთქვით, ტექნიკით, რომელიც დიდწილად ორი ხელოვანის ექსპერიმენტებისა და ახლის ძიების შედეგი იყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.