_ ან ინფარქტი, _ დაამატა ნიკომ.
_ ან შიზოფრენია, _ გავამძაფრე.
უტას ნერვიული სიცილი აუტყდა.
_ ტიტე უნდა გენახა, რომ დავუძახე და მოვიდა, რა დაემართა. ბოლო ხმაზე ზმუოდა. მგონი, წნევამაც აუწია, ისეთი შოკი მიიღო.
_ ახლომახლო მანქანაც ხომ არ გიპოვიათ? _ საუბრის თემა შევცვალე.
სიჩუმე გაიწელა. მერე ნიკომ ჩაახველა.
_ მკვლელს შეეძლო ის სადმე აქვე დაემალა.
_ მკვლელს მისი დაღეჭვა და გადაყლაპვაც შეეძლო, ნიკო, _ ირონიულად გავაპროტესტე, _ რა გგონია, ნემსაძემ გოთუა მოკლა, მე ფარები ჩამიმსხვრია, რომ არ გავკიდებოდი, თავისი მანქანით გავარდა, მერე კი უცებ მოინანია თავისი საქციელი და თავი მოიკლა?
_ რა ვიცი, გამორიცხული არაფერია, _ მხრები აიჩეჩა შეცბუნებულმა ნიკომ.
_ ტიტე! _ გასძახა უტამ თავის მეწყვილეს, _ ჰკითხე ერთი გოჩას, ამ დღეებში ამ მიდამოებში მიტოვებული მანქანა ხომ არ დაფიქსირებულა?
_ არა, არა, _ გაისმა ვიღაცის ხმა, _ არანაირი ცნობა არ გვქონია. ვიღა ტოვებს ახლა უპატრონოდ მანქანას, თანაც ასეთ ადგილას!
_ ვითომ რატომ? _ ჩაიცინა უტამ.
_ იმიტომ, რომ აქედან ფეხით სახლამდე მისვლა ცოტა დამღლელია, _ უფრო ახლოს გაისმა უცნობის ხმა და ამასობაში მოგვიახლოვდა კიდეც საშუალო სიმაღლის გამხდარი პატრული, გოჩა.
_ სამაგიეროდ, ტრასამდე ჩასვლაა ადვილი, ახლოსაა, _ ჩაიბურტყუნა ნიკომ თავისთვის და მე გამომხედა.
_ მგონი, ამაზე მსჯელობას ახლა აზრი არა აქვს, _ ვთქვი, _ დაველოდოთ ექსპერტების საბოლოო დასკვნას.
_ შენი უბედურება რაშია ედი, იცი? _ მხარზე ხელი დამადო ნიკომ, _ არასდროს არ გაკმაყოფილებს მარტივი და ლოგიკური ახსნა.
_ ნიკო, თუ შენ შედეგები სწრაფად გინდა მიიღო, _ მშვიდად მივუბრუნდი ჩემს თანაშემწეს, _ მოდი, დაველოდოთ მაშინ გათენებას, მერე სადმე მანქანა მოვიპაროთ და დავმალოთ აქ, სანამ არავინ გვაკონტროლებს!
ნიკომ დანებების ნიშნად ხელები ასწია და გატრიალდა.
***
უკანა გზაზე მხოლოდ ერთი კითხვა არ მაძლევდა მოსვენებას: პირველად როდის გამოიყენა გოთუამ თავისი შანტაჟის არასტანდარტული და უნიკალური მეთოდი? როდის მოუვიდა თავში აზრად, ვნებააშლილი ქალი შიშვლად პოზირებაზე დაეთანხმებინა, მერე კი, თუ ფულს არ გადაიხდიდა, ქმართან ჩაშვებით დამუქრებოდა? ამაზე ერთი გარკვეული პასუხი არ მქონდა, რამდენიმე ვარიანტი უნდა განმეხილა. შეიძლება უცებ განათებოდა გონება და სრულიად დაუფიქრებლად მისულიყო ამ იდეამდე. ამ შემთხვევაში საქმეს დაუყოვნებლივ შეუდგებოდა. ან კიდევ, უბრალოდ, ჯერ დახატა და როცა თავის “შედევრს” ერთობ კმაყოფილი ათვალიერებდა, მაშინ გაუელვა მოგებიანმა აზრმა.
დავუშვათ, ამ დროს ვიღაც ეჯდა გვერდით და ისიც აღფრთოვანებული უყურებდა ნახატს. იქნებ ერთად მოიფიქრეს შანტაჟის იდეა?
ბოლო ვარიანტი უფრო მომწონდა. ამაღელვებელი კომბინაციების მთელ კასკადს მთავაზობდა. გოთუას ზურგს უკან ვიღაცის ოსტატური გონება მოქმედებდა, რომელიც მხატვრის ყოველ ნაბიჯს ნიჭიერად გეგმავდა.
როცა ამ დასკვნამდე მივედი, უკვე სადარბაზოსთან ვიყავი. ჩემსავე ნაფიქრზე ხმამაღლა გამეცინა და უცებ! თითქოს რაღაც განათდა ჩემს ჭკუის კოლოფში! რამდენიმე წამიც და თავსატეხის ყველა გაფანტული ნაწილი თავის ადგილას დალაგდა. უკვე ყველაფერი ვიცოდი. ახლა მკვლელი უნდა მომემწყვდია კუთხეში!
ეგრევე მივტრიალდი და საჭეს მივუჯექი. მთელი სისწრაფით გავქანდი გოთუას სტუდიისკენ. იმ საშინელი გზის გავლამ კიდევ ერთხელ მომიწია, მაგრამ ახლა ეს აღარ მაღიზიანებდა.
როგორც ველოდი, იქაურობა უკუნ სიბნელეში იყო ჩანთქმული. მანქანა შენობას მივაყენე და გადმოვედი, ამასთან, ფარები ანთებული დავტოვე, რომ გზა კარამდე ადვილად გამეკვლია. იმედი მქონდა, რომ ნიკო აქაურობის დათვალიერების მერე კარის ჩაკეტვაზე თავს დიდად არ შეიწუხებდა და მისი შემტვრევა არ მომიწევდა. ისე აგიხდეთ ყველა ნატვრა! როგორც კი კარს მივაწექი, ეგრევე გაიღო. კედელს ხელი მოვუფათურე, რათა ჩამრთველი მომეძებნა. არც ეს გამჭირვებია. შუქი ავანთე თუ არა, მანქანასთან ავბრუნდი და ფარები ჩავაქრე. როცა ნიკო აქედან გადიოდა, ალბათ აველინას გამობზეკილ უკანალზე ფიქრში იყო ჩაძირული, ამიტომაც კარი, უბრალოდ, გაიხურა. როცა კაცი ასეთ “მნიშვნელოვან” რამეზე ფიქრობს, გასაღები, საკეტი და ასეთი უბრალო რამეები რა მოსატანია?
სტუდიაში შევბრუნდი, სკამზე დავჯექი და მობილური მოვიმარჯვე. ცოტათი დავიძაბე. არ იყო სასიამოვნო იმ ადგილას მარტოდმარტო ყოფნა, სადაც რამდენიმე დღის წინ ტყვიით გულგანგმირული ადამიანი ვიპოვე, თუმცა როგორც კი ტელეფონში ზუმერის ხმა გაისმა, ოდნავ დავმშვიდდი. ელიზამ მესამე ზარზე მიპასუხა:
_ ედი ვარ.
_ ოჰ, სიმპათიურო! _ შეძახილს ამოოხვრა მოაყოლა, _ ეს რა დღე მქონდა დღეს! ნამდვილი ჯოჯოხეთი! გამიხარდა, რომ დამირეკე. შენ როგორ ხასიათზე ხარ?
_ შიგადაშიგ შენსავით, _ ჩავიცინე.
_ ჩემი აზრით, მიუხედავად ყველაფრისა, ფორმაში მაინც ვარ. ასე რომ, ერთი ღამის გათევა კიდევ შემიძლია, _ ვნებიანად მომაკვნესა, _ ალბათ შენც არ გაწყენდა, ხომ კი?
_ აბა რა! _ ყასიდად მივუგე, _ ერთი სული მაქვს, როდის გავიმეორებთ ჩვენს ერთობლივ ღამის სეანსს, მაგრამ ახლა სულ სხვა რამეზე გირეკავ.
_ ეუჰ! მთელი ფანტაზიები წყალში ჩამიყარე, _ აბუზღუნდა ელიზა, _ არ ვიცი, ამწუთას თავი შეურაცხყოფილად უნდა ვიგრძნო თუ მადლობა გადაგიხადო დანდობისთვის. აბა, მითხარი, რა ხდება?
_ დილით, როცა შენი ოფისიდან მოვდიოდი, ხომ შეგპირდით სამივეს, თუ რამე ახალი გამოჩნდება გოთუას საქმეში, შეგატყობინებთ-მეთქი?
_ მერე? არ მითხრა, რომ რაღაც გამოთხარე! _ მოუთმენლობა დაეტყო ხმაში.
_ ხო, გამოვთხარე.
_ ედი! რა გადასარევი ამბავია! გენიოსი მყავხარ! _ მისმა კონტრალტომ ლამის ყური გამიხვრიტა, _ მითხარი, რა გაიგე?
_ ტელეფონზე სალაპარაკო არაა, _ მოვუჭერი, _ ამწუთას გაბროს სტუდიაში ვიმყოფები. დაურეკე ახლა შენს ჯონი სივსივაძეს და აქ გამოდით. თუ მოხვალთ, ამ თავსატეხს ორ საათში ერთად ამოვხსნით. ლადოს მე დავურეკავ, შენ არ შეიწუხო თავი მაგაზე.
_ ოოოხ! იმის გაფიქრებაც კი მიკარგავს ენთუზიაზმს, რომ სახლიდან უნდა გავიდე, თანაც მაგ დასაკარგავში მოვიდე! მეხუმრები, ხომ? თუ სერიოზულად ამბობ მაგას?
_ ელიზა, ძვირფასო! ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, _ დავიღრინე, _ ეგრე რომ ყოფილიყო, ჯონისთან ერთად აქეთ კი არ მოგიპატიჟებდი, შენთან გამოვიქცეოდი, თან კისრისტეხით!
_ კარგი, რახან ასეა, რა გაეწყობა, წამოვალ, _ უკმაყოფილო ტონით მითხრა, _ დავურეკავ სივსივაძეს და დავიძვრებით.
_ მშვენიერია, _ ვთქვი და გავთიშე.
შემდეგ ლადოს დავურეკე. იმასაც ზუსტად ის გავუმეორე, რაც წეღან ელიზას ვუთხარი და ვთხოვე, მეუღლესთან ერთად მოსულიყო.
არც ის აღფრთოვანებულა ჩემი მიპატიჟებით, მაგრამ შემპირდა, დაუყოვნებლივ გამოვეშურებითო.
მე მხოლოდ ლოდინი დამრჩენოდა. საკუთარმა კუჭმა თავი შემახსენა, დილიდან მშიერს მამყოფებო, ამიტომ ლუკმის მოსაძიებლად გაბროს მაცივარს მივადექი. სულაც არ გამკვირვებია, იქ შეფუთული დოშირაკის ყუთი რომ დამხვდა. მაშინვე ავაგუგუნე ელექტრომადუღარა, მდუღარე წყალი გაყინულ მაკარონს დავასხი და დაველოდე, კერძის კონდიციამდე როდის მივიდოდა. აი, თუ რამე მოგვიღებს ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს ბოლოს, ასეთი საკვებია! ღმერთმა უწყის, რას ვჭამთ და რით ვწამლავთ ჩვენს ისედაც გაუბედურებულ კუჭს! მაგრამ როცა სხვა გზა არაა, რაღა დაგრჩენია? მიირთვი, ბატონო, მაკარონის ნახევარფაბრიკატი და თუ გულძმარვამ შეგაწუხა, საკუთარი თავი დაადანაშაულე ამაში და არა დოშირაკის მწარმოებელი!
მერე კარადის თაროები გადავქექე და “ჯეკ დენიელსის” ბოთლიც ვიპოვე. ცოტა იყო შიგ ჩარჩენილი, თუმცა ეს ცოტა ჩემთვის ახლა ნამდვილად მისწრება იქნებოდა.
ირგვლივ მომაკვდინებელი სიჩუმე გამეფებულიყო, რაც სრულიად არ მსიამოვნებდა. ამჯერად ჩემს კერძიან-სასმლიანად სავარძელში ჩავეშვი, დანაყრებას შევუდექი და იმ ქალების განსჯაზე გადავედი, რომლებთანაც გოთუა ამ სახლში “ბაირამობდა”. ვინ იცის, იქნებ რომელიმესთან ამ სავარძელშიც კი ჰქონია სექსი. ნეტავ მათნაირები კიდევ რამდენი იყვნენ, ვისზედაც მე წარმოდგენაც არა მაქვს? გაბროს უცნაური არქიტექტურით აგებული სახლი-სტუდია გუნებას მიშხამავდა. ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ფანჯრები გარეთ გამეფებული ღამის ფონზე შავ კვადრატებს მაგონებდა. ისე უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, რომ ავდექი და ფარდები ყველა ფანჯარას ჩამოვაფარე. ახლა ღამე უკვე აღარ მიყურებდა თვალებში. სამარისებური სიჩუმე ჩემმა სანთებელამ დაარღვია, როცა გავკარი და სიგარეტს მოვკიდე. ამ ხმამაც კი უარყოფითად იმოქმედა ჩემზე.
***
პირველები ნატა და ლადო მოვიდნენ. ნატას თეთრი ბლუზა და კრემისფერი შარვალი ეცვა, რომელიც ისე მოტკეცოდა თეძოებზე, კაცს ნერწყვს მოადენდა. ცოლ-ქმარი თითქოს უხერხულად გრძნობდა თავს, შემოვიდნენ თუ არა სასტუმრო ოთახში, ცივად გამიღიმეს, სავარძლები ჩემთან ახლოს მოაჩოჩეს და დასხდნენ. ლადომ მაშინვე ჯიბეზე გაიკრა ხელი და კონიაკით სავსე ბოთლი დააძრო.
_ ვიფიქრე, რომ აქ სასმელი არაფერი იქნებოდა და ხელს გამოვაყოლე. მგონი, არ გვაწყენდა, კაპიტანო! _ თავმოწონებით წარმოთქვა.
_ ცოტა კი ვიპოვე. ვისკი. ასე რომ, სიმართლესთან ახლოსაა შენი ფიქრი, ბატონო ჩემო. ოღონდ ჭიქები სამზარეულოშია, თან წყლის გამოვლებაც მოგიწევს, რადგან მთლად სუფთა არ უნდა იყოს, _ ვურჩიე.
როცა ლადო სამზარეულოში გავიდა, ნატას მივაჩერდი. მან გამიღიმა.
_ მგონი, თავის მოკატუნებას ადგილი აღარ ექნება, კაპიტანო, ასე არაა?
_ თავის მოკატუნებას? _ გავიმეორე.
_ ხო! _ თითქოს ნიშნის მოგებით გამოუვიდა ნატას. მის ცისფერ თვალებში დაღლილობასა და იმედგაცრუებას დაესადგურებინა, _ ლადო ყველანაირად ცდილობს, დამალოს, რომ ჩემი და გაბროს რომანის შესახებ ყველაფერი იცის. იმ პორტრეტის ამბავიც იცის და ისიც, იმ დღეს ჩემთან რისთვის მოხვედით და შეკითხვები რატომ დამისვით. არადა, ისე იქცევა, ვითომ არაფრის აზრზე არ არის, _ ღრმად ამოიოხრა, _ ხანდახან როგორ მინდა, რომ რაღაც გააკეთოს, თუნდაც ხელი გამარტყას, დამალურჯოს, რაც გინდა ის, ოღონდ კი ამ ყველაფერს წერტილი დაესვას.
_ ჩემი ღრმა რწმენით, ამაღამ ყველაფერი დამთავრდება, ქალბატონო ნატა, _ მის დამშვიდებას შევეცადე.
_ რა საჭიროა ასეთი ფორმალობა? უბრალოდ, ნატა დამიძახეთ, _ მოულოდნელად ქალი გამხიარულდა, _ წარმომიდგენია, საღამოობით სახლში რომ ბრუნდებით, პირვველ რიგში რას აკეთებთ. ჩვენს შიშველ ფოტოებს ჯიბიდან იღებთ, მაგიდაზე შლით და გულმოდგინედ გვათვალიერებთ ოთხივეს, არა?
საუბრის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა, რადგან ლადო სასმლით ხელში დაბრუნდა. სწორედ ამ დროს მანქანის ხმა გაისმა და რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში ელიზა შემოიჭრა. მას ნაცნობი კომბინეზონი ეცვა, მე კი იგივე ფიქრი ამეკვიატა მისი დანახვისას: ნეტავ რამე თუ აცვია მაგ კომბინეზონის შიგნით?
_ ედი! ნამდვილი გენიოსი ხარ! _ ხმაურით მაკოცა ლოყაზე, _ ისე ავნერვიულდი, რომ ვერაფრით ვერ შევძელი დამშვიდება!
_ შევამჩნიე, საყვარელო, _ ნაზად მიმართა ნატამ და თან წაკბინა, _ ლიფის ჩაცმაც კი დაგვიწყებია!
_ ვახ! ელიტას ვახლავარ! _ ამასობაში ჯონიც შემოგვიერთდა გასაღებების ჩხარუნით, _ ასე მგონია, ლუდის ბარში მოვხვდი. იმედია, კარგ ამბავს გვეტყვი, კაპიტანო და სანანებელს არ გაგვიხდი, ამ ბნელ ღამეს საწოლიდან რომ წამოგვახტუნე!
_ ერთი წუთით მომისმინეთ, თუ შეიძლება! _ ლადოს ხრინწიანი ხმა კაპრიზულად გაისმა, _ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე სასწორზეა შეგდებული. კაპიტანმა პირობა შეასრულა, რაღაც ახალი შეიტყო მკვლელობის შესახებ და ამიტომაც სასწრაფოდ შეგვყარა. იქნებ მოვეშვათ “შპილკაობას” და პატივცემულ ედის მოვუსმინოთ?
_ პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინეთ და მოხვედით. მეორე და მთავარი, რისთვისაც დაგიბარეთ, ახალი ამბავია. დღეს საღამოს, სადღაც ექვსი საათისთვის, ლისის ტბის მიდამოებში, ჰამლეტ ნემსაძის ცხედარი იპოვეს!
ამის გაგონებაზე ელიზას თვალები აენთო.
_ ხედავ შენ? ეს მისი გაკეთებულია, ახლა მივხვდი! ყველაფერი ემთხვევა! მკვლელობის მოტივი ეჭვიანობაა, ხომ ასეა, ედი? მას დროს ჰქონდა და შესაძლებლობაც, ეს გაეკეთებინა. ის აეროპორტში კი მივიდა, მაგრამ თვითმფრინავში არ ჩაჯდა. ამის ნაცვლად სახლში დაბრუნდა, თოფი აიღო და…
_ ვისი მანქანით? _ შევაწყვეტინე ლაპარაკით აღგზნებულ ქალს, _ იმავე ღამეს, ცოტა მოგვიანებით, გოთუასთან აველინა მოვიდა საკუთარი მანქანით. გეკითხები, ჰამლეტმა როგორ მოახერხა სახლში მისვლა, იარაღის აღება, აქ მოსვლა და გაბროს მოკვლა მანამ, სანამ აველინა მოვიდოდა? მანქანა აღარ ჰყავდა, ტაქსით, ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ მოასწრებდა, სამწუხაროდ, მფრინავი ტაქსები ჯერ არ გამოჩენილა ჩვენს დედაქალაქში.
ელიზამ მოუთმენლად აიჩეჩა მხრები.
_ შეიძლება უკვე ჩაფიქრებული ჰქონდა მკვლელობა და ადრევე იზრუნა მანქანაზე. იქირავებდა, ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. იქნებ უკვე დაყენებული ჰყავდა აეროპორტის სადგომზე და იარაღიც ედო საბარგულში. როგორც კი აველინა მოვიდა და მისი მანქანის ხმა გაიგონა, მაშინვე გაიპარა სახლიდან…
_ ხო, ჯერ აანთო შუქი, მერე ჩააქრო, ორი გასროლით ფარები ჩამიმსხვრია, შემდეგ კი გაიქცა, არა? _ ისევ შევაწყვეტინე, _ ბოლოს სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და თავის მოკვლა გადაწყვიტა. კი ბატონო, დავუშვათ ეს ვერსია, მაგრამ მანქანა სად გაქრა? ფეხით ხომ არ ავიდოდა ლისის ტბაზე?
გაგრძლება იქნება