მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი ეკა ჩხეიძის გადაცემის "პირველი სტუდია" სტუმარი იყო. ეკასა და ბაიას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, ამიტომ ინტერვიუ ძალიან გულწრფელი, ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა.
ბაია დვალიშვილმა ისაუბრა ოჯახზე - დედასა და მამაზე, მეუღლესა და შვილზე. გაიხსენა კარიერისა და ცხოვრების რთული, ბედნიერი თუ საინტერესო ეპიზოდები. გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელ მონაკვეთებს ბაია დვალიშვილის ინტერვიუდან:

სადაც უნდა ვყოფილიყავი, კინოსა თუ თეატრში, თუნდაც მიწაყრილზე მეთამაშა, ყველგან ვიყავი ბედნიერი, მიხაროდა, სავსე და კმაყოფილი ვიყავი იმით, რაც ხდებოდა. ჩემი საქმე მაძლევდა ბედნიერებას, თავისუფლებას. ზოგს ხიბლავს თეატრები დიდი ჭაღებით, მაგრამ მე სადაც ვიყავი, ჩემთვის იქ იყო სიხარული, რასაც ვაკეთებდი, იმით ვიყავი ბედნიერი.
არაფერს ვეძებ, არაფერს მივტირი, არ ვოცნებობ, დღევანდელი დღით ვცხოვრობ.
არ ვიყავი პატარა, თითქმის 50 წლის ვხდებოდი, ახალი კარი რომ შევაღე - ტელევიზიამ ბევრი რამ მომცა. მაშინ ჩემი შვილიც პატარა იყო, დაემთხვა „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღება, თეატრშიც ვიყავი. მქონდა პერიოდები, როცა არაფერი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. რაღაც ახლის დაწყება ჩემთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ახლაც რომ მითხრა, დაივიწყე ყველაფერი, შეაღე ახალი კარი, სადაც არის, მაგალითად, ქიმიური ლაბორატორიაო - სიამოვნებით გავაკეთებ ამას. ვგიჟდები იმის სწავლაზე, რაც არ ვიცი, რისკზე წასვლა მიყვარს.
ცხოვრებაში "ნელიკო" არ ვარ, მე უფრო კაპასი ვარ. ხალხმა შეიყვარა ეს პერსონაჟი, მეც მიყვარდა ნელიკო, მენატრება, კარგი ქალი იყო. მისი იმიჯი იყო, რომ სულ სხვისი სიამოვნებისთვის ეცხოვრა, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ნელიკო ძალიან პრინციპულიც იყო - პრინციპული ქმართან, პრინციპული მეზობლებთან, პრინციპული სიმსივნესთან ბრძოლაში. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ, ერთმა ექიმმა მკითხა, ახლა როგორ გრძნობ თავსო, მაშინვე მივხვდი, რომ ნელიკოს დიაგნოზს გულისხმობდა. არაფერი ვუთხარი, ვუპასუხე, რომ ახლა კარგად ვარ..
ამ სერიალმა და ნელიკოს როლმა მომიტანა საოცარი პოპულარობა, საოცარი სიყვარული. ასეთი დიდი ცნობადობა, სამწუხაროდ, თეატრს არ მოაქვს.

ყოველთვის თავმდაბალი ვიყავი, მიჩქმალული, რაღაცნაირად ჩაწეული, დედ-მამის დიდების ქვეშ ვიყავი და ყველა მოელოდა ჩემგან რაღაც განსაკუთრებულს. ამ დროს, მე ვიყავი ჩვეულებრივი, დამოუკიდებელი ადამიანი.
მარინა თბილელის შვილის სახელის ტარება რთული იყო, მაგრამ ბავშვობიდან ამას შეგუებული ვიყავი. ერთხელ ქალმა, დაახლოებით ამ კონტექსტით თქვა, აი, დედაშენი როგორია და შენ რას გავხარო. ასაკში დავემსგავსე დედას, იმიტომ, რომ ბავშვობაში ქვეცნობიერად პროტესტი მქონდა, რომ მისი შვილი ვარ, მაგრამ სხვა ადამიანი ვარ. ვცდილობდი მისი ჩრდილიდან გამოსვლას, მაგრამ ბრძოლები არ მქონია, იუმორით ვუყურებდი ამას.
მამაჩემი კინემატოგრაფიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ მე 3-4 ფილმში მაქვს როლი შესრულებული, არ იყო ჩემთვის მწვანე შუქი ჩემი მშობლები, ჩემით უნდა მიმეღწია ყველაფრისთვის.
მარინა ქოთქოთა დედა იყო, ჭრელაჭრულა, ფერადი, სახლი იყო გაძეძგილი მარინათი, ძალიან პოზიტიური და კისკისა იყო. მეც მეუბნებოდა, სულ გაიცინე მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გადაიტანა და არ იყო მისი თაობის ცხოვრება ადვილი