ბაია დვალიშვილის ინტერვიუ მეუღლესა და შვილზე: "ჩემი მთავარი სიყვარული ჩემი მეუღლეა, რომელთანაც უკვე 34 წელია ვცხოვრობ" - Marao

ბაია დვალიშვილის ინტერვიუ მეუღლესა და შვილზე: "ჩემი მთავარი სიყვარული ჩემი მეუღლეა, რომელთანაც უკვე 34 წელია ვცხოვრობ"

2026-03-16 16:05:54+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი ეკა ჩხეიძის გადაცემის "პირველი სტუდია" სტუმარი იყო. ეკასა და ბაიას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, ამიტომ ინტერვიუ ძალიან გულწრფელი, ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა. 

  • "არაფერს ვეძებ, არაფერს მივტირი, არ ვოცნებობ, დღევანდელი დღით ვცხოვრობ" - ბაია დვალიშვილი მშობლებზე, განვლილ გზასა და კარიერაზე

ბაია დვალიშვილმა ისაუბრა ოჯახზე - დედასა და მამაზე, მეუღლესა და შვილზე. გაიხსენა კარიერისა და ცხოვრების რთული, ბედნიერი თუ საინტერესო ეპიზოდები. გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელ მონაკვეთებს ბაია დვალიშვილის ინტერვიუდან: 

ოჯახი - ქმარი და შვილი 

ჩემი მშობლების სიყვარული არ გამოიხატებოდა ამბორში ან საჩუქრების გაცვლაში, ეს იყო ძალიან დიდი პატივისცემა და ანგარიშის გაწევა. დედა ძალიან დიდხანს იყო ავად, 12 წლის მანძილზე. მამაჩემმა გამაოგნა, თურმე, არ მცნობია, ისე უვლიდა დედას, არ იყო ეს ადვილი. დედაჩემიც შეიცვალა, მორჩილი გახდა. ასე მამაკაცი მეუღლეს უვლიდეს, იშვიათია. ეს ჩემთვის დიდი მაგალითი იყო. 

  • „ჩემი ქმარი ღირსეული პიროვნება იყო, მეც და ისიც მთელი ცხოვრება ვნანობდით გაშორებას“ - ლეილა აბაშიძის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები

მე თავად დიდი სასიყვარულო ისტორიები არ მქონია. ჩემი მთავარი სიყვარული ჩემი მეუღლეა, რომელთანაც უკვე 34 წელია ვცხოვრობ, ჩემი თანამგზავრია, მეგობარია. რაღაც პერიოდის შემდეგ ბევრი რამ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მიყვარს ერთგულება, მეგობრებშიც, საქმეშიც. უნდა ვენდო ადამიანს და მისი ერთგული ვიყო. ამას სხვა ადამიანშიც ვაფასებ. მსახიობი ქალის ცხოვრება კაცისთვის მარტივი არ არის, შეეძლო ჩემი გრაფიკი არ მიეღო ასე მშვიდად და წყნარად. 

სახლი მიყვარს ძალიან, ვგიჟდები ჩემს სახლზე, დალაგება მიყვარს, საჭმლის კეთება მიყვარს. სიამოვნებით ვიქნებოდი მკაცრი დედა, მაგრამ ყველაფრის შემსრულებელი დედა ვარ. მე და ჩემი შვილი მეგობრები ვართ. მე დედაჩემთან არ ვმეგობრობდი, ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაც იყო და, ალბათ, ამიტომაც. ჩემს ძმასთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ის იყო მეგობარი და მე ვიყავი - შვილი. დედისთვის გული არასდროს გადამიშლია და ეს ყოველთვის მაკლდა, რაც მაკისთან ავინაზღაურე. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ ზღვარი არ გვაქვს. 

ჩემი შვილი გავიმეტე მსახიობობისთვის, თავად უნდოდა, ჩააბარა კიდეც, ვეუბნებოდი, იქნებ დაფიქრებულიყო, მაგრამ ხელი არ შემიშლია არაფერში. წამოვიდა და ახლა აბარებს სულ სხვა უნივერსიტეტში. ძალიან არ ვუკირკიტებ, არ მინდა, ეტკინოს, მოუშუშებელი მომენტია მისთვის მაინც. ახლა ბავშვები ხომ ცოტა უფრო პრაგმატულები არიან, უფრო რეალისტები, მე არაფერს ვუშლი, თვითონ აირჩიოს, რაც სურს. 

baia-dvalishvili-shvili

ცხოვრების მთავარი ამბავი

მეშინია, რომ ცუდად გამოვეცალო ჩემს შვილს, დედაჩემს ვგულისხმობ. სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ არ მინდა, დავრდომილი ვიყო, მენანება მაკუსია ამისთვის, რადგან რთულია, მერე შენც ბერდები მასთან ერთად, მისი სიბერე გჭამს, სიბრალული, თანაგანცდა გჭამს.

ასაკის შიში არ მაქვს, ყველას ვეტყვი, რომ არ შეგეშინდეთ წლების, ახლა უფრო კარგად ვარ, ვიდრე 20 და 25 წლის ასაკში. ალბათ, რაღაც წრე შეიკრა, რამაც გამამთლიანა. 

სანამ ვართ სანამ დილით შეგვიძლია გავიღვიძოთ, შევძახოთ ჩვენს თავს, მიდი, დაიწყე ცხოვრება, არ გატყდე, გააგრძელე, არ უღალატო პრინციპებს. 

ჩემი ცხოვრების მთავარ ამბად რას მოვყვებოდი...  მე როცა მოვკვდები, მინდა, ქვაზე დააწეროს ჩემმა შვილმა დედა. არც სახელი მინდა, არც - გვარი. მაკუსიამ მე ისეთი სიცოცხლე მაჩუქა, იმდენი გრძნობით ამავსო, მის გარეშე მე ვიქნებოდი ძალიან ღარიბი. მადლობელი ვარ, რომ მყავს და რომ ვარ დედა. ამით ვარ მე ყველაზე ბედნიერი.

ჩემს ცხოვრებაში ძალიან გვიან შემოვიდა შვილი, სულ მეგონა, რომ მე რა, თუ 30-35 წლამდე შვილი არ მყავს, ხალხი შეგნებულად არ აჩენს შვილს და ცხოვრობენ ასე, მაგრამ, იცი, რასაც შვილი გაძლევს, ამის გარეშე რომ წახვიდე ამ ქვეყნიდან, ცოდო ხარ. არ უნდა მოიკლო ეს ტკივილი, სიბრაზე, ენით აღუწერელი გრძნობა სიყვარულისა და აღტაცების. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ სავსე იყო, თორემ შეიძლება არ გააჩინო შვილი და მაინც საინტერესო ცხოვრებით იცხოვრო. 

baia-dvalishvilis-shvili