ქართველ პოეტს ჯანსუღ ჩარკვიანს ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს. ჯანსუღი 2017 წელს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოეტის მეუღლე, ირმა ჩხეიძეც გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა.
ჟურნალისტს, პუბლიცისტს, პოლიტიკოსს - თაკო ჩარკვიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი იყო მისი ძმა, მამუკა ჩარკვიანი, რომლის გარდაცვალებამაც გასულ წელს უამრავი ადამიანი დაამწუხრა.
თაკო ჩარკვიანი იხსენებდა, რომ დედას მამუკას გარდაცვალების შესახებ არ უთხრა - არ უნდოდა ისედაც ავადმყოფს, კიდევ უფრო ენერვიულა. ირმა ჩხეიძე დროდადრო კითხულობდა შვილს, აინტერესებდა მისი მდგომარეობა, თუმცა ოჯახის წევრები ამშვიდებდნენ, რომ მამუკა მკურნალობდა და კარგად იყო.

ირმა ჩხეიძე და ჯანსუღ ჩარკვიანი
"შენ ნუ გგონია, რამეს ვდარდობ,
რამეს მივტირი,
ნურც იმას ფიქრობ, უზენაესს
რამეს შევუთქვამ,
მე მიჭირს შენთან განშორება,
თორემ სიკვდილი?
სიკვდილი რაა - სულის გაყრა
ცოდვილ სხეულთან"... - ეს საოცარი სიტყვები ჯანსუღ ჩარკვიანმა მეუღლეს, ირმა ჩხეიძეს მიუძღვნა. მათი სიყვარული სიტყვებით, ალბათ, ძნელად აიხსნება, თუმცა ჯანსუღი ამას რითმებითა და მოკლე, მაგრამ ძალიან ღრმა სტროფებით შესანიშნავად ახერხებდა - სწორედ ამაში იყო მისი გენიალურობაც.
თაკო ჩარკვიანი იხსენებდა, რომ ირმა ჩხეიძემ მეუღლის გარდაცვალების ღამეს მხედველობა ერთიანად, ერთ წამში დაკარგა.
სიცოცხლის ბოლო წლები ირმა ჩხეიძემ და ჯანსუღ ჩარკვიანმა პეკინი ქუჩაზე მდებარე ბინაში გაატარეს. ამ ბინას დიდი ისტორია აქვს.
"აქ რასაც ხედავთ, ყველა მამას მეგობრების ნაჩუქარია, ზოგიერთი მათგანი საავტოროა, ზოგი - სამახსოვრო. შეხვდებით დიდი ზურა ნიჟარაძის, ელიჩკა ახვლედიანის, გიკა მირზაშვილის, დიმა ერისთავის, ტიტე შეყილაძის, ნოდარ მალაზონიას, ოჩიაურის, გულდა კალაძის (ჩემი ნათლიის) და სხვა გამოჩენილი, თუ დამსახურებული ადამიანის ნამუშევრებს..." - ამბობდა თაკო ჩარკვიანი.
სახლში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჯანსუღ ჩარკვიანის სამუშაო სივრცესა და როიალს, რომელთან მიკარებაც, თურმე, ყველას ეკრძალებოდა, მისი მეუღლის, ირმა ჩხეიძის გარდა. თაკო ჩარკვიანი იხსენებდა, რომ ჯანსუღის როიალთან წლების წინ თავად, ახლა კი - მისი ქალიშვილი, პიანისტი ირმა გიგანი მეცადინეობს.