"გიორგის მიმართ უსაზღვროდ მადლიერი ვარ. არასდროს, წამითაც კი არ დაუშვია, რომ ჩვენი გზები შეიძლება გაიყოს. მას იმდენად სწამს ამის, რომ ეს რწმენა ჩემზეც გადმოდის. ზოგჯერ, როცა ეჭვები ან კითხვები მიჩნდება, მისი სიმტკიცე მამშვიდებს და მეც ბოლომდე ვენდობი. ურთიერთნდობა ხომ უმნიშვნელოვანესია.
ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, ამ ყველაფერში ლომის წილი სწორედ გიორგის მიუძღვის. მართალია, ახლა გადასახედიდან მინდა, რომ საკუთარ თავზეც ამაყად ვისაუბრო, მაგრამ ეს აღიარება და დამსახურება ნამდვილად მას ეკუთვნის", - ამბობს ალომე ლემონჯავა Tasteit-თან საუბრისას.
სალომე ლემონჯავასა და გიორგი ცხადაძის ოჯახი
ულამაზეს ახალგაზრდა წყვილს, სალომე ლემონჯავასა და გიორგი ცხადაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. გიორგი მსახიობი და მუსიკოსია, სალომე კი - ჟურნალისტი. ის მაყურებელს არაერთი გადაცემის ეთერიდან მისალმებია და კამერებს მიღმაც ხშირად უმუშავია. სალომესა და გიორგის ერთი ქალიშვილი, უსაყვარლესი ნენე ცხადაძე ჰყავთ.
სალომე ლემონჯავა აფხაზეთიდან დევნილია. მძიმე გზა, რომელიც მისმა ოჯახმა გამოიარა, მას არ ახსოვს, რადგან მაშინ სულ ერთი წლის იყო.
აფხაზეთიდან დედასთან და და-ძმასთან ერთად წამოვიდა. მამა იქ დარჩა- - ომის ვეტერანი იყო. სოხუმის დაცემამდე იქ იყო და იბრძოდა. შემდეგ, ისევე როგორც სხვა გადარჩენილები, იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა. იგი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
გიორგი ცხადაძე მაყურებელმა პირველად „ერისიონის“ კლიპიდან „შატილის ასულო“ გაიცნო. მოგვიანებით მსახიობობა აირჩია და დღეს ახმეტელის თეატრში საქმიანობს. პარალელურად მღერის და მის მიერ შესრულებული სიმღერები მალევე იქცევა ხოლმე ჰიტებად.

გიორგი ცხადაძე ხონში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ გიორგი ხშირად დადიოდა სოფელში ბაბუასთან.
გიორგისა და სალომეს სიყვარულის ისტორია ლამაზ ზღაპარს ჰგავს, ამ ზღაპრის მთავარი გმირი კი დღეს უკვე პატარა ნენეა. ნენე უკვე წარმატებით ითავსებს მშობლების პროფესიას - უყვარს სოციალურ ქსელებში გამომწერებთან საუბარი, ამასთან, შესანიშნავად მღერის და მისი ვიდეოები ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.