„მერე გაჩუმდა და ხმადაბლა თქვა, მინდა პალტო გაჩუქოო...“ - უცნობი ფოტოები და უცნობი ამბავი ილია II-ზე: Armani-ს პალტო და ლეგენდა, რომელიც ნივთზე ძვირფასი აღმოჩნდა - Marao

„მერე გაჩუმდა და ხმადაბლა თქვა, მინდა პალტო გაჩუქოო...“ - უცნობი ფოტოები და უცნობი ამბავი ილია II-ზე: Armani-ს პალტო და ლეგენდა, რომელიც ნივთზე ძვირფასი აღმოჩნდა

2026-03-18 14:16:05+04:00

ტექსტი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, ეკუთვნის ცნობილ ფოტოგრაფს, ჟურნალისტსა და მწერალს, იური როსტს. ის პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთხრობელია, რომლის შემოქმედებაც ყოველთვის ადამიანური ურთიერთობებისა და „ხელშესახები“ ისტორიების შესახებ გვიყვება.

ამ ჩანაწერში როსტი იხსენებს თავის მრავალწლიან მეგობრობას ქართველ ხელოვანებთან - გიორგი დანელიასთან, გოგი ხარაბაძესთან, გოგი ქავთარაძესთან - და თავად პატრიარქთან. ავტორი აღწერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის კულუარებს და ერთ კურიოზულ, თუმცა ძალიან ღრმა შინაარსის მქონე ეპიზოდს - თუ რატომ თქვა მან უარი პატრიარქის მიერ ნაჩუქარ „არმანის“ პალტოზე.

იური როსტის რუბრიკა „მეხსიერების ბარათი“ (Карта памяти) ცნობილია იმით, რომ ავტორი მასში არა მხოლოდ ფაქტებს აღწერს, არამედ აცოცხლებს მომენტებს, რომლებიც ეპოქას ქმნიან. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შესახებ დაწერილი ეს ესე სწორედ ასეთი „ცოცხალი მეხსიერებაა“. ორიგინალი ტექსტი 2019 წელს გამოქვეყნდა, გთავაზობთ ამბის ქართულ ვერსია:

ilia

საჩუქარი, რომელზეც უარი ვთქვი

ეს არის ის, რასაც არ ელოდები და რასაც არ ირჩევ. საჩუქარი. სიცოცხლე, სიყვარული, პირველი „პარკერის“ კალამი, ახალი საათი, რომელიც იმავე დროს აჩვენებს, რასაც ძველი; მეგობარი მხატვრის ტილო, რომელიც მყისიერად გიყვარდება; ძვირადღირებული პერანგი, რომელსაც არასდროს ჩაიცვამ; პრესტიჟული ვისკის ბოთლი, რომელიც შეგიძლია სხვას აჩუქო; პურის საჭრელი „სიმენსის“ მანქანა, რომელიც უკვე ოთხჯერ არის სკოჩით დაწებებული, რადგან გამოდგება, როგორც გარდამავალი, უაზრო საჩუქარი; მეთვრამეტე შარფი და მრავალი სხვა რამ, რაც ხან შენს ცხოვრებაში ილექება და ხანაც აგრძელებს მოგზაურობას ერთი იუბილარიდან მეორესთან, როგორც ყურადღების მატერიალური ნიშანი.

ჩვენ და გიორგი დანელიამ გამოვყავით ორი ძალიან კარგი ავტოკალამი (ასეთებით, როგორც წესი, არ წერენ) და ვჩუქნიდით მათ ერთმანეთს მონაცვლეობით. სიამოვნებას ვიღებდით ყურადღებისგან და იმისგანაც, რომ ნაჩუქარი ძვირფასი ნივთი არ იყო უაზრო და არ მოხვდებოდა იმის ხელში, ვინც მას ვერ დააფასებდა.

ერთხელაც, ძღვნად მივუტანე შესანიშნავი შავი Waterman-ი ოქროს ფრთით. მან მადლობა გადამიხადა და მკითხა: „აბა, ის იტალიური კალამი სადღაა, ნაკვეთი ქვისგან რომ იყო და 75 წლის იუბილეზე გაჩუქე?“

— ჩვენს მეგობარს, დიდებულ მსახიობს, გოგი ხარაბაძეს ვაჩუქე მის 75 წლისთავზე-მეთქი.

— კარგია! — თქვა დანელიამ. — იმედია, ზედ სამახსოვრო წარწერა არ ამოტვიფრე? თორემ გოგი ვეღარ შეძლებს, რომ ის ვინმე ღირსეულს აჩუქოს.

(ამ ტექსტს სწორედ იმ შავი Waterman-ით ვწერ, რომელიც გიორგი ნიკოლოზის ძეს 85 წელზე ვაჩუქე და მან კი 80 წელზე მე მაჩუქა).

საჩუქარს მჩუქებლისთვის მოაქვს მოშორების სიხარული. იმის მყისიერი გაცნობიერება, რომ შენთვის სასიამოვნო ადამიანს მცირეხნიანი სიამოვნება მიანიჭე (ეს იმპულსურ შესყიდვასავითაა), გიქმნის ილუზიას, რომ შენი საქციელი აზრიანია, ხოლო ნივთი — აუცილებელი იმ საცოდავისთვის, ვისაც ის განუწესე.

ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი — ეს არის ყურადღების ნიშანი, გამოხატული საქციელში, რომლის განხორციელებისთვისაც შენი შრომა და უნარი ჩადე.

ბავშვებს საჩუქრების არსი უფროსებზე მეტად ესმით და გულწრფელად უხარიათ. ისინი სიხარულით ამზადებენ საკუთარი ხელით საჩუქრებს, რომლებსაც მშობლები დიდხანს ინახავენ. ნახატები, უსწორმასწორო თოჯინები, საკუთარი ლექსები. ეს ნივთები ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გაგრძელებული ყურადღების ნიშნებია. საჩუქარი უნდა დაამზადო და „გამოიარო“. ეს არის დრო და ძალისხმევა. ასეთი საჩუქრის გახსენება საჭირო დროს  საკმარისი არ არის, ის სულ უნდა გახსოვდეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, პოეტს, მხატვარსა და კომპოზიტორს, ჩვენს ძველ და ბრძენ ნაცნობს, 85 წლის იუბილე და ამავდროულად პატრიარქობის 40 წელი უახლოვდებოდა. თარიღია!

იმ წელს, როცა ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში, კარგად ვიხსენებ. ჩვენ კარგი „მოსკვიჩით“ (რომელსაც საქართველოში „აზლიკს“ ეძახდნენ) მივდიოდით კახეთში, ალავერდობაზე. მთელი ალაზნის ველიდან ოჯახებითა და სამეგობროებით მოდიოდნენ კახელები დიდებულ ალავერდის ტაძართან, შლიდნენ სუფრებს, ალაგებდნენ უბრალო საუზმეს: ყველს, მწვანილს, დედისპურს, ცივ დედალს ტყემლით, ხაშლამას, ღვინოს, ჭაჭას და ელოდნენ წირვის დასრულებას.

ilia-meore

ღვინო და ჭაჭა ჯერ კიდევ გვქონდა შემორჩენილი. ვმღეროდით და ვსაუბრობდით, თუმცა მაინც შევამჩნიეთ შავი „ვოლგა“, რომელიც ვიწრო გზაზე ჩვენი „აზლიკის“ გასწრებას ცდილობდა.

— რაიოკომს რატომ უნდა ჩვენზე ადრე მისვლა? — ვიკითხეთ.

დაიწყო გზატკეცილის თამაში „აბა, გამასწარი“, როცა უცებ ჩემმა საყვარელმა მეგობარმა, მხატვარმა მიშა ჭავჭავაძემ, უკან მიიხედა და თქვა:

— მანდ რაიკომი კი არა, სასულიერო პირიაო.

როცა შავმა „ვოლგამ“ გზის პირას გაჩერებულ „აზლიკს“ ჩაუარა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ლამაზმა ადამიანმა ანაფორაში გაგვიღიმა, ხელი აგვიწია და მადლიერების ნიშნად თავი დაგვიკრა.

— მაშინვე რომ გაგვეტარებინა, ვერც ის და ვერც ჩვენ ამ შემთხვევას ვერ დავიმახსოვრებდითო, — თქვა გოგი ხარაბაძემ, რომელიც მიშას მსგავსად, ამ „ვოლგაში“ მჯდომ ადამიანთან მთელი ცხოვრება მეგობრობდა.

— ეს ხომ ახალი პატრიარქია! — თქვა გოგიმ. — თავის პირველ წირვაზე მიდის ალავერდში.

მაშინ მე გუნდზე (ქოროზე) ავედი და ფართოკუთხიანი ობიექტივით გადავიღე კადრი, რომელიც, საბედნიეროდ, გადარჩა. სწორედ ამ ფოტოთი მინდოდა გამეხსნა ილია II-ისადმი მიძღვნილი გამოფენა საპატრიარქოში. თავიდან მე და გიორგი ხარაბაძე-უმცროსი ვფიქრობდით, ეს ოპერისა და ბალეტის თეატრში მოგვეწყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პატრიარქი თავს კარგად არ გრძნობდა ხმაურიანი დღესასწაულისთვის. თუმცა მიზეზი მაინც გვქონდა - მისი აღსაყდრების 40 წელი.

ფოტოები დიდ ფორმატზე გიორგი ხარაბაძე-უმცროსმა დაბეჭდა. გადავწყვიტეთ გამოფენა პირდაპირ საპატრიარქოში მოგვეწყო და გვეჩუქებინა იმ ერთი ადამიანისთვის, ვისთვისაც ეს წამოვიწყეთ. გამოდიოდა, რომ ეს იყო ის „საკუთარი ხელით დამზადებული“ საჩუქარი, რომელშიც მჩუქებლების გრძნობები ცოცხლობს.

პატრიარქი აკვირდებოდა ჩვენს სამზადისს. მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დრო ჰქონდა, მაინც დარჩა მონტაჟის ბოლომდე. თითქოს სურდა მეხსიერებით დაბრუნებულიყო ალავერდში, გაევლო თავისი 40-წლიანი გზა და ფოტოებზე საკუთარი თავი ეცნო.

— ეს 9 აპრილია? მე გადამიღეთ? — იკითხა მან.

საბედნიეროდ, ეს კადრიც გადარჩა. გვიანი საღამო. რუსთაველის გამზირი სანთლებით. ბევრი ხალხი. ახალგაზრდები, მოხუცები. მიტინგი მიდის. უცებ მიკროფონთან ილია II მიდის. ის დაძაბულია. ამბობს, რომ მისთვის ცნობილი გახდა მიტინგის მოსალოდნელი სასტიკი დარბევის შესახებ. პატრიარქი ყველას სთავაზობს ქაშვეთის ეკლესიას შეაფარონ თავი. დემონსტრანტები კითხულობენ „მამაო ჩვენოს“ და გადაწყვეტენ დარჩნენ ადგილზე.

— მაშინ მე თქვენთან ვრჩები, — ამბობს პატრიარქი. და დარჩა კიდეც.

ilia-meore

ეს ფოტო ექსპოზიციის შუაგულში აღმოჩნდა. პატრიარქი სავარძლიდან გაჭირვებით წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაჰყვა თავისი ცხოვრების ამსახველ კადრებს. ჩემს მეგობრებთან, ორ გიორგისთან - ხარაბაძესთან და ქავთარაძესთან მიახლოებისას, ჩემთვის არ შემოუხედავს, ისე თქვა:

— ის დროის მიღმა ცხოვრობსო.

დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს კომპლიმენტია, მაგრამ იქნებ ასე მოეჩვენა. სინამდვილეში, ფოტოგრაფია ყველა დროში მოწმედ რჩება...

ქართველებს გაუმართლათ. ილია აღმოჩნდა მაღალი ზნეობის მქონე ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა ადამიანური მომხიბვლელობა, იუმორი და დაუცხრომელი სინაზე. ის მასშტაბური პიროვნებაა. აი, მაგალითი: ყოველ მესამე შვილს ქართულ ოჯახში შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ მისი ნათლია თავად პატრიარქი იქნება. „აჩინეთ, ქართველებო, შვილები და პატრიარქთან სულიერ ნათესაობაში შეხვალთ“.

 შობის წინა დღე იყო.

— მობრძანდით ათის ნახევარზე. გავხსნათ გამოფენა და მერე საშობაო ლიტურგიაზე წადითო, - გვითხრეს.

ilia-meore

საპატრიარქოში ცოტა ადრე მივედით. მოლბერტებს ვასწორებდით, როცა ახალგაზრდა მამაო მოვიდა:

— მისი უწმინდესობა თქვენ გეძახითო.

მე შევედი. გოგი ხარაბაძეც გამომყვა, როგორც პატრიარქის მეგობარი.

— მაპატიეთ, ბატონო გოგი, მაგრამ მან მხოლოდ ის (იური როსტი) მიიწვიაო, - თქვა მამაომ და გოგი დარბაზში დარჩა.

შევედი მოსასვენებელში. ილია II თეთრ აბრეშუმის სამოსში იჯდა. მივედი და გადავეხვიეთ ერთმანეთს.

— გმადლობთ, - მითხრა მან, ალბათ გამოფენისთვის. მერე გაჩუმდა და ჩუმად თქვა: - მინდა პალტო გაჩუქოთ.

დავიბენი, თუმცა ვიცოდი მისი იუმორის ამბავი.

— რა პალტო?

— ლამაზი. თქვენს ზურგს უკან კიდია.

მივიხედე. საკიდზე საოცარი სილამაზის პალტო ეკიდა, ეტიკეტებით. შავი, ორბორტიანი „როლს-როისი“, საყელოზე უნაზესი ბატკნის ბეწვით (მერლუშკა).

— მოიზომეთ!

ჩავიცვი და ზუსტად მქონდა. ეტიკეტზე ეწერა: Armani.

პატრიარქმა შემომხედა და თქვა, რომ კარგია. პალტო გავიხადე და ფრთხილად დავკიდე თავის ადგილას. უცებ სხვა ცხოვრების განცდამ გადამიარა გვერდით.

ilia-meore

რომ ვყოფილიყავი სუფთა, მშრომელი და ნაზი, რომ მყვარებოდა სიტყვების წერა და მჯეროდა მათი სილამაზის, როგორც აკაკი აკაკიევიჩს, მაშინ ამ არმანის „შინელში“ იქნებოდა ჩემი ცხოვრების აზრი. ჩავიცვამდი და ახალ ადამიანად გამოვიდოდი. მაგრამ რატომ? თუკი ძველის რესურსი ჯერ კიდევ არ ამოწურულა?

მაპატიეთ, ძვირფასო ბაშმაჩკინ. ან უკეთ გაიგეთ: ჩვენზე არაა ეს სამოსი.

— თქვენ იცით, რა პატივისცემით გეპყრობით! - ვუთხარი პატრიარქს. - ყველა საჩუქარს - ბიბლიას, ხატებს - მადლიერებით ვინახავ. (თუმცა სულ ყველას არა - წმინდა ნინოს ჯვარს ჩემი შვილი ატარებს, ოქროს ჯვარი მამა ალექსის ვაჩუქე, პატრიარქის ავტოგრაფიანი სამაჯური კი დანელიას შეხვდა).

პერანგის საყელო შევიხსენი და ვუჩვენე მისი ნაჩუქარი პატარა ვერცხლის ქართული ჯვარი, რომელზეც ტიხრული მინანქრით ყურძნის მტევანი იყო გამოსახული.

ის ყურადღებით მისმენდა.

— ხედავთ, როგორ ვიცვამ: ჯინსები, სვიტერი, კედები... ამ პალტოს მე ვერ ჩავიცვამ. არსად მაქვს წასასვლელი ასე. თქვენი ნაჩუქრის გაჩუქება კი არ იქნება კარგი-მეთქი.

მან თავი დამიქნია. გადავეხვიე და გამოვედი.

გარეთ ხალხი ინტერესით მელოდა. მე კი დაბნეული და მხიარული ვიყავი.

— ნუ? - მკითხა ხარაბაძემ. - რაო?

— პალტო უნდოდა ეჩუქებინა.

— სად არის?

— არ ავიღე.

— გაგიჟდი?! -მითხრა ჩუმად. - პატრიარქს პალტოს ჩუქება უნდა და ეს უარს ეუბნება!

— არ ვატარებ პალტოს.

— ატარებდი... ბოლო-ბოლო ვინმეზე გაგეჩუქებინა...  თქვა გოგიმ. შევხედე ხარაბაძეს: დაახლოებით ჩემი ზომაა.

მოვიდა გოგი ქავთარაძეც.

— წარმოგიდგენია? პატრიარქი პალტოს ჩუქნის და ეს არ იღებს!

— თავის პალტოს?

— რის თავისს! არმანის, ეტიკეტებით!

— რატომ არ აიღე?

— ჯერ ერთი, იმიჯი უნდა შემეცვალა: კოსტიუმი, პერანგი, ჰალსტუხი, ფეხსაცმელი... ცხოვრება უნდა შემეცვალა და მეგობრებიც... და მეორეც, რომ ამეღო, მექნებოდა პალტო და მორჩა. ასე კი ლეგენდა დარჩა: „პატრიარქმა პალტო აჩუქა... არმანის... და არ აიღო“.

დარბაზში ილია II შემოვიდა. მთელი ამალა პრემიერ-მინისტრის თაოსნობით გაიჭიმა. მან ჩაგვიარა და ჩუმად თქვა:

— არ ისურვა პალტო...

მერე ვისხედით და ვსაუბრობდით, სანამ წირვის დრო მოვიდოდა. მოვიდა შორენა, მისი თანაშემწე. ვკითხე, ხომ არ ეწყინა პატრიარქს-მეთქი.

— მგონი, მოეწონა კიდეც,  თქვა მან.  მან იცის ეს ანეკდოტი  „პალტო არ უნდაო“.

რა თქმა უნდა, არ სწყენია. საჩუქარი შედგა. ის ხომ ნივთში კი არა, განზრახვაშია. განზრახვა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ბევრჯერ გვსმენია, რომ კეთილი განზრახვებით გზა ჯოჯოხეთისკენ არის მოკირწყლულიო. ეს სისულელეა. როგორ უნდა გააკეთო კეთილი საქმე, თუ მისი გაკეთების სურვილი და განზრახვა არ გაქვს?

მართლაც, როგორ?..

P.S. მოგვიანებით გიორგი ხარაბაძე-უმცროსმა ეს გამოფენა წინანდალში, ჭავჭავაძეების მამულში გადაიტანა. მას ჰქონდა კეთილი განზრახვა  გაეკეთებინა საჩუქარი ჩემთვისაც და პატრიარქისთვისაც. ჰოდა, ხალხმაც ნახა.

წყარო: novayagazeta.ru