ორი დღის წინ საქართველომ ილია II-ის ეპოქა დაასრულა. იმ საერთო ტკივილის ფონზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ბუნებრივად გვახსენდება ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან, სადაც პატრიარქი არა მხოლოდ იერარქი, არამედ უმძიმეს განსაცდელში მყოფი ადამიანების თანამგრძნობი მეგობარი იყო. ერთ-ერთი ასეთი უხმო, თუმცა გარდამტეხი ისტორია ვერიკო ანჯაფარიძეს უკავშირდება.
შვილის გარდაცვალების შემდეგ, დიდი მსახიობი სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა. მისთვის სამყარო თითქოს გაჩერდა და სცენამაც აზრი დაკარგა. ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა სწორედ ახალგაზრდა კათოლიკოს-პატრიარქმა შეძლო. მათ ურთიერთობაში არ ყოფილა ხმამაღალი ქადაგებები ან პათეტიკური ნუგეში; ეს იყო ურთიერთობა, რომელმაც ვერიკოს რწმენა, შინაგანი სიმშვიდე და ცხოვრების გაგრძელების ძალა დაუბრუნა.

„ძილის წინ ხელებს გულზე დავიკრეფდი და წარმოვიდგენდი, ვითომ მოვკვდი. სასტუმრო ოთახის კედელზე დიდი ხალიჩა გვეკიდა, მის უკან თახჩა იყო. იქ შევძვრებოდი ხოლმე, საათობით ვიჯექი სიბნელეში, რაღაც საშინელებას წარმოვიდგენდი და როცა მართლა შემეშინდებოდა, კივილით გამოვვარდებოდი ხოლმე იქიდან. მსიამოვნებდა, თუ გარშემომყოფთ ვებრალებოდი. საღამოობით, როცა ყველა შინ იყო, როიალს მივუჯდებოდი, სამგლოვიარო მარშს ვუკრავდი, ვტიროდი და მინდოდა, რომ ჩემთან ერთად სხვებსაც ეტირათ“ - ასე იხსენებდა ვერიკო ანჯაფარიძე საკუთარ, როგორც პატარა ტრაგიკოსის ბავშვობას. მან ამ წარმოდგენილი სცენების გაცოცხლება ტელევიზორის ეკრანსა თუ თეატრის სცენაზე არაერთხელ შეძლო, თანაც შეძლო - როგორ?! მისი სახელის უკვდავებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
ტრაგედია მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სცენარში არ დარჩენილა. სამწუხაროდ, ცხოვრებამ მას არაერთი გამოცდა მოუწყო, ყველაზე მტკივნეული კი, სადავო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ შვილის გარდაცვალება გამოდგა.
რამაზ ჭიაურელი ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის შვილი, სოფიკო ჭიაურელის ძმა იყო. რამაზი 1975 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ცხოვრებაში დიდი დრამა შეხვდა. შვილი გარდაეცვალა. ამაზე დიდი დრამა არ არსებობს. გვერდიგვერდ გვეძინა, ისეთი ქალი იყო, თავის გულისტკივილს არ აჩვენებდა ხოლმე. მაგრამ, წლები უძილო ღამეები გვქონდა, ღამე ქვითინებდა, მარტო, თავისთვის... ვერიკო ამ მდგომარეობიდან ჩვენმა პატრიარქმა გამოიყვანა. ეს რომ დაემართა, ოთახიდან ყველა ხატი გამოიტანა, ამ ტკივილში რწმენა დაკარგა” - იხსენებდა ნიკუშა შენგელაია ბებიაზე.

ვერიკოსაც უყვარდა პატრიარქთან სტუმრობა, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წლებში. მივიდოდა სიონში და იდგა, იდგა გაუნძრევლად. მერე სკამს მიტანდნენ ხოლმე, ჩამოჯდებოდა და ღვთისმშობლის ხატს შესთხოვდა, ვინ იცის - რას. მეგობრობდა ილია II ვერიკოსთან, ხშირად ესაუბრებოდა გარდაცვლილ შვილზე, მწყურვალივით ვეწაფები თქვენს სიტყვებსო, ეუბნებოდა თურმე პატრიარქს.
„…მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მიწიერი ცხოვრება ეტაპია. მთავარი იქაა, ჩვენი სამშობლო იქაა. დიდი საქართველო იქაა. მე შვილს ხშირად ვხედავ სიზმარში და მოვდივარ სიონში. მე მასთან კავშირი არ გამიწყვეტია. იცით, რა, ბატონო ილია, ცხოვრება სასტიკია...“
