93 წლის ასაკში საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცველებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის მოჭადრაკე და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილიც.
„მადლობით მინდა დავიწყო, უწმინდესო და უნეტარესო მადლობა თითოეული დღისთვის, გატარებული ფიქრში, რომ დაგეცვათ და გაგემტკიცებინათ ენა, მამული, სარწმუნოება. მადლობა ჩვენი ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების და ღირსების დაცვისთვის. მე მინდა თანავუგრძნო მთლიანად საქართველოს.
ჩვენი პატრიარქი ეპოქალური მოღვაწეა და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
ილია მეორეს განვლილი გზა
ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე.
ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით. 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში და 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება.