ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სათავეში თითქმის ნახევარი საუკუნის, 49 წლის მანძილზე ედგა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის, ანუ 1917 წლის შემდეგ, ილია მეორე ყველაზე დიდხანს იყო საპატრიარქო ტახტზე. დღეს საქართველო თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურას - კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ემშვიდობება - ის 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩემი ბიოგრაფია ძალიან მარტივია, ძალიან უბრალო. მე დავიბადე მორწმუნე ქრსტიანულ ოჯახში, ვარ ღუდუშაური, ეს არის უძველესი გვარი, რომელიც ცხოვრობდა ხევში.
გადმოცემით ვიცით, რომ მეხუთე საუკუნეში სნო ღუდუშაური მონათლულია მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ. შემდეგ, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, ჩვენი წინაპარი იყო შიოლა ღუდუშაური და მეც მისი შთამომავალი ვარ.
მამაჩემი, გიორგი ღუდუშაური ცხოვრობდა სოფელ სნოში, დედაჩემი წარმოშობით მთიული იყო, გვარად კობიძე“, - ამბობდა თავად ილია II.

ილია მეორე მრავალშვლიან ოჯახში გაიზარდა, ჰყავდა და-ძმები: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, ნინო. 3 წლის იყო, როცა მონათლეს და მეფე ერეკლეს პატივსაცემას ირაკლი დაარქვეს.
“მე მორწმუნე ოჯახი მყავდა. მახსოვს, ბავშვობიდან როგორ გვაჩვედნენ მშობლები ლოცვას. ჩვენს ოჯახში ასეთი წესი იყო, ყველა ვდგებოდით ხატების წინ, მამა ზეპირად კითხულობდა ძილის წინ ლოცვებს და გვასხურებდა ნაკურთ წყალს, შემდეგ ჩვენ ვიზინებდით, მამა კი აგრძელებდა ლოცვას.“
პატარა ირკლი შიოლაშვილი თურმე ბუნებაზე ყოფილა შეყვარებული - სუფლის მეურნეობაში ან ცხოველებთან მუშაობაზე ოცნებობდა.

„მინდოდა, ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი. რიგითი ადამიანი, ეს იყო ჩემი ოცნება. მიყვარდა ბუნება, ამ შესანიშნავ გარემოში ვიზრდებოდი. მიყვარდა პირუტყვი და ვფიქრობდი, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვიდოდი. ხანდახან მიტაცებდა მედიცინა, ვაგროვებდი რეცეპტებს, ხალხური მედიცინის დარგში”.
მომავალზე ფიქრობდა, მაგრამ სკოლაში სიხარულით არ დადიოდა, მეტიც, იხსენებდა, რომ არც თავად უყვარდა მასწავლებლები და არც მასწავლებლებს- ირაკლი. ამბობდა, რომ იყო ცელქი, ერთი შემთვევის გამო კი სკოლაში მისი მშობლებიც კი დაიბარეს - მობრძანდით თქვენი შვილის ბედის გადასაწყვეტადო: "მესამე კლაში ვიქნებოდი. ბედის გადასაწყვეტადო, ეწერა წერილში... ჩემი ბედი წყდება-მეთქი. ეს ბავშვისთვის ისეთი ტრავმა იყო, რომ ახლაც რომ მახსენდება, ცუდად ვხდები".
ბავშვობის წლები და-ძმასთან და ოჯახთან ერთად გაატარა. მათ შესახებ მოგონებაც ბევრი შემორჩა.
"ბავშვობაში ავდიოდით ღრმად ციხეზე, დედაჩემი ქადებს აცხობდა და აგვქონდა იქ, სანთელს ვანთებდით და ვიხსენებდით ჩვენს წინაპრებს. ჩემს ბავშვობაში აქ ბევრი იყო ხალხი და ახლა დაცოტავდა. როცა იყო გიორგობა, მთელი სახლი სავსე იყო მათხოვრებით, მამაჩემი არ ეძახდა დიდ ადამიანებს, მის მეგობრებს, ეძახდა მათხოვრებს. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა, მუსლიმანი ქისტები. ისინი მოდიოდნენ და მათ ჩამოსვლაზე მთელი ზეიმი გვქონდა. ჩემი მშობლები საუკეთესო ოთახში შლიდნენ ხალიჩებს, რომ მათ თავისებურად ელოცათ და ჩვენ მეორე ოთახში ვლოცულობდით ხატების წინაშე. მერე ერთად ვსხდებოდით მაგიდასთან. ხმამაღალი საუბარი ოჯახში არასდროს გამიგია".
ილია II -მ 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე სკოლა.1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში სწავლდა:
„მე დავამთავრე საშუალო სკოლა, შემდეგ შევედი სასუალიერო სემინარიაში, მოსკოვში. შემდეგ დავამთავრე სასულიერო აკადემია, ზაფხულობით, არდადეგებზე ყოველთვის ჩავდიოდი თბილისში. გადავწყვიტე, რომ უკვე დრო იყო, დამეწყო სასულიერო ცხოვრება, გავმხდარიყავი ბერი“.
1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, ეპისკოპოსმა ზინობმა ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცა და სახელად ილია უწოდა. 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ხელი დაასხა მას იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს კი პატრიარქ მელქისედეკ III-ის წერილობითი ნებართვით რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა ზაგორსკის წმიდა სერგის სავანის სატრაპეზოში იეროდიაკონი ილია მღვდელმონაზვნად აკურთხა.

„როცა სასულიერო სემინარიაში დავიწყე სწავლა, მქონდა სურვილი ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, საქართველოში სულ პატარა სოფელში მოძღვარი ვყოფილიყავი. ვოცნებობდი, რომ მიწაზე მეშრომა, როგორც შრომობს ხალხი”.
1967 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.
1977 წელს გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.
"მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო და სხვამ გააკეთოს უკეთესი. ორი სიტყვა შემიძლია ვთქვა - გწამდეთ და გიყვარდეთ. ეს თუ იქნება საქართველოში, საქართველო აუცილებლად გადარჩება“.
