მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე "ტვ პირველის" სტუმარი იყო, სადაც მან პატრიარქზე ისტორიები გაიხსენა.
თამრიკო ჭოხონელიძეს მოგონებები
"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვმეგობრობდით. ეს იყო 1989 წელს, როდესაც მე ვიყავი პირველი შვილი მოლოდინში. სიონში სწირავდა თავად პატრიარქი. ახლოს ვიდექი. როცა დამთავრდა წირვა, მინდოდა მასთან მისვლა და მინდოდა, რომ დაველოცე, თავზე ხელი გადაესვა, თუმცა ვერ შევბედე. ერთმა ქალმა, რომლის სახელიც არ ვიცი, მკლავებში მომკიდა ხელი და მითხრა, გადი, შვილო, წინ, შენ ყველაზე მეტად გჭირდება დალოცვაო. წამოვიდა ჩემკენ. სულ გავიყინე. ჩამეხუტა და მითხრა, ღირსეულ დედა-შვილობას გისურვებ, მითხარი შენი სახელი, მე ვილოცებ შენთვის. იყო გარკვეული სირთულეები და ეს ჩემთვის საყრდენი ფრაზა იყო. მაშინ არ მიცნობდა.
როდესაც გამოვიდა ფილმი „იავნანა“, ბატონმა ჯანსუღ კახიძემ მთხოვა, რომ „იავნანა“ სცენაზე შემესრულებინა. არ დამავიწყდება, რომ პატრიარქმა ცრემლი მოიწმინდა, როგორც კი სიმღერა დამთავრდა. როცა პატრიარქი ადგა, ადგა მთელი დარბაზი. ეს იყო შთამბეჭდავი წუთები. თავად მოისურვა, რომ ხშირი შეხვედრები გვქონოდა, იყო ხოლმე ზარები, რომ უწმინდესს უნდოდა, მივსულიყავი. მთხოვა, რომ მისთვის მემღერა. როცა მარიამი წამოიზარდა, პატრიარქმა დაიწყო საგალობლების წერა. „კირიე ელეისონ“ არ დაწერილა მარიამისთვის, რეგენტმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა მარიამი ამოარჩია შესასრულებლად. მერიდება იმის თქმა, როგორი აღფრთოვანება გამოიწვია მარიამის შესრულებამ პატრიარქის მხრიდან, ერთ-ერთი გალობა, დედა-შვილობის, ჩემთვის და მარიამისთვის შექმნა, რომელიც კონცერტზეც ვიმღერეთ. ვერ წარმოიდგინეთ, როგორ იყო ჩართული ამ პროცესში. თან, ჩვენთან ერთად მღეროდა, თან, ტიროდა. ძალიან ხშირად იხსენებდა თავის მშობლებს. ჩემთვის ეს იყო მაგალითი. მისგან მადლიერების გარდა არაფერი მოდიოდა. პატარა ბავშვივით ხდებოდა, როცა დედაზე საუბრობდა. საოცარი ადამიანი იყო მართლა. თავის ხასიათს, პრინციპულობას იცით, როგორ ავლენდა? იუმორის ფორმით. ამით დამთავრებული იყო ყველაფერი. იუმორის გრძნობა ჰქონდა იშვიათი, ძალიან ნატიფი, ფაქიზი. ისეთი ნიჭი ჰქონდა, რომ იტყოდა რაღაცას, სიცილ-კისკისი იყო.

არ შემიძლია, რომ გამორჩეულად არ აღვნიშნო ის ნიჭი, რასაც ჰქვია ნდობის გამოცხადება და გამორჩევა მისი მხრიდან. თუნდაც ის, რომ ამდენი საგალობელი გვანდო ჩვენ. შენ როგორც გინდა, ისე გააკეთე - აბა, ჯერ შენ გააკეთე, ასე მეტყოდა ხოლმე.
გაგიკვირდებათ და „ბითლზსაც“ უსმენდა, უყვარდა კლასიკური მუსიკა. მრავალმხრივი ადამიანი იყო და მრავალფეროვნებას ამაშიც ამჟღავნებდა. ღირებულებებს იაზრებდა და თავადაც ამკვიდრებდა, იყო ძალიან განათლებული და ღრმად ერუდირებული ადამიანი. კულტურასთან მიმართებაში არ შეიძლება, არ აღინიშნოს მისი ძალიან დიდი დამსახურება…ზომიერი ადამიანი იყო მოთმენაში, მისი მადლიერი ვარ, მე მან მასწავლა მოთმენა. მე მასთან მიტირია კიდეც და ყოველთვის მშვიდად მეუბნრბოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. “