გვანცა დარასელიამ საკუთარი იუთუბ არხის ფარგლებში საკუთარ ბავშვობაში ამოგზაურა მაყურებელი. მან გაიხსენა ბავშვობა, ბავშვობის წლები, თუ როგორ ცხოვრობდა და როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბაბუასთან.
"ბაღი დავასრულე თიანეთში და შემდეგ გადმოვედი თბილისში, მახსოვს თბილისში როცა გადმოვედით, ერთი ოთახი გვქონდა, სადაც იდგა ორსართულიანი საწოლი და ასე დაიწყო ჩემი თბილისური ცხოვრება. ცოტა შესაძლებლობები როდესაც მოგვეცა, ამ ბინაში მოვაშენეთ ორი ოთახი. მოშენების შემდეგ, მახსოვს, რომ მალევე ვერ გავარემონტეთ, ერთ დილით მაღვიძებს ბალიშის სისველე. ჩამოვიდა წყალი ამ მოშენებულში და ყველაფერი, საწოლიდან დაწყებული, წიგნებით დამთავრებული, სველი იყო. ეგ დღე კარგად მახსოვს, ოთახიდან გამოვედი და დედას ვეძახდი - "დე დავსველდი".
დაოჯახებული ვიყავი, როდესაც პაპა გარდაიცვალა. ბევრს უკვირს პაპას რომ ვეძახით, რადგან მეგრელი იყო, ალბათ თიანეთის გავლენაც იგრძნობოდა. პაპა 2013 წელს გარდაიცვალა, თითქოს ჩემი ნაწილი წაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს ვიყავით, ვერ მოვასწარი ადამიანის ახლოდან გაცნობა. როცა ხარ პატარა, ის არის ბაბუა, ძალიან გიყვარს, მაგრამ ადამიანი კარგად რომ შეიცნო, ამას მხოლოდ დიდობაში ახერხებ. ცხოვრებაში არავისი არ მეშინოდა ბაბუაჩემის გარდა. ისეთი პერიოდი იყო, რომ დაგვდევდნენ ჟურნალისტები მე და ვახოს. არ გვსურდა ურთიერთობის გამხელა და ეს ყველაფერი დაიწერა ჟურნალში. მე ძალიან განვიცადე, ასე რომ გაიგო, მაგრამ შემდეგ ძალიან შეუყვარდა ვახო," - ამბობს გვანცა
"ნინას, დიდ ბებიას, შენ ძალიან მოსწონდი, ამბობდა ძალიან მოწესრიგებულია, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენსო. ბაბუა გვანცაზე გაბრაზებული იყო, რადგან შეყვარებული რომ ჰყავდა, ტელევიზორიდან გაიგო. გვანცა ისე უყვარდა, რომ ყველაფერს აპატიებდა," - ამბობს გვანცას ბებია.
გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა.
"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.
ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. გვანცამ ცოტახნის წინ იუთუბ არხიც შექმნა, რომელსაც "Gvantsa's Podcast" ჰქვია.
"ჩემმა ოჯახმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეძლო და პრაღაში ქართული რესტორანი გახსნა. ძალიან დიდი შრომა და რესურსი ჩაიდო ამ საქმეში. ჩვენმა მონდომებამ გაამართლა და ეს ძალიან გვახარებს. ამ საქმით ჩემმა მეუღლემ აიხდინა თავისი დიდი ოცნება. ჩვენ ორივე ვითარდებით ცალ-ცალკეც და ერთადაც. ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ერთმანეთის ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ. გვაქვს ერთობლივი მიზნები, რომლებიც გვინდა განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი საქმის გამო გარკვეული ნაწილი ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა", - ამბობდა გვანცა დარასელია.
გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.