"როცა გამიბრაზდებოდა მეტყოდა - "შენი კნავილი არავის უნდა, პატიოსანი ადამიანი იყავი, ამის მეტს არაფერს არ წაიღებ ამ ქვეყნიდან" - ნანი ბრეგვაძის მოგონებები - Marao

"როცა გამიბრაზდებოდა მეტყოდა - "შენი კნავილი არავის უნდა, პატიოსანი ადამიანი იყავი, ამის მეტს არაფერს არ წაიღებ ამ ქვეყნიდან" - ნანი ბრეგვაძის მოგონებები

2026-03-28 16:16:36+04:00

ნანი ბრეგვაძემ გადაცემა "დროების" ფარგლებში საკუთარი ბავშვობა და მშობლებთან დაკავშირებული მოგონებები გაიხსენა. მომღერლის თქმით მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. 

"ძალიან განებივრებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ ჩარჩოებში ვიყავი. დედაჩემი მიბრაზდებოდა და მსჯიდა კიდევაც. პრინციპში სწორად მზრდიდა. პატარა, როცა ვიყავი ვბრაზდებოდი. ამ დროს კოტე აფხაზის ქუჩაზე ვცხოვრობდით, 14 წლის ვიყავი, როცა გრიბოედოვის ქუჩაზე გადმოვედით. ამ დროიდან იწყება ჩემი ცხოვრების ულამაზესი პერიოდი. სკოლა დავამთავრე, კონსერვატორიაში ჩავაბარე, საინტერესო ცხოვრება დამეწყო და რაც მთავარია არაჩვეულებრივი მეგობრები მყავდა. 

ერთ-ერთი ჩემი დეიდა იყო ორდენოსანი, საოცრად მღეროდა. მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ იფიქრებდი, რომ ძალიან კარგი პედაგოგის ხელში გაიზარდა. დეიდაჩემი სულ მღეროდა სახლში. დაოჯახების შემდეგ სცენაზე გასვლა ძალიან სათაკილო ამბავი იყო. სცენაზე თუ გადიოდი არ იყავი წესიერი ქალი.  დედაჩემის დამსახურებაა, რომ სცენაზე ვიდექი, არც ჩემი ოჯახის წევრები და პედაგოგი არ მიშვებდნენ სცენაზე. 

მუსიკა დავიწყე ფორტეპიანოთი, სიმღერაზე არც მიფიქრია. "ორერაში" სიმღერა არც გამიფიქრებია. 

დედამ კერვა ისწავლა, საშუალება რომ არ იყო ყოველთვის საკუთარი ხელით მიკერავდა სამოსს. ულამაზესი ზოლებიანი სვიტერი მქონდა. ის როცა გამეხა, მახსოვს გადაჭრა და ულამაზესი ხელთათმანები და შარფი გამიკეთა. დედაჩემი ძალიან ნიჭიერი ქალი იყო, მას შვიდწლედიც ჰქონდა დამთავრებული. ძალიან კრიტიკული ქალი იყო. მამაჩემი იყო ანგელოზის ხასიათის, ძალიან თბილი. რაჭველი კაცები ძალიან რბილი ხასიათის არიან. მე არ მახსოვს მამაჩემს ჩემთვის რაიმე შენიშვნა ეთქვა. მამაჩემმა დიდ ხანს იცოცხლა. დედა, როცა დავკარგე დავრჩი ჩამოკიდებული. დედასთან ძალიან ვმეგობრობდი. როცა გამიბრაზდებოდა მეტყოდა - "შენი კნავილი არავის უნდა, პატიოსანი ადამიანი იყავი, ამის მეტს არაფერს არ წაიღებ ამ ქვეყნიდან". 

nani-bregvadze

  • „ნანი, რა სისულელეებს მელაპარაკებიო, ჭკუას მასწავლიდა..." - ნანი ბრეგვაძის გულახდილი ინტერვიუ 

ნანი ბრეგვაძის ოჯახი

ნანი ბრეგვაძე მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის, ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. სახლში თითქმის ყველა მღეროდა, ამიტომ მუსიკალური ნიჭი ნანის მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი  დედა იყო. სწორედ მისი რჩევით შექმნა ოჯახი ნანი ბრეგვაძემ. თავად მუსიკოსი აღნიშნავდა, რომ დედას მის ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდი ადგილი და მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად დაოჯახება არ სურდა, დედის ნებას მაინც დაჰყვა და მერაბ მამალაძეზე იქორწინა.

დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო.

  • "გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა - ის კი ცოლიანი იყო" - უცნობი ამბავი და ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ 

როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია.

ნანი ბრეგვაძე იხსენებდა, რომ მისი პირველი სიყვარული სოფიკო ჭიაურელის ძმა იყო:

"გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ყველამ იცოდა ამის შესახებ. ის კი ცოლიანი იყო. ვგიჟდებოდი მასზე. შემდეგ გავთხოვდი, განვქორწინდი... ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა... ძალიან მუსიკალური იყო, ღმერთმა მიბოძა ეს სიყვარული... ჩვენთან სახლშიც მოდიოდა, თუმცა დედას ის არ მოსწონდა ჩემთვის, როგორც ქმარი..." - ამბობდა მომღერალი ინტერვიუში.

სოფიკო ჭიაურელს ორი ძმა ჰყავდა - ოთარ და რამაზ ჭიაურელები. ორივე ძმა რეჟისორი იყო. ოთარ ჭიაურელი 1966 წელს 49 წლის ასაკში, ხოლო რამაზ ჭიაურელი 1975 წელს 48 წლისა გარდაიცვალა.