"ერთმა ადამიანმა რამდენის მშობლობა შეძელით" - თიკა ფაცაცია პატრიარქს ემშვიდობება - Marao

"ერთმა ადამიანმა რამდენის მშობლობა შეძელით" - თიკა ფაცაცია პატრიარქს ემშვიდობება

2026-03-23 10:14:44+04:00

22 მარტს საქართველო კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს დაემშვიდობა. პატრიარქი უკანასკნელ გზაზე ათიათასობით ადამიანმა გააცილა, უამრავმა ადამიანმა კი საკუთარი სათქმელი სოციალური ქსელით გააზიარა. ერთ-ერთი ტელეწამყვანი თიკა ფაცაციაც იყო. თიკა ფაცაციას უმცროსი შვილის ნათლია ილია მეორეა.

"რაღაც საოცრად ნაცნობი და მშობლიური იყო მასში, მისი ხმა, ზოგჯერ გაბზარულიც, ყვრიმალები, თვალები, მისი მზერა, სათნო და სანდო ბგერა, მისი ტემბრი, მზრუნველი და მიმტევებელი სიტყვა, მისი ძალა, სიბრძნე და გონიერება, ჩვენია, ჩვეულია და საყვარელია ჩვენთვის, მშობლიურია, ამიტომაცაა ასეთი მტკივნეული მასთან განშორება. მიყვარხართ თქვენო უწმინდესობავ. ერთმა ადამიანმა რამდენის მშობლობა შეძელით" - წერს თიკა ფაცაცია

ilia-meore

  • "უწმინდესო და უნეტარესო, მადლობა თითოეული დღისთვის, გატარებული ფიქრში, რომ დაგეცვათ და გაგემტკიცებინათ ენა, მამული, სარწმუნოება"- ნონა გაფრინდაშვილი ილია მეორეზე 

ილია მეორეს განვლილი გზა

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე.

ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით. 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში და 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

 ilia-meore

  • "პატრიარქის უკანასკნელი ნათლული - რეზი არველაძე" - რას წერს ქეთი წიქვაძე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ 

1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება.

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები. 1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები.

1989 წლის აპრილში თბილისში ადგილი ჰქონდა საპროტესტო მოვლენებს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეებთან მივიდა და მათ სიტყვით მიმართა ილია II-მ. 9 აპრილს ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენებელი პირველი პანაშვიდი გადაიხადა.

  • „ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება...“ - ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან 

ilia-meore

  • "მქონდა სურვილი ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, საქართველოში სულ პატარა სოფელში მოძღვარი გავმხდარიყავი" - ილია II-ის განვლილი გზა - მშობლები, და-ძმა, მოგონებები და ოცნებები 

ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლისღება დაიგეგმა. ეს იდეა ილია II-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გააჟღერა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა, ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.

2017 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საღმრთო ლიტურღია აღავლინა. მის დაწყებამდე პატრიარქმა საზოგადოებისა და წმინდა სინოდის წევრთათვის მოულოდნელად წაიკითხა მისივე ხელით და პირადი ბეჭდით დამოწმებული ბრძანება, რის საფუძველზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.

2026 წლის 16 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე თავდაპირველად ჩაფიძის კლინიკაში, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა 93 წლის ასაკში. ილია მეორე ტიტულს 49 წელი იკავებდა, რაც რეკორდულია, ვინაიდან სხვა არცერთ კათოლიკოს-პატრიარქს არ ჰქონია შესაძლებლობა ამ დროის მანძილზე ემართა ეკლესია. მხოლოდ აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი გრიგოლ ლორთქიფანიძე მართავდა ეკლესიას 46 წლის განმავლობაში.

ილია მეორე 22 მარტს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს.