პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მასზე არაერთი აქამდე უთქმელი ისტორია მოვისმინეთ. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში კახი კავსაძის ძმის, იმერი კავსაძის ინტერვიუ ვნახეთ, რომელიც კახის და პატრიარქის შეხვედრას იხსენებდა, მისი თქმით პატრიარქმა კახის ცხოვრებაში სასწაული მოახდინა.
"კახის როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა სამკურნალოდ გერმანიაში დადიოდა. წასვლამდე ყოველთვის საქართველოში იტარებდა ექოსკოპიას. ერთხელაც, ძველით ახალი წლის ღამეს, როცა ექოსკოპია გაიკეთა, საშინელი სურათი ამოვიდა, ამის გამო კახიმ გადაწყვიტა პატრიარქთან მისულიყო. უწმინდესმა მიიღო, თან სატრაპეზოდ ემზადებოდნენ, რადგან ძველით ახალი წელი შემოდიოდა. ამ დროს უწმინდესმა შეკრებილებს მოახსენა - "ბატონი კახი დღეს მიბრძანდება და ჩვენ უნდა დავლოცოთ". პატრიარქმა დალოცა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
მეორე დღეს კახი გაფრინდა გერმანიაში, იქ ჩასულს პროფესორი პირველ რიგში ეკითხებოდა - "აბა, რა ჩამოიტანე?". კახი ამბობდა, ექიმმა სურათს როცა დახედა, კაცი გაშავდაო. გააგრძელეს მკურნალობა, ერთ დღესაც სტანდარტული პროცედურა, რომელიც ძალიან სწრაფად სრულდება, დიდ ხანს გაგრძელდა. ექიმმა ექიმთა ჯგუფი მოიხმო და გაოგნდა, კახის ჰკითხა, ის სურათი როდის იყო გადაღებული, რადგან არაფერი აღარ ჩანდა. უწმინდესმა სასწაული მოახდინა, ღმერთმა დაადო ხელი მისი სიტყვებით. ეს არ ხდება ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ამას ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გააკეთებს," - ამბობს იმერი კავსაძე.
დაიბადა თბილისში. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე, 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს, საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.
კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი 1950–იან წლებში შედგა. არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).

აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).
2008 წლის 23 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.
2013 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი კახი კავსაძის შესახებ — „ნეტავი იქ თეატრი არის?!“.
2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით დააწვინეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დეკემბერში გაუმჯობესდა და მან საავადმყოფო გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
თებერვალში კავსაძე კვლავ დააწვინეს კლინიკაში. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებდა, რომ კავსაძემ კორონავირუსი წარმატებით დაამარცხა და მისი შეფასებით, მდგომარეობა ქრონიკულ პათოლოგიას უკავშირდებოდა. გარდაიცვალა 2021 წლის 27 აპრილს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სამოქალაქო პანაშვიდი 3 დღის განმავლობაში, რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით.