მართლმადიდებელმა ქართველებმა უკანასკნელი გზით გააცილეს მხცოვანი პატრიარქი - ამ სათაურით გავლენიანი ინგლისური გამოცემა Reuters ჟურნალისტი ლუსი პაპაქრისტუს სტატიას აქვეყნებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას ეხმაურება.
ილია II 17 მარტს კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, ასაკისა და სხვა გართულებების გამო, პატრიარქის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა.
სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მოსული ადამიანების რიგი 6 დღის მანძილზე კილომეტრებს ითვლიდა - მის უკანასკნელ სამყოფელში გასაცილებლად ქუჩაში გამოსულმა ქართველებმა თბილისის ცენტრალური ქუჩები სრულად შეავსეს. არავინ იცის, ზუსტად რამდენი ადამიანი გააერთიანა ამ დიდმა ტრაგედიამ, რომელიც ბევრმა ეპოქის დასასრულადაც შეაფასა, მაგრამ ფაქტი ერთია - სიჩუმე, რომელმაც სულიერი მამის დაკარგვის შემდეგ საქართველოში დაისადგურა, იმდენად ხმამაღალი აღმოჩნდა, რომ საზღვრებსაც გასცდა.
რას წერს უცხოური მედია ილია II-ის შესახებ
აი, რას წერს Reuters 22 მარტისა და ილია II-ის გარდაცვალების შესახებ [სტატიას გთავაზობთ უცვლელად]:
თბილისი, 22 მარტი (Reuters) - კვირას, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მართლმადიდებელ ქრისტიანთა დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი, რათა პატივი მიეგოთ ილია II-ის ხსოვნისთვის - სულიერი ლიდერისა, რომელიც საქართველოს ხშირად ტურბულენტური ისტორიის განმავლობაში, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე უძღვებოდა ეკლესიას.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი, სამშაბათს, 93 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მან ამ უპირატესად მართლმადიდებლურ ქვეყანაში პატრიარქის ტახტზე 49 წელი დაჰყო.
„ის იყო მეგობარი, ის იყო მამა, ის იყო ლიდერი“, - თქვა ერთ-ერთმა მგლოვიარემ, ნინო ქაჯაიამ. „ეს ერთი ეპოქის დასასრულია“. ყველა ასაკის ქართველები, ზოგი ყვავილებითა და სანთლებით ხელში, თბილისში, მტკვრის სანაპიროზე შეიკრიბნენ, რათა უკანასკნელი გზით გაეცილებინათ ილია II, როდესაც სამგლოვიარო პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ მიემართებოდა, სადაც პატრიარქი დაკრძალეს.
ბევრი ტიროდა და ტაშს უკრავდა, როდესაც მანქანამ მისი კუბოთი ჩაიარა, და გაჰყვიროდნენ: „გვიყვარხართ, პატრიარქო!“
საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნის დასაწყისში მიიღო და დღემდე ღრმად მორწმუნე ქვეყნად რჩება. ილია II პატრიარქი 1977 წელს გახდა და ეკლესიას საბჭოთა პერიოდისა და 1990-იანი წლების სამოქალაქო ომების დროსაც წინამძღოლობდა.
„ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელმაც 49 წლის განმავლობაში შეძლო ერის გაერთიანება“, - განაცხადა ექიმმა გიგა თუთბერიძემ.

