სრული მარტოობიდან დაწყებული წერა - მარგერიტ დიურასი პალიტრა L-ის ახალ სერიაში "სკრიპტორიუმი" - Marao

სრული მარტოობიდან დაწყებული წერა - მარგერიტ დიურასი პალიტრა L-ის ახალ სერიაში "სკრიპტორიუმი"

2026-03-23 15:07:04+04:00

პირველი მარტოობისას აღმოვაჩინე, რომ წერა საჩემო საქმე იყოო, წერს მარგერიტ დიურასი, ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი და სცენარისტი. სწორედ პირველი მარტოობიდან იწყება მისი მრავალწლიანი კარიერა, რომელიც ფრანგული და არა მარტო ფრანგული, მსოფლიო ლიტერატურისთვის მნიშვნელოვან ტექსტებს მოიცავდა; ტექსტებს, რომელთაც დღემდე არ დაუკარგავთ თავიანთი გავლენა.

ვინ იდგა ცნობილი წიგნების მიღმა? სად იწერებოდა რომანები, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთეში კითხულობდნენ? ვინ იყო მარგერიტ დიურასი, მშრალი ბიოგრაფიული ცნობების მიღმა? 

მისი ერთ-ერთი უკანასკნელი წიგნი, „წერა“, რომელიც რამდენიმე ესესგან შედგება, სწორედ ამ შეკითხვების პასუხად იკითხება; პასუხად, რომელიც როგორც დიურასის მოყვარულ, ისე ნებისმიერ ცნობისმოყვარე მკითხველს დააინტერესებს. ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია, როგორ და სად იქმნება ლიტერატურა და რა რჩება მისი ყურადღების მიღმა, როცა მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს.

diurasi  

გამომცემლობა პალიტრა L-ის სერია „სკრიპტორიუმი“, რომელიც პირველად გასულ წელს, წიგნის ფესტივალზე წარადგინეს, გრძელდება. ამჯერად ქართველი მკითხველებისთვის პირველად ითარგმნა და გამოიცა მარგერიტ დიურასის ესეების კრებული, რომელშიც მწერალი საკუთარი სახლის კარს აღებს მკითხველისთვის და ჰყვება, როგორ ჩამოყალიბდა მწერლად.

“სიმარტოვეს არ პოულობ, მას თავად ქმნი. მარტოობა თავისით იქმნება. ის თავად შევქმენი. თავად გადავწყვიტე, რომ აქ მარტო უნდა ვყოფილიყავი და მარტოს უნდა მეწერა წიგნები. ეს ასე მოხდა. ამ სახლში ვიყავი გამოკეტილი. გამოვიკეტე და, რასაკვირველია, მეშინოდა. მერე კი შემიყვარდა. აქაურობა წერის სახლად ვაქციე”, წერს დიურასი და თავისი ესეს მთავარ გმირად მარტოობას, საკუთარ ოთახსა და, რა თქმა უნდა, ლიტერატურის სიყვარულს აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ, მისი აზრით, შეუძლებელია, ახსნა, რატომ ვწერთ, დიურასი ორი მნიშვნელოვანი რამის გამოყოფას ახერხებს საკუთარი გამოცდილებიდან: მარტოობისა და ეჭვის აუცილებლობის.

“ორმოში, ორმოს ფსკერზე, ლამის სრულ მარტოობაში უნდა იმყოფებოდეთ და მიხვდეთ, რომ მხოლოდ წერა გადაგარჩენთ. წიგნის უსიუჟეტოდ, წიგნის უიდეოდ იყოთ და წიგნის წინ აღმოჩნდეთ. უსასრულო სიცარიელის. შესაძლო, სავარაუდო წიგნის.”

სწორედ ასეთი სრული, აბსოლუტური მარტოობიდან იბადება წიგნი, რომელიც დასაწყისში თავად ავტორისთვისაც კი შეიძლება გამოუცნობი იყოს. თუმცა მხოლოდ ამგვარი განმარტოებიდან და განცალკევებიდან დაბადებული წიგნი შეიძლება იქცეს ნამდვილ ლიტერატურად.

მკითხველი, რომელიც დიურასის ამ ძალიან გულწრფელ, აღსარებით წიგნს გადაშლის, აუცილებლად დახატავს წარმოსახვაში ოთხას კვადრატულმეტრიან სახლში, გვიან ღამით მარტო დარჩენილ ქალს, რომელიც მორიგ ტექსტზე მუშაობს, მორიგ დაუვიწყარ სინამდვილეს ქმნის და წერს სასოწარკვეთილების გამო ან სასოწარკვეთილების მიუხედავად. 

ეს უკიდურესად პირადი ჩანაწერები ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია მწერლობაზე, შეულამაზებლად და დაუფარავად უჩვენებს მწერლის ცხოვრების იმ ნაწილს, რომელიც მკითხველებისგან გამუდმებით დაფარული რჩება; და მე მგონია, რომ შთააგონებს კიდეც - უბიძგებს, რომ განმარტოვდეს, მოიკრიბოს სიმამაცე და დაიწყოს საკუთარი წიგნის წერა.

R