ბოლო დღეებია პატრიარქის შესახებ არაერთი აქამდე უთქმელი ამბავი მოვისმინეთ. ყველას თავისი წილი პატრიარქი ჰყავდა ცხოვრებაში. მსახიობი ეკა ქუთათელაძე "დილის პალიტრის" ეთერში პატრიარქთან დაკავშირებულ ყველა ძვირფას მოგონებას იხსენებს. ეკას მეუღლე მღვდელი ნიკოლოზი იყო და მას ხშირად ჰქონდა პატრიარქთან გადაკვეთა.
"ჩემი 13 შვილიშვილიდან შვიდი პატრიარქის ნათლულია. ჩვენთვის ყოველი ნათლობა ნამდვილი დღესასწაული იყო, რადგან უწმინდესთან ურთიერთობის კიდევ ერთი შესაძლებლობა გვეძლეოდა. გარდა ამისა, ჩემი მეუღლე სასულიერო პირი გახლდათ. მისი კურთხევის შემდეგ ჩვენს ოჯახსა და პატრიარქს შორის განსაკუთრებული, თბილი და ოჯახური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა - ის ჩვენთვის ბაბუა და მამასავით იყო.
ჩემი ორივე ვაჟი პატრიარქის სტიქაროსანი იყო: უფროსი - 19 წლის არჩილი და უმცროსი - 5 წლის ალექსანდრე. პატრიარქს გამორჩეულად უყვარდა ალექსანდრე, რომელსაც თმა მუდამ აჩეჩილი ჰქონდა. როდესაც სიონში დილის წირვა ტარდებოდა, სთხოვდნენ ხოლმე, რომ პატრიარქს ალექსანდრე დახვედროდა, რადგან მისი დანახვა უწმინდესს ყოველთვის კარგ განწყობაზე აყენებდა. ალექსანდრეც ლანგარზე დასვენებული ჯვრით ხელში ხვდებოდა, პატრიარქი კი ღიმილით გადაუსვამდა თავზე ხელს და ტაძარში ღიმილიანი სახით შედიოდა.

ამაღლების ტაძარში, როცა გადაიყვანეს ჩემი მეუღლე პატრიარქი, ამაღლების დღესასწაულზე ყოველთვის ამოდიოდა ტაძარში. ერთ-ერთი წირვის დროს გამოვიდა პატრიარქი და თქვა - "დღეს მე უნდა დავაჯილდოო მამა ნიკოლოზი". ეს იმდენად მოულოდნელი იყო, არავინ არ ელოდა. პატრიარქმა მოიხსნა საკუთარი ჯვარი და ჩემს მეუღლეს, მამა ნიკოლოზს დაკიდა.

ჩემი მეუღლე მოჰყვა ავარიაში, ძალიან ცუდად იყო. მღვდლებმა პატრიარქს გააგებინეს, საავადმყოფოში ატყდა ჩოჩქოლი და მობრძანდა პატრიარქი. მან მოგვიტანა წმინდა გიორგის მირონმდინარე ხატი, ამ ხატს ახლაც ატყვია მირონის წერტილები. ამის შემდეგ ჩემი მეუღლე კარგად გახდა და მეორე დღეს სახლშიც გამოგვწერეს.
ჩემი მეუღლე, როცა გარდაიცვალა, მაშინ მობრძანდა პატრიარქი. ამაღლების დღესასწაულზე ტაძარშიც მივიდა უწმინდესი, მაშინ თვითონაც უძლური იყო, საფლავზე მოვიდა და თქვა - "წავიდა ჩვენი სიყვარულის მამა".
მე მქონდა შინაგანი ბრძოლა, რადგან მსახიობი ვიყავი. რას იტყვის მრევლი. მღვდელი და მისი ცოლი მსახიობია. გაორება მქონდა და ერთხელაც პატრიარქმა დამიბარა და მითხრა "შენ ვინმე რამეს გიშლის? რატომ გაქვს გაორება. შენ შენს საქმეს კარგად აკეთებ, შენ ცუდ რამეს გააკეთებ? აბა რატომ არ გინდა ისევ იდგე სცენაზე და სიყვარულით ემსახურო ხალხს?". მე არასდროს მითქვამს, მაგრამ ალბათ თვითონ გრძნობდა ჩემს შინაგან განწყობას.
პატრიარქი ყველასი იყო, ყველასთან პოულობდა საერთოს. ბავშვთან ბავშვი იყო, უფროსთან უფროსი იყო, მოხუცთან მოხუცი იყო. სიონის კიბეებთან ხშირად ისხდნენ და თხოულობდნენ მოწყალებას. პატრიარქი ყოველთვის ყველას თანაბრად დაურიგებდა მოწყალებას.
ერთხელ პატრიარქმა დამიბარა და მითხრა - "შენ შეგიძლია გააკეთო ასეთი სცენარი, დასაბამიდან დღემდე, საქართველოს ისტორიის მიხედვით?". გამიხარდა, სტიმული მომეცა. ყველას სურვილი გვაქვს პატრიარქს თავი მოვაწონოთ. დავწერე "დასაბამიდან დღემდე", სადაც პატრიარქის ეპისტოლეებიდანაც არის ამონარიდები გამოყენებული. თუმცა მაშინ ვერ მოვახეხეთ გაკეთება და ახლა უკვე ჩემს სტუდენტებთან ვაპირებ დაწყებას." - ამბობს ეკა ქუთათელიძე "დილის პალიტრის" ეთერში.