5 რომანი ეპოქალური რომანი ქალები მწერლებისგან, რომელიც თაობებს შთააგონებს - Marao

5 რომანი ეპოქალური რომანი ქალები მწერლებისგან, რომელიც თაობებს შთააგონებს

2026-03-24 12:35:30+04:00

მსოფლიო ლიტერატურის საგანძური ინახავს ქალების შესახებ დაწერილ ბევრ ამაღელვებელ ისტორიას, რომლებზეც სხვადასხვა თაობის მკითხველი გაიზარდა, გახდა რეჟისორთა და თანამედროვე ავტორთა შთაგონება, კვლავაც ითარგმნება და გამოიცემა სხვადასხვა ენაზე. 

ეს რომანები ეხება თემებს, რომელიც ყველა ეპოქის მკითხველისთვის საინტერესო და აქტუალურია და რომელიც მუდმივად არის მსჯელობის საგანი. ამასთან, კონკრეტული პერიოდის ადამიანის ყოფა-ცხოვრებას, ჩვევებს, პრობლემებსა და არქეტიპს.

„ბიბლუსი“ გიყვებათ სწორედ ასეთ წიგნებზე, რომლებიც თქვენი ბიბლიოთეკისთვის ძვირფასი შენაძენი გახდება:

  • აგნეს გრეი - ენ ბრონტე

ენ ბრონტე მე-19 საუკუნის ინგლისელი პროზაიკოსი და პოეტია. იგი ღარიბი ირლანდიელი მღვდლის, პატრიკ ბრონტეს ქალიშვილი იყო. ცხოვრების დიდი ნაწილი შინ, თავის ოჯახთან გაატარა და შექმნა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომლებიც დღეს კლასიკად არის მიჩნეული. 

პოემების პირველი კრებული მან უფროს დებთან ერთად გამოქვეყნდა, 1846 წელს, სადაც მოხსენიებული იყო ფსევდონიმით - Action Bell. პირველი რომანი „აგნეს გრეი“ კი „ქარიშხლიან უღელტეხილთან“ ერთად 1847 წელს დაიბეჭდა. მისი რიგით მეორე რომანია „მდგუმარ უაილდფელ-ჰოლში“. წიგნი 1848 წელს გამოიცა და იმ დროისთვის ერთ-ერთ მკაფიოდ ფემინისტურ ნამუშევრად მიიჩნევა.  

მწერლის პირველ რომანში -  „აგნეს გრეი“ მოთხრობილია ახალგაზრდა ქალზე, რომელიც კარჩაკეტილ ცხოვრებასთან დამშვიდობებასა და სამყაროს გაცნობას მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მისი ოჯახი მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდება. 

აგნესი განათლებული და კარგად აღზრდილი ქალია, მიჩნია, რომ რომელიმე მდიდარი ოჯახის გუვერნანტობას კარგად გაართმევს თავს. ქალი ემშვიდობება ოჯახს და იმედებით აღსავსე მიემგზავრება სამსახურის დასაწყებად. მალევე აღმოაჩენს, რომ სამყარო ისეთი არაა, როგორიც წარმოედგინა, შეხვდება ბევრი წინააღმდეგობა და ბევრი ადამიანი, რომელიც უკანასკნელ იმედებს დაუმსხვრევს.

შეიძლება ითქვას, რომ რომანი ენ ბრონტეს ცხოვრების გამოძახილია, რადგან მწერალი ახალგაზრდობაში თავადაც მუშაობდა გუვერნანტად და ხშირად სწერდა ხოლმე თავის ოჯახს წერილებს სირთულეებისა და ცხოვრებისეული აღმოჩენების შესახებ. 

  • ვირჯინია ვულფი - ჯეიკობის ოთახი

ადელაინ ვირჯინია ვულფი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოდერნისტი მწერალი და ფემინისტია. მისი ცხოვრება ისეთივე კომპლექსური და მრავალშრიანი იყო, როგორიც მისი შემოქმედება. 

მწერალი ლონდონში, შეძლებული ინტელექტუალების ოჯახში დაიბადა. მწერალმა ბავშვობაში მძიმე ემოციური ტრავმები მიიღო - გარდაეცვალა დედა, მამა და საყვარელი ძმა, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მამის გარდაცვალების შემდეგ  ვირჯინია და მისი და-ძმები საცხოვრებლად გადავიდნენ ბლუმსბერის უბანში, სადაც ინტელექტუალების, მხატვრებისა და მწერლების წრე ჩამოყალიბდა. ბლუმსბერის ინტელექტუალთა საზოგადოება იმ დროისთვის რევოლუციური და ლიბერალური ხედვების გავრცელებასა და განვითარებას ცდილობდა. 

მწერალი მეოცე საუკუნის დასაწყისში ცოლად გაჰყვა ლეონარდ ვულფს, რომელთან ერთადაც დააფუძნა გამომცემლობა Hogarth Press და გამოცემაში საკუთარ ნაწარმოებებს ყოველგვარი ცენზურის გარეშე აქვეყნებდა. 

„ჯეიკობის ოთახი“, რომელიც 1922 წელს გამოიცა მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, გარდამტეხი ნაწარმოებია. 

მწერალი რომანით დაშორდა ტრადიციულ თხრობას და „ცნობიერების ნაკადით“ დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება. ამავე წელს არის სრულად გამოცემული ჯეიმზ ჯოისის „ულისეც“, რომელიც მანამდე ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ჟურნალებში და ის „ცნობიერების ნაკადის“ ტექნიკის მწვერვალად მიიჩნევა. 

„ჯეიკობის ოთახი“ ერთდროულად არის და თან არ არის ჯეიკობ ფლანდერსის შესახებ. ყმაწვილი, რომელიც კემბრიჯში მიემგზავრება, ბოლოს, ზრდასრული კაცი, რომელიც მოგზაურობისას ეძებს საკუთარ თავს - ყველა ამ სახეს, თითოეულ ამ ეპიზოდს პროტაგონისტის ცხოვრებიდან, თითქოს ყოველთვის აკლია რაღაც - ყველაზე მთავარი, მაგრამ ამოუხსნელი და დაფარული. დროდადრო მთხრობელი ცდილობს, სხვების, დამკვირვებლების პერსპექტივას დააღწიოს თავი და ობიექტურად შეაფასოს ჯეიკობი.

  • ინგებორგ ბახმანი - მალინა

ინგებორგ ბახმანი გავლენიანი ავსტრიელი პოეტი და მწერალია, რომლის გერმანულენოვანი შემოქმედებაც არაერთ ენაზე ითარგმნა. მისი ნაწარმოებები ეხება ომისშემდგომი ევროპის ტრავმებს, ქალის იდენტობასა და ენობრივი საზღვრების ძიებას. 

ავტორს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა მარტინ ჰაიდეგერის ეგზისტენციალიზმს. ლუდვიგ ვიტგენშტაინის იდეები ენის შესახებ კი მთელს მის შემოქმედებას გასდევს. 

ინგებორგ ბახმანს რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა, რაც მის შემოქმედებაშიც აისახა. მისი რომანი „მალინა“ დღეს მოდერნისტული ლიტერატურის შედევრადაა აღიარებული. რომანი 1971 წელს გამოიცა და მკითხველთა განსაკუთრებული ყურადღება მაშინვე მიიპყრო არაორდინარული თხრობის სტილისა და სიუჟეტის გამო. ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, რომლის სიუჟეტი  სასიყვარულო სამკუთხედის გარშემო ტრიალებს. მალინა კი ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც შეიძლება ორი ადამიანის სახეს წარმოადგენდეს. 

  • ფრანსუაზ საგანი - დაუფარავი ღიმილი

ფრანსუაზ საგანი მე-20 საუკუნის ფრანგული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც სადებიუტო რომანი „სალამი სევდავ!“, სულ რაღაც 18 წლის ასაკში გამოაქვეყნა. მისი ხმაურიანი ნაწარმოებები ომისშემდგომი კონსერვატიული საზოგადოებისთვის უცხო და რიგ შემთხვევებში შოკისმომგვრელიც იყო. მწერალი გარკვეულწილად თავად განასახიერებდა თავის პერსონაჟებს, რადგან მათსავით უყვარდა სწრაფი მანქანები, აზარტული თამაშები და თავისუფლება. 

„დაუფარავი ღიმილი“ მწერლის მეორე რომანია, რომელმაც პირველის მსგავსად, სწრაფად მოუტანა კიდევ ერთი აღიარება. წიგნის მთავარი გმირი არის ახალგაზრდა სტუდენტი გოგონა დომიკინი, რომელიც სორბონში სწავლობდა და თავისი ასაკის შეყვარებული, ბერტრანი ჰყავდა. ახალგაზრდა ქალი ურთიერთობაში სიცარიელეს გრძნობდა, რისი შევსებაც მსუბუქი გართობით გადაწყვიტა, თუმცა მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. 

ნაწარმოები მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც იყოს თავისუფალი და ემოციურად დამოუკიდებელი, თუმცა შედეგად მარტოობასა და სევდას იღებს. 

  • მაია ენჯელოუ - ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი

მაია ენჯელოუს „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“, რომელიც 1969 წელს გამოიცა, ამერიკული ლიტერატურის კლასიკაა. ამ საკულტო ნაწარმოების ავტორი სამოქალაქო უფლებების დამცველი, მოცეკვავე, მსახიობი და პირველი შავკანიანი ქალი იყო, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ლექსი წაიკითხა. 

რომანი ეხება მთავარი პერსონაჟის - რიტას ბავშვობასა და მოზარდობის პერიოდს, რომელიც ავტორის ცხოვრების გამოძახილია. 8 წლის ასაკში მაიაზე სექსუალურად იძალადა დედის საყვარელმა. ბავშვმა მალევე შეიტყო, რომ მოძალადე მოკლეს და მიღებული ტრავმების გამო 5 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. სწორედ ამ განცალკევებისა და სიჩუმის პერიოდში გაეცნო მსოფლიო ლიტერატურას. 

მის ავტობიოგრაფიულში რომანში მხატვრულად არის მოთხრობილი პატარა გოგონას შესახებ, რომელიც შიშისა და ძალადობის მიუხედავად, ძლიერ, მოაზროვნე ქალად იქცევა. 

ეს წიგნი ათასობით მკითხველის შთაგონების წყაროდ იქცა. 

R