"გუშინ ბავშვებს პატრიარქზე ვუყვებოდით. ვუყურებდით, ჩუმად როგორ მიაცილებდა პატრიარქს ათასობით ადამიანი სამებიდან სიონისკენ და ცრემლებს ვერ ვიკავებდით. ვისხედით და სხვადასხვა ამბავს ვიხსენებდით.
მახსენდებოდა, როგორი ჯადოსნური იყო ბავშვობაში ის დღეები, როცა პატარებს გვქონდა ბედნიერება, ორშაბათობით პატრიარქისთვის გვეგალობა სიონის საკათედრო ტაძარში. ამბიონთან, პატრიარქის გარშემო ჩამომსხდარები, ქვემოდან შევყურებდით მის თბილ ღიმილს და ველოდებოდით, როდის დაგვადებდა თავზე თავის რბილ ხელს, მოგვეფერებოდა და დაგვლოცავდა.

როცა გავიზარდე, მასთან ყოველი მიახლოება ისევ ისეთივე საოცარ ემოციას იწვევდა. ყოველ ჯერზე ზუსტად იმ პატარა გოგოსავით მიჩქარდებოდა გული. მისგან მოდიოდა განსაკუთრებული სიმშვიდე, სითბო და ძალა. ის, რაც რთულ მომენტებში მაძლიერებდა მერე მთელი ცხოვრება. გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო. მტკივნეული და მძიმე, მაგრამ ამავე დროს სიხარულითა და იმედით სავსე. ღმერთო, რა ბედნიერებაა, როცა ჩვენი ხალხი ასე ერთიანდება. რამდენი სითბო, სიყვარული და ძალა იგრძნობოდა… ისიც კი, ვინც საქართველოდან შორს ვართ, ვგრძნობდით ამ ერთიანობას, და წარმომიდგენია, იქ ერთად მდგომ ადამიანებში როგორი ძლიერი იყო ეს განცდა.
მინდა, რომ გუშინდელმა დღემ თითოეულ ჩვენგანში ახალი კვალი დატოვოს; რომ ამ ერთიანობამ შეგვახსენოს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და როგორ შეგვიძლია ერთმანეთის გვერდით დგომა; რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გავხადოთ ერთმანეთის სიყვარულით, პატივისცემით და სიკეთით.
„თუ ერთმანეთი გვეყვარება, ღმერთიც ჩვენთან იქნება“, - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ლელა მებურიშვილი ილია II-ის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით. ლელა რამდენიმე წელია, რაც ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ამის მიზეზი მსახიობის მეუღლის, ბაჩო საგანელიძის დიპლომატიური საქმიანობაა.