„ჩემთვის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა უკომპრომისოა, რადგან გულწრფელია და ჩაგრულ ქალებს და ბავშვებს ეხება“ - ინტერვიუ ადვოკატ ელისო რუხაძესთან - Marao

„ჩემთვის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა უკომპრომისოა, რადგან გულწრფელია და ჩაგრულ ქალებს და ბავშვებს ეხება“ - ინტერვიუ ადვოკატ ელისო რუხაძესთან

2026-03-25 11:53:22+04:00

საქართველოში ქალზე ძალადობის სტატისტიკა მხოლოდ ციფრები არ არის - ეს არის ასობით ქალის ყოველდღიური რეალობა, რომლისგანაც თავის დაღწევა ხშირად მიუღწევლად ეჩვენებათ. 

შსს-ის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 2025 წლის იანვარ-ივნისში ძალადობის მსხვერპლ  ქალთა რაოდენობა 384-ს შეადგენს და რეგისტრირებული მონაცემებიც ადასტურებს, რომ  გენდერული ნიშნით ძალადობა არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სოციალური გამოწვევა. 

ადვოკატი ელისო რუხაძე ქალებისა და ბავშვების უფლებებს უკვე 21  წელზე მეტია იცავს. მის პრაქტიკაში იყო საზოგადოებისთვის ცნობილი მძიმე შემთხვევები, რომლებიც შეუძლებელია, გენდერულ ძალადობაზე ან ფემიციდზე საუბრისას არ გაგვახსენდეს. ამჟამად, ელისო რუხაძე პარტნიორებთან ერთად მართავს იურიდიულ ფირმას და ამავდროულად არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კომიტეტის თავჯმდომარე, სადაც  თხუთმეტ ადვოკატთან და მულტიდისციპლინურ ჯგუფთან ერთად იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების უფლებებს. როგორც თავად განმარტავს, გენდერული ძალადობის კუთხით ქვეყანაში კვლავ რთული ვითარებაა, რადგან მიმართვიანობა მაღალია, შემთხვევები კი - მძიმე. 

ადვოკატი აღნიშნავს, რომ სტიგმა, რთული ფინანსური მდგომარეობა  და შიში ქალებს ხშირად არ აძლევს მოძალადის მხილების საშუალებას, გაჩუმება კი სამწუხაროდ,  ხანდახან ფემიციდით სრულდება. გამოსავალი არსებობს და მისი თქმით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ძალადობის მსხვერპლმა ქალმა უნდა გადადგას, არის მტკიცე გადაწყვეტილების მიღება, რომ ასეთ გარემოში აღარ გააგრძელებს ცხოვრებას. ხოლო როგორ უნდა დაიწყოს სამართლებრივი ბრძოლა ამის შესახებ, ადვოკატი ელისო რუხაძე დეტალურად საუბრობს: 

ადვოკატი ელისო რუხაძე

 

- თავდაპირველად, გაგვიზიარეთ პერსონალური პროფესიული გამოცდილება, რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია ამ რთულ და ემოციურად დამთრგუნველ საქმეებზე მუშაობისას?

21 წელია, ადვოკატი  ვარ, თუმცა ბოლო 10 წელია, მხოლოდ ქალთა და ბავშვთა უფლებებზე ვმუშაობ. ფემინისტი ქალები, განსაკუთრებით უფლებადამცველები ვიბრძვით თანასწორობისთვის, სხვისი უკეთესი ცხოვრებისთვის, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და პირადი ცხოვრების ნგრევის ხარჯზე. ჩემთვის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა უკომპრომისოა, რადგან  გულწრფელია და ჩაგრულ ქალებს და ბავშვებს ეხება. სამწუხაროდ ვერცერთი ქალი ვერ უარყოფს ან იტყვის, რომ მას არასოდეს განუცდია რაიმე ტიპის ჩაგვრა. ხშირად  მეც, ქალთა ჩაგვრის საქმეში  ვხედავ  ჩემს პირად გამოცდილებებს და ძალ-ღონეს არ  ვიშურებ ,რომ გადავარჩინო, დავეხმარო ქალებს, ამიტომაცაა ჩემთვის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა უკომპრომისოა, რადგან  გულწრფელია.

„საფარის“ შემდეგ ვიყავი ადვოკატი „უფლებები საქართველოში“, სადაც არაერთი ქალი გადავარჩინეთ მე და ჩემმა გუნდმა, ძალიან ბევრი მათგანი გავაძლიერეთ ეკონომიკურად. 

2024 წელს, როდესაც  დავაფუძნე, ჩემი კომპანია ელისო რუხაძე და პარტნიორები, მიზნად დავისახე, განსხვავებულ საქმეებზე მემუშავა, მაგრამ დღეს ჩემი საქმეების უმეტესობა მაინც ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს ეხება. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, მაინც არ ვდისტანცირდი ამ ყველაფერისგან, რადგან დღეს ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულების კუთხით. ამას ემატება ისიც, რომ თითზე ჩამოსათვლელია ადვოკატები, რომლებიც ქალებს გულშემატკივრობენ. 

ადვოკატთა ასოციაციაში, სადაც ვხელმძღვანელობ ქალთა უფლებებისა და პრევენციის კომიტეტს, სამწუხაროდ, ქალების მიმართ ძალადობაზე ძალიან მაღალი მომართვიანობაა. ამასთან, ვისურვებდი, რომ ადვოკატების უმეტესობა სენსიტიური იყოს ასეთი საქმეების მიმართ, რადგან მსხვერპლების უკან დგანან ბავშვები, ამ ქვეყნის მომავალი თაობა და ეს არის უკვე ეროვნული პრობლემაც - ძალიან ბევრი ქალი ტოვებს დღეს ქვეყანას, მძიმე სოციალური მდგომარეობისა და მოძალადისგან დისტანცირების მოტივით. 

 

ადვოკატი ელისო რუხაძე

- გვიამბეთ იმ ყველაზე გახმაურებული ან რთული საქმეების შესახებ, რაც გქონდათ თქვენი პროფესიული პრაქტიკის პერიოდში. რომელი შემთხვევები იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი? 

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ილიას უნივერსიტეტში მოკლული მარიკა თხელიძის ფემიციდის საქმე. ასევე, „საფარში“ მუშაობისას უმძიმესი იყო ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე მუშაობაც. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ამ თემში და ყველა სტატია, რომელიც ამ თემას ეხება, ჩემთვის ღია ჭრილობებზე მარილის დაყრაა. ახლაც თვალწილ მიდგას ბავშვების ჩვენებები, ფოტოები, რომლებიც ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობას ეხება, თუმცა მე მაინც მჯერა, რომ ეს მკვლელობა იყო. 

ჩემი პრაქტიკის განმავლობაში დაახლოებით 50-მდე ფემიციდის საქმეზე ვიმუშავე, ზოგ შემთხვევაში, კონსულტაციის და კომპენსაციის გაცემის ფარგლებში პირადად ვიცნობ მოკლული ქალების შვილებს. 

მიმდინარე საქმეებს შორის ყველაზე მძიმეა დიღომში მოკლული გოგონას, ანი იანუშაიტიტეს საქმე. სამედიცინო ექსპერტიზით ბავშვს აქვს 39 მდე დაზიანება, დღემდე ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი არ აქვს სახელმწიფოს და პრაქტიკულად, ხელიდან გაუშვა ამ საქმესთან დაკავშირებული ბევრი მტკიცებულება, რომელიც იმ მომენტისთვის შესაძლებელი იყო, მოძიებულიყო. ამ საქმემ აჩვენა ბევრი სისტემური  გამოწვევა. ჩემი პროფესიული ჟინია და გამოწვევა,დადგინდეს ანის საქმეზე  სიმართლე. მაქვს 7-ზე მეტი შვილმკვარი დედის საქმე, საქმეები,სადაც  ოჯახური ძალადობის ფონზე ბავშვებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე და სახელმწიფომ ვერ შეძლო ამის აცილება. აღარ ვსაუბრობ ორსულ და ძალადობაგამოვლილ ქალებზე.

 

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ძალადობა არის ყოველდღიური მოცემულობა.

- ხშირად ქალებს ეშინიათ, რომ მათი სიტყვა მოძალადის წინააღმდეგ საკმარისი არ იქნება. რა სახის მტკიცებულებებია ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოში ძალადობის დასამტკიცებლად? 

დიახ, ხანდახან პოლიცია მხოლოდ ქალის მონაყოლს არ სჯერდება და კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს. ამიტომ  მსხვერპლმა აუცილებლად ვიდეო, ხმოვანი ჩანაწერი, ფოტო და ყველაფერი უნდა გამოიყენოს იმისათვის, მოძალადე ამხილოს. არ უნდა მოერიდოს ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გაზიარებას. მეორე მხრივ, სამართლებრივი სისტემა უნდა იყოს ძალიან მგრძნობიარე და არ მოითხოვდეს მსხვერპლისაგან შეუძლებელ მტკიცებულებებს. ეს უნდა გაიაზროს მართლმსაჯულების ყველა რგოლმა და წარმომადგენელმა. 

- ხშირია შემთხვევები, როცა მსხვერპლი ზეწოლის გამო ჩვენებას ცვლის. რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ამას და როგორ ეხმარებით ქალებს ასეთ დროს?

ჩვენი კანონმდებლობით ქალს შეუძლია, თავისი მეუღლის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ  მისცეს ჩვენება, ხოლო კანონით - ყოფილი მეუღლე  ახლო ნათესავია. როგორც უფლებადამცველი, თამამად ვაცხადებ, რომ 90% შემთხვევაში ჩვენების არ მიცემა არ არის ქალის თავისუფალი არჩევანი, არამედ არის შიშის, ზეწოლის, ზემოქმედების, მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულების და ბავშვების გამო  განცდილი პასუხისმგებლობის შედეგი. ქალმა უნდა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება - მოწყვიტოს ბავშვები იმ გარემოს სადაც გაიზარდნენ და დაუბრუნდეს მშობლების ოჯახს, სადაც ხშირად არ ხვდება თანაგრძნობა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის სტიგმა და სტერეოტიპები, რას იტყვიან მეზობლები, სანათესაო... განსაკუთრებით რეგიონებში ვაწყდებით ასეთ დამოკიდებულებას. ამის გამო ქალი ირჩევს მოძალადესთან დარჩენას. ამავდროულად, არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ ცხოვრება გააგრძელოს, რადგანად თავის დროზე მოძალადემ არ მისცა განათლების მიღებისა და მუშაობის უფლება, არ გაფორმდა მასზე თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება. 

რა თქმა უნდა, ჩვენების არ მიცემა ან მისი შეცვლა სამართლებრივად ასუსტებს საქმეს, საერთოდ შეიძლება ჩამოანგრიოს ბრალდება და გამამართლებელი განაჩენი დადგეს, მაგრამ მე, როგორც ადვოკატი, ამ ქალებს არ ვუყურებ, როგორც პრობლემას, არავინ ამ ქვეყანაზე, რ იკვლევს მიზეზებს, რატომ ხდება ასე. არ არის მარტივი, ქალი მივიდეს და ჩვენება მისცეს მოძალადის პირისპირ, როცა ის ესწრება სასამართლო პროცესს. არასაპატიმრო საქმეები კი სასამართლოში ხშირად 4-5 წელი გრძელდება და ეს ქალისთვის კიდევ უფრო დიდი დაბრკოლებაა, რადგან უწევს, გარეთ მყოფი მოძალადე ამხილოს. 

ასეთ დროს გარეთ მყოფი მოძალადე ყველაფერს აკეთებს, რომ ქალი გააჩუმოს  და შეიძლება, პარალელურად  სხვა დანაშაულსაც სჩადიოდეს, ისე ფარულად, რომ შიშისაგან მსხვერპლი ხმას ვერ იღებდეს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოვიდეს ქალი უფლებადამცველებთან.  მე მაქსიმალურად დავეხმარები და ავუხსნი, რა საფრთხეებს ქმნის მისთვის და მისი შვილებისთვის ჩვენების არ მიცემა ან მისი შეცვლა.

- თქვენ ხშირად საუბრობთ პოლიციაში არსებულ პრობლემებზე. როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუ პოლიციის მხრიდან გულგრილობას ან არაადეკვატურ დამოკიდებულებას წააწყდა?

დღემდე არის შემთხვევები, როცა პოლიციაში მისულ ქალს საათობით დასვამენ, ესაუბრებიან, რომ თითქოს დაადგინონ, ნამდვილად არის თუ არა ის მსხვერპლი. ქალი იღებს გულგრილ დამოკიდებულებას მისთვის მტკივნეული საკითხის მიმართ და სწორედ ამიტომ, ხანდახან თავად ტოვებს პოლიციის განყოფილებას და უარს ამბობს ბრძოლის სამართლებრივად გაგრძელებაზე. 

განსაკუთრებით რეგიონებში  არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლს ეუბნებიან, რომ „კარგი ოჯახის შვილი  არ უჩივის ქმარს“ და მის ცუდ ქალობას ამუნათებენ. ამ დროს ქალები ხვდებიან ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში. ხანდახან თვითონვე ეუბნებიან პოლიციას, რომ არ სურთ მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა, გამოძიების დაწყება კი უკვე დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ქალს სჭირდება მთელი რიგი მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია, უფლებადამცველთან ერთად არ გაჩერდეს, იმოქმედოს, გაასაჯაროოს ძალადობის შემთხვევები. 

ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ერთჯერადი უარი ან პოლიციის გულგრილობა არ ნიშნავს, რომ სამართალი არ არსებობს, აუცილებლად უნდა მოხდეს შემდგომ ორგანოში საჩივრის შეტანა, დამიკავშირდით, დაწერეთ საჯაროდ ამის შესახებ. რაც უფრო ბევრი ქალი ისაუბრებს ძალადობაზე ხმამაღლა, მით მეტისთვის იქნება მოტივაცია, გადალახოს ეს ჩაკეტილი წრე. 

- საინტერესოა, რამდენად ეფექტურია შემაკავებელი ორდერი და რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუ მოძალადე მას არღვევს?

შემაკავებელი ორდერები მეტნაკლებად თავიანთ ფუნქციას ნამდვილად ასრულებს, მაგრამ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც მოძალადეები ასწრებენ მსხვერპლს და თავად რეკავენ 112-ში. არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე საქმეზე ქალის მიმართაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ცხადია უკანონოდ. 

ხშირია შემთხვევები, როდესაც შემაკავებელ ორდერს პოლიცია გამოსცემს ისე, რომ ძალიან მარტივია მისი გაუქმება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემაკავებელი ორდერი სასამართლოს მიერ უქმდება იმის გამო, რომ მართლწესრიგის ოფიცერი და პოლიციელი ვერ ასაბუთებს, რატომ და რისთვის გამოსცა ის. ეს იმხელა იმედგაცრუებაა ქალისთვის, შეიძლება სამართალდამცველ ორგანოებს არასდროს აღარ მიმართოს, რაც მოძალადისთვის ძალიან შემაგულიანებელია და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას პოლიციამ!  

თუ მოძალადე არღვევს შემაკავებელ ორდერს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და აუცილებლად უნდა თქვას ამის შესახებ მსხვერპლმა, იმიტომ რომ ერთხელ და ორჯერ თუ არ განაცხადა,  ამას უკვე შეიძლება ფემიციდი მოჰყვეს და ვეღარავინ ვეღარ დავეხმაროთ მას. მაღალი რისკის მოძალადეზე შემაკავებელ ორდერთან ერთად აუცილებელია მისი ელექტრონული სამაჯურით აღჭურვა, რაზეც ასევე ბევრი სტერეოტიპი არსებობს. სამაჯურის მონიტორინგი სახელმწიფოსთვის დამატებითი თავსატეხია და პოლიციელები ხანდახან მსხვერპლ ქალებს კითხვარს იმგვარად აწერინებენ, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერისას საჭირო არ გახდეს ელექტრონული სამაჯურის გამოყენება. ეს ძალიან სამწუხარო პრაქტიკაა. ხშირია ასეთი შემთხვევები და მე მაქვს არაერთი მოგებული დავა შსს-სთან გულგრილობისა და უმოქმედობის ნაწილში, როდესაც სასამართლომ თქვა, რომ სამართალდამცველ უწყებას შეეძლო თავიდან აეცილებინა ფემიციდი, თუ ძალადობის კონკრეტული შემთხვევა. 

- რა შემთხვევაში აქვს ძალადობის მსხვერპლს ან ფემიციდის მსხვერპლის ოჯახს უფლება, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაცია და რამდენად რეალურია მისი მიღება დღეს საქართველოში?

სტამბულის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და  შეიმუშავა მთავრობის 523-ე დადგენილება, რა დროსაც გამოყო ორი ტიპის კომპენსაცია -  პირველი - ფემიციდის დროს დაღუპული ქალის შვილებს ან მათ კანონიერ წარმომადგენელს უნდა გადაეცეს ფულადი კომპენსაცია და მეორე - მსხვერპლ ქალსა და მათ შვილებს სახელმწიფო ურიცხავს კომპენსაციას 10 000 ლარის ოდენობით. 

კომპენსაციის მისაღებად პირველ რიგში, ქალი და ბავშვები გამოძიებამ დაზარალებულად უნდა ცნოს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან სექსუალურ ძალადობაში. ასევე, უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ამის შემდეგ ქალმა უნდა იდავოს მოძალადის წინააღმდეგ და  დააკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება მის მიერ განცდილი ძალადობის გამო. ამას შეიძლება მოჰყვეს მოძალადის მიერ სარჩელის გასაჩივრება შემდეგ ინსტანციაში, რაც დამატებით დროსთან არის დაკავშირებული. შემდეგ არის 6-თვიანი მოცდის პერიოდი და როცა მსხვერპლი ამდენი ბარიერს გადალახავს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, თითოეულ დაზარალებულს ჩაურიცხოს კომპენსაცია 10 000 ლარამდე. 

ეს კომპენსაცია არის მსხვერპლის ეკონომიკური გაძლიერება იმისათვის, რომ გადარჩეს. სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში, უნდა იყოს მსხვერპლის გაძლიერება და არა მისი ტანჯვა და აქტიურ სამართლებრივ დავებში ჩართვა, შესაბამისად, მე მაინც მგონია, რომ ეს მექანიზმი სამწუხაროდ, ვერ ასრულებს ეფექტურ  ფუნქციას.

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ცვლილებები საჭირო კანონმდებლობაში, რომ საქართველოში ქალები უფრო მეტად იყვნენ დაცულები?

სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ  ცვლილებები განახორციელა ქალების საწინააღმდეგოდ, როდესაც ტერმინი „გენდერი“ ამოიღო კანონმდებლობიდან. ამან  ძალიან ბევრი პრობლემა მოუტანა ქალებს და გენდერული ნიშნით ჩაგრულ მსხვერპლებს. რეალურად, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს ასევე გაუპატიურების ნაწილშიც - სტამბულის კონვენცია სხვაგვარად განმარტავს გაუპატიურებას, ჩვენთან კი ის არის არა  თანხმობაზე, არამედ ძალადობაზე, ძალადობის მუქარაზე დაფუძნებული. უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, თუ სხეული არ არის დაკაწრული, დალურჯებული, დაზიანებული, გაუპატიურებული ქალის თანხმობის არარსებობის შემთხვევაში - გაუპატიურებების განაჩენები ფაქტობრივად არ გვაქვს. 

ასევე, დღეს მთავარი პრობლემა არის ინსტიტუციური მიდგომა, ძალიან ხშირად სისტემა მსხვერპლის საჭიროებებს ვერ ხედავს, განსაკუთრებით უხილავი არის ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებები. მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიც, ფსიქიატრიც, საკვები, ტანსაცმელი. ამ ბავშვებს გადარჩენის პრობლემა უდგათ. 

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პოზიციური ცვლილებები საჭიროა, მაგრამ დაანონსდა, თითქოს სტამბულის კონვენციიდან გამოსვლასთან დაკავშირებით დაიწყო საუბარი და ამის ფონზე რთულია რამე დადებითზე საუბარი. კატეგორიულად უკან დამხევ ნაბიჯად მივიჩნევ სტამბულის კონვენციიდან გამოსვლას და ეს ძალიან ბევრ მსხვერპლ ქალსა და გოგონას შეუქმნის ბარიერებს უფლებრივადაც და რეალურად, მათი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იქნება. 

- ქალბატონო ელისო, თქვენს „ფეისბუქის“ გვერდზე ხშირად წერთ შემთხვევებზე, სადაც ქალებმა შეძლეს თავის დაღწევა. რა არის ის საერთო თვისება, რაც ამ მათ გამარჯვებაში დაეხმარა? რა როლი შეასრულა ამ პროცესში თქვენი და თქვენი გუნდის ძალისხმევამ?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ქალი, რომელიც ჩემთან მოვიდა, გამარჯვებულია. ამას არ ვამბობ პიარის გამო, არა - ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის ძალიან დიდი შრომის შედეგი. 

კომპანია“ელისო რუხაძე და  პარტნიორებს“ ჰყავს მულტიდისციპლინური გუნდი და როდესაც ქალი ჩემთან მოდის, კონსულტაციაზე ხვდება ფსიქოლოგი, სოცმუშაკი და იურისტი, 90% შემთხვევებში, მე ვესაუბრები პირველ კონსულტაციაზე. ეს მორალური და სამართლებრივი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქალმა იგრძნოს ძალა და რეალურად დაინახოს, რომ მის გვერდით დგანან ადამიანები, რომელთაც რეალურად შეუძლიათ დახმარება. 

ჩემს ყველა დაცვის ქვეშ მყოფ ქალს ერთიანებს ერთი გადაწყვეტილება - „მე აღარ მოვითმენ“. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ პროცესი დაგვიწყია და ქალს უთქვამს, რომ ვეღარ გავაგრძელებ ამ გზას, რადგან ჩვენს ისე ვუდგავართ მას გვერდით, რომ თავადაც ხვდება,  რომ ყველა ბარიერი დაძლევადია. 

ასევე, ყველას, ვინც კი ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილა, აერთიანებს ის, რომ მათ ქვიათ გადარჩენილი ქალები, მართალია ძალადობაგამოვლილი, მაგრამ გადარჩენილი! მათგან ძალიან ბევრი დღეს წარმატებული ბიზნესმენია ან აქვს თავისი საქმე, სხვებს ეხმარება. 

მე არ მახსენდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ქალი, რომელიც კვლავ ძალადობის ბორბალში ჩაება. იმავეს თქმა შემიძლია გოგონებსა და ბავშვებზე და ეს ჩემთვის ძალიან ღირებულია. 

- დაბოლოს, რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები არიან, თუმცა ვერ ბედავენ ნაბიჯის გადადგმას?

ძალიან ბევრი ქალია ასეთ მდგომარეობაში, განსაკუთრებით საუბარია მაღალჩინოსნების, პოლიტიკოსების, გავლენიანი ბიზნესმენების ცოლებზე, უფრო პარტნიორებზე. ისინი მომმართავენ, დგამენ პატარა ნაბიჯს, არის კონსულტაციაზე საუბარი, მაგრამ შემდეგ ქრებიან. მე მივმართავდი მათ, რომ მარტო არ არიან, ვარსებობ მე, ქალების დიდი გულშემატკივარი ადვოკატი -  ელისო რუხაძე. აუცილებელი არ არის, ერთ დღეში შეცვალოთ ყველაფერი, თუნდაც პატარა ნაბიჯი, კონსულტაცია, საუბარი უკვე მნიშვნელოვანია. ძალადობა არასდროს დასრულდება თვითონ, უნდა იმოქმედოთ, გადადგათ ნაბიჯი, მოაგროვოთ მტკიცებულებები. 

აქვე დავამატებ, რომ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში, მსხვერპლმა უნდა დარეკოს ცხელ ხაზებზე: 116 006; 112 ან 111 - თუ ბავშვებზე ძალადობის შემთხვევაა. ასევე, შეუძლია გადმოიწეროს აპლიკაცია Safe you, რომლითაც ხმის ამოღების გარეშე, ონლაინ შეატყობინებს პოლიციას, რომ მასზე ძალადობენ. 

შეგიძლიათ, დამიკავშირდეთ მე, ჩემი ტელეფონის ნომერი საჯაროა ინტერნეტ სივრცეში, ასევე მომმართეთ სოციალური ქსელის მეშვეობითაც. იმოქმედეთ, რადგან სახელმწიფოსთვის ძალადობის მსხვერპლი ქალის სიცოცხლე, მორიგი ფემიციდი სტატისტიკაა, ამიტომ თავად ვართ საკუთარი თავის გადამრჩენელები.

ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვეტყოდი, რომ იმოქმედეთ, მარტო არ ხართ!