"თქვენ ყველანი იცნობდით ჩაკ ნორისს, როგორც ლეგენდას - კაცს, რომელმაც უსასრულობამდე ორჯერ დათვალა; კაცს, რომელსაც კობრამ უკბინა და თავად კობრა მოკვდა. ის იყო ადამიანი, რომელიც აზიდვებს კი არ აკეთებდა, არამედ დედამიწას აწვებოდა და სწევდა. ჩაკი ბევრი საოცარი ამბით იყო ცნობილი, მაგრამ ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ მე მას ვიცნობდი, როგორც ჩემს ბაბუას.
ჩემთვის ის იყო მოხუცი, რომელიც სკოლაში „ბებია-ბაბუების დღეზე“ მოდიოდა, ესწრებოდა ჩემს საფეხბურთო მატჩებს და ისე ამაყად მგულშემატკივრობდა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო. ბაბუა, რომელიც თავის სარწეველა სკამზე იჯდა და ინტერესით მისმენდა, როცა ამბებს ვუყვებოდი; რომელიც ჩემთან ერთად უყურებდა საკუთარ ფილმებს და ღიმილით იხსენებდა განვლილ გზასა და მიღწევებს. ის ჩემთან ერთად თამაშობდა, ერთობოდა, უყვარდა ხუმრობა და ჰქონდა ღიმილი, რომელიც ნებისმიერ ტკივილს დაგავიწყებდა.
ვისაც მასთან შეხვედრის ბედნიერება ჰქონია, იცის, რომ ის უშუალო და თავმდაბალი ადამიანი იყო. ხალხით სავსე ოთახშიც კი გაგრძნობინებდათ, რომ იმ მომენტში მხოლოდ თქვენ გისმენდათ და მისთვის მნიშვნელოვანი იყავით. მასთან ყველა მეგობრად გრძნობდა თავს.
ბაბუა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანია. სამუდამოდ მადლიერი და ამაყი ვიქნები იმით, რომ მისი შვილიშვილი ვარ. ბაბუა, ძალიან მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის. სამყარომ ნამდვილი ხატი და ლეგენდა დაკარგა, მე კი - ბაბუა. ახლა კი, წადი და ზეცაშიც ყველას აჩვენე შენი ძალა" - ასე ემშვიდობება შვილიშვილი გრეტა ნორისი მსახიობ ბაბუას.
ამერიკელი მსახიობი კარლოს რეი „ჩაკ“ ნორისი 19 მარტს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა.


ჩაკ ნორისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი იყო, რომელიც1940 წლის 10 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატები დაიბადა. მისი ცხოვრება და კარიერა გამოირჩევა როგორც სპორტული, ისე კინო მიღწევებით.
ახალგაზრდობაში ჩაკ ნორისი მსახურობდა აშშ-ის საჰაერო ძალებში, სადაც პირველად გაეცნო საბრძოლო ხელოვნებას. სწორედ ამ პერიოდმა განსაზღვრა მისი მომავალი. მოგვიანებით ის გახდა კარატეს მრავალგზის ჩემპიონი და მნიშვნელოვანი ფიგურა ტაეკვონდოს პოპულარიზაციაში. ნორისმა ასევე შექმნა საკუთარი საბრძოლო სტილი - Chun Kuk Do, რომელიც დღემდე პოპულარულია.
კინოკარიერა ჩაკ ნორისმა 1970-იან წლებში დაიწყო და მალევე მოიპოვა პოპულარობა. განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ფილმმა Way of the Dragon, სადაც მან ითამაშა ლეგენდარულ მსახიობთან ბრუს ლისთან ერთად. ტელევიზიაში დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა Walker, Texas Ranger, სადაც მთავარი როლი შეასრულა.

პირად ცხოვრებაში ჩაკ ნორისი ცნობილია, როგორც ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი. მისი პირველი მეუღლე იყო დიანა ჰოლეჩეკი, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. მოგვიანებით მან იქორწინა ჯინა ო’კელიზე, რომელთანაც ტყუპი შვილები ჰყავს. ბოლო წლებში ნორისი დიდ დროს უთმობდა ოჯახს და განსაკუთრებით მეუღლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
იგი აქტიურად მონაწილეობდა ქველმოქმედებაში და ცდილობდა ახალგაზრდების სპორტში ჩართვას.
