საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები დღეს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული სახეები არიან - მათ მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ, შეიძლება ითქვას, მთელი ერი თანხმდება.
მას შემდეგ, რაც ნაკრებმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ფურცელი გადაშალა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლო, ეს სიყვარული გაორმაგდა არა მხოლოდ მათ მიმართ, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართაც.
ამჯერად სწორედ იმ მეგობრობის შესახებ გიყვებით, რომელიც ზურიკო დავითაშვილსა და ხივჩა კვარაცხელიას ოჯახებს აკავშირებთ - ფეხბურთელებს ერთმანეთის გაცნობისა და დამეგობრების ისტორია არაერთხელ მოუყოლიათ - ეს ურთიერთობა უკვე არაერთ წელს ითვლის. მეგობრები არიან მათი მეუღლეებიც - ნიცა თავაძე და მია გზირიშვილი. ახლა კი ამ მეგობრობას მათი შვილები, პატარა დათი და დამიანე აგრძელებენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.
ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.
ამჟამად წყვილი პარიზში ცხოვრობს. ნიცა პატარა დამიანესთან ერთად ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშებს.
შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა: „რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“, – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.
ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანო აღმოჩნდა:
"იმ დროისთვის, როდესაც ბავშვი ჩნდებოდა, არ ვიყავი ოჯახთან ერთად. ვიყავი შეკრებაზე, ბიჭებთან ერთად. მეუღლემაც მითხრა, წადიო... მამობა საოცრებაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენი სპორტი ასეთია, პატარა მსხვერპლის გაღებაც გიწევს. შემეძლო, რომ დავრჩენილიყავი კიდეც, მაგრამ ზუსტადაც არ ვიცოდით, როდის დაიბადებოდა. არანაირი რთული მომენტი არ გვქონია, როგორც გითხარით, მეუღლემ მირჩია, რომ წამოვსულიყავი. მადლობა მას, თორემ მე შეიძლება დავრჩენილიყავი..."
