"და, აი, გადამოწმებული და დამოწმებული ინფორმაცია სანდო წყაროსგან, რომელსაც არ დავასახელებ.
რა სწორად მიხვდი, ია, რომ რაღაც მოხდა, კი.
საერთოდ არ უნდა ყოფილიყო თამარის გამოსვლა გუშინ, გვითხრეს, რომ დღეს არ გამოვიდოდა და, პირველივე სესიის დასრულებისთანავე, მოულოდნელად, საქართველო გამოაცხადეს, ტექსტი სადღაც გვერდზე ედო საერთოდ.
რა თქმა უნდა, ისე ინერვიულა, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდი თავიდანო, ზეპირად ამბობდა, ნუ, მოსალოდნელი იყო, გამოცდილი სპიკერები იბნევიან ასეთ დროს და პირველად გამოვიდა ქალი სიტყვით.
აქ ძალიან პოზიტიურად მიიღეს, ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი გამოსვლა ჰქონდა, მერე საუბრებშიც აღნიშნავდნენ. არავის არ უკვირს აქ ასეთი შეცდომები..." - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ია ფარულავა და გუშინ გლობალურ სამიტზე "ერთად უკეთესი მომავლისთვის" თამარ ბაგრატიონის გამოსვლას ეხმაურება.

თამარ ბაგრატიონის გამოსვლა გლობალურ სამიტზე "ერთად უკეთესი მომავლისთვის"
"პირველ რიგში, მსურს გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასპინძლის, ქალბატონ მელანია ტრამპის მიმართ. ისტორია დაგიმახსოვრებთ, რომ სწორედ თქვენ შემოიკრიბეთ 45 ქვეყნის წარმომადგენელი ერთ მაგიდასთან და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ.
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინად მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იმით იზომება, თუ როგორ იცავს იგი მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მფარველობას. ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა.
დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას. ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც გულით ვატარებთ: სურვილი, დავიცვათ ჩვენი შვილები საფრთხისგან. ამავდროულად, მივცეთ მათ თავისუფლება - გაიზარდონ, შეიმეცნონ და ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ეპოქის შესაძლებლობებით. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ჩუმი, უხილავი, თუმცა ძალზე რეალური საზრუნავი, რომელსაც იზიარებს ყველა ოჯახი მთელ მსოფლიოში...სრულად