თანამედროვე სამყაროს სწრაფი ტემპის ფონზე, ბალანსის პოვნა პროფესიულ წინსვლასა და პირად ბედნიერებას შორის ბევრისთვის რთულია. თუმცა, საქართველოში არსებობს უამრავი ქალი, რომლებიც ამ გამოწვევას განსაკუთრებული სიმტკიცით პასუხობს. მრავალშვილიანი ცნობილი დედები დღეს საკუთარი მაგალითით სხვა ქალებსაც აძლევენ სტიმულს, რომ ჰქონდეთ ბედნიერი, სრულყოფილი ოჯახები და, ამასთან ერთად, არ თქვან უარი საკუთარ სურვილებსა და ოცნებებზე.
ამ სტატიაში გაგაცნობთ ქალებს, რომლებმაც დაამსხვრიეს სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ კარიერა და ბევრი შვილი შეუთავსებელია. ისინი არიან საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები - მსახიობები, ტელეწამყვანები თუ ხელოვანები, რომლებიც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ შვილების სიმრავლე არა დაბრკოლება, არამედ მათი მთავარი მოტივაცია და წარმატების საიდუმლოა.
რუსა ჩაჩუამ პირველად 17 წლის ასაკში იქორწინა, მისი რჩეული არჩილს სახვაძე იყო. ქორწინებაში მას ორი შვილი, თაზო და ნასტია შეეძინა. სწორედ ამ პერიოდში დაასრულა მას სამხატვრო აკადემია, პარალელურად კი მუშაობდა და ახერხებდა, რომ სამოდელო კარიერაც აეწყო. პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ რუსამ ცხოვრება დიმა ნაფეტვარიძეს დაუკავშირა - მათ ორი შვილი შეეძინათ.
რუსა დღეს 4 შვილის დედაა, კვლავ დაკავებულია სამოდელო საქმიანობით - ხშირად ვხედავთ სხვადასხვა ბრენდის რეკლამასა თუ მარკეტინგულ კამპანიაშია. ამის პარალელურად, არაჩვეულებრივად გამოიყურება და რჩევებს სხვა ქალებსაც ხშირად უზიარებს.

თეა დარჩია წლების მანძილზე ანსამბლ "სუხიშვილების" წამყვანი მოცეკვავე იყო, ახლა კი აქვს საკუთარი სტუდია, სადაც დამწყებ მოცეკვავეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
თეა დარჩიას მეუღლე გუჯა მათიაშვილია. თეას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ, რომ არა მისი მეუღლის მხარდაჭერა და თანადგომა, მას ასეთი წარმატებული კარიერა ვერ ექნებოდა. გუჯასა და თეას 4 შვილი, მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. დედის გზა მხოლოდ მარიამმა აირჩია და ახლა ისიც "სუხიშვილების" მოცეკვავეა. სულ ცოტა ხნის წინ ის პირველი შვილის, ლეას დედა გახდა, პროფესიასა და სცენას კი უკვე დაუბრუნდა.

ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი, თაკო, ანა, გუგა და ანდრია ჰყავთ.
ნინო დღეს აქტიური სამოდელო კარიერით აღარ არის დაკავებული, თუმცა სხვადასხვა ბრენდსა თუ კომპანიასთან კვლავ თანამშრომლობს და ხშირად იღებს მონაწილეობას გადაღებებში. გარდა ამისა, ხელმძღვანელობს სამოდელო სააგენტოს და ეხმარება ახალგაზრდებს ამ სფეროში წარმატების მიღწევაში.

ანუკი არეშიძემ კახა კალაძეზე 2007 წელს იქორწინა. მაშინ ანუკი არეშიძე სამოდელო კარიერას იწყებდა და პირველი ნაბიჯების გადადგმას იტალიაში ცდილობდა. ანუკის ქორწინებაში ოთხი შვილი, ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა შეეძინათ.
ანუკი არეშიძე დღეს რამდენიმე ბიზნესის მფლობელია, მათ შორის, ქალის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზის, საბავშვო სამოსის ხაზის, კოსმეტიკური ხაზის. ამის პარალელურად, აქტიურია სოციალურ ქსელში და საკუთარი ბრენდების კამპანიებში ხშირად თავად იღებს მონაწილეობას.

ლელა კილაძის პარტნიორი მუსიკოსი გიორგი ცაგარელია. მათ ცოტა ხნის წინ პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ანდრია დაარქვეს. ანდრია ლელასთვის მეხუთე შვილია.
ლელას სხვადასხვა ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს - პირველი ქორწინებიდან 2 ვაჟი, მეორიდან - ერთი ვაჟი, მესამიდან - ერთი გოგონა.
მრავალშვილიანი დედობის მიუხედავად, ლელა კილაძე ახერხებს, დრო დაუთმოს საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს. ის ბოლო წლებში ხატვითაა გატაცებული და 2024 წელს პერსონალური გამოფენა სახელწოდებით "ბაღი, სადაც გადავრჩი" მოაწყო:
"2017 წელს დავიწყე ხატვა. თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ძალიან რთული პერიოდი მქონდა - მაგ პერიოდში პირველად რომ შევძელი ჩემი ემოცია, შიგნიდან რაც მაწუხებდა, ფურცელზე გადმომეტანა, მერე მივხვდი, რომ ამისგან გავთავისუფლდი, მაშინ დავიწყე ხატვა. მას მერე სულ ვხატავ. ეს არის ის სამყარო, რაც მე მაინტერესებს", - ამბობდა ლელა.

თიკა ალავიძე-ფაჩულია კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას მეუღლეა. თიკა დღეს ოთხი შვილი, დათას, საბას, მარიამისა და ნუცას დედაა. ის წლების წინ "სუხიშვილების" მოცეკვავე იყო და სწორედ ერთ-ერთ კონცერტზე გაიცნო მომავალი მეუღლეც.
თიკამ მოცეკვავის კარიერა აღარ გააგრძელა, თუმცა ახლა ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს და ჩართულია საოჯახო ბიზნესში, ამასთან, აქტიურია სოციალურ ქსელშიც.

ნინო გველესიანი ძიუდოისტ ბექა ღვინიაშვილის მეუღლეა. მათ ოთხი შვილი, მაშო, გიორგი, მელანია და მატილდა ჰყავთ. ქორწინებამდე ნინო აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სტუდიურ გადაღებაში, ახლა კი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და ისევე, როგორც სხვა უამრავი ქალი, ინფლუენსერობითაა დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ ნინო 4 შვილის დედაა და ხშირად საუბრობს სირთულეებზე, რაც ამ ყველაფერს თან ახლავს, ასევე ხშირად უზიარებს გამომწერებს დედობის გამოცდილებას და აძლევს მოტივაციას სხვა ქალებსაც, რომ არ შეეშინდეთ, იყვნენ მრავალშვილიანი დედები.

თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან ქორწინების დროს 4 გოგონას დედა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ორივე მათგანი აქტიურადაა ჩართული შვილების აღზრდაში. თაკო პერიოდულად სხვადასხვა გადაცემასაც სტუმრობს და სოციალურ ქსელშიც ხშირად წერს საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ. ის არაჩვეულებრივ ფორმაშია და აძლევს სხვა ქალებს მოტივაციას, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაუთმონ დრო ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, თაკო ტაბატაძე მსახიობის ამპლუაშიც ვიხილეთ - ეს მისი პროფესიაა და ამ მიმართულებით დატვირთული და საინტერესო გზა აქვს.

თამარ ბაგრატიონი მიხეილ ყაველაშვილის მეუღლეა. როგორც ცნობილია მას პირველი ქორწინებიდან ერთი, ხოლო მეორე ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. აქამდე მისი საჯარო საქმიანობის შესახებ ცნობილი არაფერი იყო, თუმცა თამარ ბაგრატიონი პერიოდულად ჩნდება მეუღლის გვერდით საჯარო ღონისძიებებზე და სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით გლობალურ კონგრესსაც დაესწრო.
