საქართველოს უახლეს ისტორიაში „პირველი ლედის“ ინსტიტუტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა, პირველი ლედი არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ვიზიტებისას, კულტურულ თუ საქველმოქმედო ასპარეზზე საქართველოს სახეს წარმოადგენს.
რა ევალება საქართველოს პირველ ლედის?
საქართველოს კანონმდებლობით, პირველი ლედის ფუნქციები მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუმცა ტრადიციულად, მასზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლობითი პასუხისმგებლობა გადის. პირველი ლედი მეუღლესთან ერთად მონაწილეობს ოფიციალურ მიღებებში, მასპინძლობს სხვა ქვეყნის დელეგაციებს და, რაც მთავარია, ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას. როგორც წესი, ისინი ირჩევენ კონკრეტულ სფეროებს - ჯანდაცვას, განათლებას ან სოციალურ საკითხებს - და ხდებიან ამ მიმართულებების წარმომადგენლები.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველი ლედის სტატუსს სხვადასხვა დროს ატარებდნენ: მანანა არჩვაძე-გამსახურდია, ნანული შევარდნაძე, სანდრა ელისაბედ რულოვსი და მაკა ჩიჩუა. 2018 წლიდან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ, ქვეყანას პირველი ლედი არ ჰყოლია. დღეს პირველი ლედის ამპლუა მიხეილ ყაველაშვილის მეუღლეს, თამარ ბაგრატიონს აქვს მორგებული.
მაკა ჩიჩუა საზოგადოებამ ჯერ კიდევ პირველ ლედობამდე გაიცნო, როგორც ნიჭიერი მსახიობი, მხატვარი და მუსიკოსი. მისი კარიერა ხელოვნებასთან არის დაკავშირებული, თუმცა 2014 წლიდან, როდესაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე გახდა, მის ცხოვრებაში ახალი, საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო. მაკა და გიორგი ორ შვილს - თემოსა და თომას ზრდიან.
როგორც პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა შშმ პირთა უფლებებსა და ინკლუზიური გარემოს შექმნას. მისი უშუალობა და ბუნებრიობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მან საზოგადოების დიდი სიმპათია დაიმსახურა.

თავად მაკა ჩიჩუა პირველი ლედის ამპლუასა და იმ პერიოდის სირთულეებს კოტე მათითაშვილის პოდკასტში სტუმრობისას ასე იხსენებს:
„მე თავისუფალი ადამიანი ვარ და პირველი ლედობის პერიოდში დიდად არ შემიზღუდავს თავი, მაგრამ მინდოდა თუ არ მინდოდა, ვიღაცებთან შეხვედრა მიწევდა გიორგის გამო. ჩემი გრაფიკი იმ პერიოდში მთლიანად ჩემზე, ჩემს ინტერესებზე მქონდა მორგებული - შშმ პირებთან ურთიერთობა, ქალების უფლებების დაცვა...
ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში შედგა. ეს ამბავი ძალიან ემოციური იყო. პოლონეთის პირველი ლედი ძალიან სასიამოვნო ქალბატონი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, შეხვედრების დროს, არაფორმალური საუბრისას, მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე არიან. საჭორაოდ რომ გავედით, პროტოკოლზე ვისაუბრეთ - იმაზე, რომ ასეთი შეხვედრების დროს შეიძლება ისეთი რამ გეცვას, რაც შენთვის მაინცდამაინც კომფორტული არ არის, და სხვა დეტალებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.
პოლონეთის პირველ ლედის ჩემი ანკეტა ჰქონდა ნანახი. იქ წაიკითხა, რომ მსახიობი ვარ და აღნიშნა, რომ ჩემი პროფესიის გავლენა მეტყობოდა - მითხრა, რომ ყველაფერი ძალიან ბუნებრივად გამომდიოდა. ვუპასუხე, რომ გარკვეული როლები კი მაქვს შესრულებული, მაგრამ მსახიობი არ ვარ, უბრალოდ ძალიან მალე და მარტივად მოვირგე ეს ამპლუა, შევედი როლში და არ დავიძაბე.
ეს მნიშვნელოვანი ამბავი იყო - პოლონეთში პრეზიდენტთან ჩავედით, წითელ ხალიჩაზე გავიარეთ, ჰიმნი დაუკრეს... იქ მხოლოდ მეუღლეს ხომ არ წარმოვადგენდი? ბუნებრივია, ქვეყანას წარმოვადგენდი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პასუხისმგებლობა, ქვეყანა ღირსეულად წარადგინო. ქვეყანა, რომელშიც დავრჩი, არცერთ ეტაპზე აქედან არ გავქცეულვარ და მიყვარს - ეს ჩემი სამშობლოა“.
