"ვუთხარი - არაუშავს, ოღონდ იყავი, კარგად იყავი და მე ამას ავიტან, დედა..." - ეკა მამალაძე ნანი ბრეგვაძის შესახებ - Marao

"ვუთხარი - არაუშავს, ოღონდ იყავი, კარგად იყავი და მე ამას ავიტან, დედა..." - ეკა მამალაძე ნანი ბრეგვაძის შესახებ

2026-03-27 17:56:26+04:00

„საოცარ რაღაცას გეტყვით - ერთხელ ნანიმ მითხრა, მე რომ არ ვიყო შენ გვერდით, შენ უფრო წინ იქნებოდი, მე უკან გწევო. ვუთხარი - არაუშავს, ოღონდ იყავი, კარგად იყავი და მე ამას ავიტან, დედა...

გული ამიჩუყდა, როცა მითხრა, რომ მე ალბათ ხელს გიშლიო. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ნანის შვილი ვარ. ასეთი დიდი ხელოვანის შვილობა, ვფიქრობ, რომ ძალიან რთულიც არის და ჩრდილქვეშაც ვარ…“ - ამბობდა ეკა მამალაძე დედის, ნანი ბრეგვაძის შესახებ. 

eka-mamaladze

ეკა მამალაძის დიდი ოჯახი

ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.

  • ეკა მამალაძე 50 წლის წინ: როგორ გამოიყურებოდა მომღერალი მაშინ და როგორია მისი ცხოვრება დღეს

ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.

"18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი, ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. ალბათ მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება ასეთ ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, რომ შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, უკვე დაღვინებული გახლდათ. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს" - იხსენებდა ეკა მამალაძე.

  • "გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა - ის კი ცოლიანი იყო" - უცნობი ამბავი და ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ

31 წლის ასაკში ეკას კვლავ ეწვია სიყვარული და მომღერალი ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეს გაჰყვა ცოლად. მერაბი და ეკა პირველად ერთმანეთს მეგობარმა გააცნო, შემდეგ მათი გზები მოსკოვშიც გადაიკვეთა და რამდენიმე წელში საზოგადოებამ ეკა მამალაძის მეორე ქორწილის შესახებაც შეიტყო.

მალე მომღერალს ოცნების გოგო ეყოლა, 1991 წელს ნატალია ქუთათელაძე დაიბადა. როდესაც ნატალია 12 წლის იყო, ეკა და მერაბი დაშორდნენ. მომღერალს დაშორების მიზეზი არ გაუმხელია. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ასე მოხდა და გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ნატალიაზე მშობლების დაშორებას არ უმოქმედია.

 "ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერი გიშველის" - ამბობდა ეკა.