_ ხო, ლიზა, ისე, ეს სერიოზული არგუმენტია, _ შენიშნა ჯონი სივსივაძემ, _ მანქანა ჰაერში ხომ არ აორთქლდებოდა?
_ გააჩერებდა სადმე გზისპირას. მერე კი ვიღაც მოიპარავდა. რა, ასეთი შემთხვევები არ ხდება?
_ მაგალითად, ვინ? _ ჩავერიე, _ მაგ მიდამოებში არავინ ცხოვრობს. უახლოესი სახლი მხოლოდ ჩამოსახვევშია.
_ და ზუსტად რა ადგილას იპოვეს?
_ ონკოლოგიურს როგორც კი გასცდები, დაახლოებით ორას მეტრში, გზიდან მოშორებით, ხეების კორომში.
_ ჰო, მართალი ხართ, _ დამეთანხმა ნატა.
_ არა, რა მართალი! ედი ცდება! _ აპილპილდა ელიზა.
_ მეც ჰამლეტის ჩადენილი მგონია მკვლელობა. სხვა ვინ უნდა იყოს კიდევ? _ ხმადაბლა წარმოთქვა ლადომ.
_ დასკვნებისგან თავს შევიკავებ, _ გულგრილად გამოაცხადა სივსივაძემ, _ მაგრამ თუ გაინტერესებთ, მე მხარს კაპიტანს ვუჭერ. მან არ იცის პასუხი კითხვაზე, სად გაქრა მანქანა. ვერც მე ავხსნი ამას და ვერც თქვენ ხსნით, როგორც ვხედავ.
_ მშვენივრად იხალისეთ, მეგობრებო და საკმარისია, _ ცივად გამოვაცხადე, _ აქ იმისთვის კი არ შეგკრიბეთ, გადაგეწყვიტათ, ნემსაძემ მოკლა თუ არ მოკლა გოთუა. პირადად მე არ მჯერა, რომ ეს მისი ჩადენილია, ამიტომ ვალდებული ვარ, ალტერნატიული ვერსიები გავასაჯაროო. ნამდვილი მიზეზა ესაა, ამიტომ გთხოვეთ, მოსულიყავით. მინდა დამეხმაროთ, შევამოწმოთ ჩემი ვერსია და ფაზლის ნაწილები ისე დავალაგოთ, რომ სრული სურათი მივიღოთ.
_ გენიოსი მეძებარი! _ თქვა ელიზამ, საჩვენებელი თითები პირში ჩაიდო, დაუსტვინა და ბოლოს სიცილი ატეხა.
_ გენიოსი ვარ თუ უვარგისი, ეს ბოლოს გამოჩნდება, _ მშვიდად წარმოვთქვი და ფეხი ფეხზე გადავიდე, _ ახლა კი ყველას გთხოვთ, გაჩუმდეთ და მე მომისმინოთ.
დავიწყე ჩემი ვარაუდების გამოთქვა. ოთხივეს მივაწოდე თეორია, რომელიც დაწვრილებით დავამუშავე მანქანაში. მოვუყევი მათ ადამიანზე, ვინც გოთუას შანტაჟის იდეა ჩააწოდა. ადამიანი, რომელიც გამუდმებით მხატვრის ზურგს უკან იდგა და მის ყოველ ნაბიჯს გეგმავდა. ელიზა სიცილით კვდებოდა, ჯონი კი ჩაფიქრებული იჯდა. ლადო ოდნავ შეცბუნებული ჩანდა, ხოლო ნატა, მგონი, საერთოდ არ მისმენდა. აშკარა იყო, რომ ჩემი სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
_ ერთი შეხედვით, საზრიანი თეორიაა, კაპიტანო, _ თავაზიანად შენიშნა ლადომ, _ მაგრამ ამ კრეტინობის რაღაც კაპიკების გამო წამოწყება ჭკვიანური გგონიათ? აველინამ ორი ათასი დოლარი გადაიხადა თავის სურათში. მითხარით ერთი და ორი ათასი დოლარი დღეს რა ფულია? ამას მე ბიზნესს ვერ დავარქმევ, _ აიჩეჩა თავისი განიერი მხრები ლოლაძემ.
_ მე ოთხი ათასი გადავიხადე, ძვირფასო, _ მთელი სარკაზმი ჩააქსოვა ნატამ ნათქვამს და ქმარს გამომწვევად გადახედა.
ლადოს ყბა ჩამოუვარდა, როცა ცოლმა ყველას გასაგონად წამოაყრანტალა თავისი საიდუმლო და ისეთი თვალებით მიაშტერდა, მარტონი რომ ყოფილიყვნენ, ალბათ იქვე მიახრჩობდა.
_ ოთხი ათასიც ხურდაა ჩემთვის! _ კბილებშუა გამოცრა მცირეოდენი პაუზის შემდეგ, _ შენ კი გოიმი ხარ, წამოგიკიდეს!
_ ამიტომაც აწი თავს აღარ მოიკატუნებ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდი, _ თავაწეულად მიახალა ცოლმა.
_ მოდი, ნუღარ ვიკამათებთ, საქმეს მივხედოთ, _ მანდილივით ჩავდექი მოკინკლავე ცოლ-ქმარს შორის, _ ლადომ კარგი შეკითხვა დასვა, _ ხმას უფრო ავუმაღლე, _ და არა მხოლოდ კარგი, საუკეთესო! შესანიშნავი! და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ამ კითხვაზე მე პასუხი არ მაქვს! განა ღირდა გოთუას შანტაჟი ამად? მართლაცდა, ორი-სამი ათასი დოლარი დიდი ფული ნამდვილად არ არის. ამით ვერავინ გამდიდრება.
ლადოს იმწუთასვე გადაავიწყდა თავისი ცოლი და ჩემკენ მოტრიალდა.
_ არ მესმის თქვენი, კაპიტანო!
_ მოდი, ყველანი მაგიდას შემოვუსხდეთ და ვეცდები, აგიხსნათ, რასაც ვგულისხმობ. სავარძლები აქეთკენ მოაჩოჩეთ, რომ ფეხზე დგომამ არ მოგიწიოთ, _ გამოვაცხადე და პირველმა მე გავახრიგინე ჩემი სავარძელი მაგიდისკენ.
_ და მერე რა იქნება? ფოკუსი უნდა გვიჩვენო, ედი? _ დაინტერესდა ელიზა, როგორც კი ადგა.
პასუხი არ გავეცი. მაგიდის თავში დავჯექი და დაველოდე, სანამ მის გარშემო სხვები გადანაწილდებოდნენ, მერე კი მაგიდაზე ოთხი შიშველი ქალის ფოტო ერთმანეთის მიყოლებით დავალაგე.
_ ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციაა, _ დავიწყე, _ ელიზამ გადაიხადა ორი ათასი დოლარი, _ და ზამბახიძის სურათი განზე გადავდე, _ აველინამ _ სამი ათასი, ნატამ კი ოთხი, _ თან მიყოლებით ვიღებდი ფოტოებს და განზე ვალაგებდი, _ ერთადერთი, ვინც არ გადაიხადა, აი, ეს უცნობი ქალბატონია, რომელიც გაბროს შანტაჟზე არ წამოეგო.
_ და ვინაა ეს ქალბატონი, გაირკვა?
ვიგრძენი, სახეზე როგორ წამოვხურდი, მაგრამ არ დავბნეულვარ.
_ ჯერჯერობით მის ვინაობას ვერ გავამხელ. თანაც, სრულიად უცნობია, ამიტომ თქვენთვის საინტერესო არ იქნება ამის გაგება. მე სხვა რამის თქმა მინდა. გოთუა ამბობდა, აველინა ხუთი ათასსაც გადაიხდისო და ამას გააკეთებდა კიდევაც, თუმცა არ დასცალდა, მოკლეს.
_ როგორ გააკეთებდა, როცა აველინამ უკვე გადაუხადა? _ გაწიწმატდა ელიზა.
_ გადაიხადა, მაგრამ პორტრეტი არ წაუღია. იმ ღამეს კი გაბრომ ის თავისთან დაიბარა. სწორედ ამ დროს აპირებდა მისთვის კიდევ სამი ათასის დაცინცვლას. საბოლოოდ რა გამოდის? ცხრა ათასი ექვს თვეში. ამას აველინას სამ ათასიც რომ დამატებოდა, თორმეტი ათასი გამოვიდოდა. ამას გამოვაკლოთ გოთუას აგენტის, ლერი დიდიძის ოცდაათი პროცენტი. საბოლოოდ რა დარჩებოდა გაბროს? ბევრი არაფერი. თქვენ მართალი ხართ, ლადო. ისეთი ადამიანისთვის, როგორიც გაბრო იყო, ვისაც ქალები უყვარდა, ეს შეიძლება კარგი ლუკმაც ყოფილიყო, მაგრამ ნამდვილი საქმოსნისთვის მხოლოდ კაპიკები იქნებოდა!
_ მაშინ რაღაზე ვმსჯელობთ? _ გაიკვირვა ელიზამ.
_ უცნობ ფაქტორზე, _ მშვიდად მივუგე და ერთი ფოტო თავის ადგილას დავაბრუნე, _ მოიფიქრეთ ამ ლამაზმანისთვის სახელი. მაგალითად, დავარქვათ ანა, რომელიც ვახტანგ ხინთიბიძის ახლო ნათესავია და ჩათვალეთ, რომ ამ საქმის იდუმალი შეფი ისევ საქმეშია! _ კარტი ბოლომდე გავხსენი და სათქმელიც დავამთავრე.
ნატამ ქმარს შეხედა, ელიზამ კი სივსივაძეს.
_ ვინ ანა, ხინთიბიძის ძმისშვილი? _ იკითხა ნატამ და ირგვლივ მიმოიხედა, _ ამ სურათზე ისაა დახატული? _ მაგიდისკენ გადაიტანა მზერა, სადაც სხვა ფოტოების გვერდით ჩემი ანოს სურათი იდო.
_ ჰო, ის არის, _ ჩაიბურტყუნა ლადომ.
_ მაპატიე, ედი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცოდით, ეს რომ ანა იყო, უბრალოდ, არ გითხარით.
_ ოჰ, სიბრაზისგან სისხლი საფეთქლებში მომაწვა, ელიზა, _ ირონიით წარმოვთქვი და ჩავიღიმე, _ საინტერესოა, ვის რას უმტკიცებდით ამის დამალვით? მეც თავიდანვე ვიცოდი, ვინც იყო, მაგრამ ველოდებოდი, რომელი თქვენგანი გამიმხელდა პირველი მის ვინაობას.
ოთხივემ ეჭვით სავსე მზერა მესროლა და მოლაპარაკებულებივით წამოიმართნენ სკამებიდან, აქაოდა, მოგვბეზრდა შენი უაზრო ლაქლაქი, ამიტომ სახლებში დაბრუნება აჯობებსო.
რა თქმა უნდა, ვიტყუებოდი, მაგრამ თუ რომელიმე მეტყოდა, შენ საიდან იცნობდი ანას, ვის აბოლებო, კოზირი ხელში მეჭირა _ თამამად შემეძლო მეთქვა, რომ ის ჩემი ყოფილი ცოლია და მოხარშულს ვიცნობ.
თუმცა კონტრშეკითხვა არავის დაუსვამს და მეც აღარ განვავრცე.
_ მოიცა, მოიცა! _ შესძახა ჯონიმ, _ რა შუაშია აქ ანა? მას არც სურათი უყიდია და არც გაუპროტესტებია გაბროს მაქინაციები. ალბათ მისი დაშანტაჟება ვერ გაბედა, ხომ?
_ გაბედა, _ თავის დაქნევით ვთქვი, _ მაგრამ ანა არ წამოეგო მის გადაგდებულ ანკესს. ამან მისი, ასე ვთქვათ, მრჩეველი თუ შეფი ძალიან გააღიზიანა. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ხინთიბიძის ძმისშვილს შანტაჟით მაგრად დააშინებდა და კარგ ფულს მოტეხდნენ. რახან ასე არაფერი გამოვიდა, სხვა გზას დაადგნენ. გოთუამ გადაწყვიტა, ვახოს მარჯვენა ხელი ენახა, ანუ ჰამლეტ ნემსაძე და მისთვის მოეთხოვა ფული. ანუ მას ორმაგად დააშანტაჟებდა _ საკუთარი ცოლის პორტრეტით და პარალელურად ანას სურათით. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა ნემსაძე? _ შეკითხვა დავსვი, სიგარეტს მოვუკიდე და დახურულ კარს ზურგით მივეყრდენი, თან თვალს არ ვაშორებდი არცერთ მათგანს, ლამის ზეპირად შევისწავლიდი თითოეულის გამომეტყველებას.
_ კი მაგრამ, რატომ არ დასხდებით? ფეხზე რატომ დგახართ? _ გამომწვევად ვიკითხე, _ ვერავინ ვერსად ვერ წავა აქედან, სანამ მე არ ვეტყვი. საქმე დასამთავრებელია და აქ და ამ ღამით უნდა დამთავრდეს! წვეულებების დრო წასულია!
ყველა ნელ-ნელა დაუბრუნდა თავის სკამს და მე მომაჩერდა, თან ყურადღებით. მე კი თითები ერთმანეთში გადავხლართე და იერიშისთვის მოვემზადე, რომ დამნაშავისთვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიმეცა. ახლა ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ დავალაგებდი სათქმელს და როგორ აღვწერდი სიტუაციას, რათა მკვლელი ჩიხში მომექცია.
_ დღეს ანო ასათიანს ვესტუმრე ხინთიბიძის სახლში და ვესაუბრე. მისგან გავიგე, რომ ის გოთუას თამაშში არ აჰყვა და წამითაც არ შეუშინდა შანტაჟს. საამისო მიზეზიც ჰქონდა. მას პორტრეტზე სახე არ უჩანდა და ვერავინ დაუმტკიცებდა, რომ ტილოზე ის იყო დახატული. სამაგიეროდ, ჰამლეტის დაბოლება არ იქნებოდა რთული, რადგან ის ორმაგად გაებმებოდა ბადეში. თან თავისი ცოლით ემუქრებოდნენ, თან ანას პორტრეტით. თუმცა მოხდა სრულიად საპირისპირო რამ. ნემსაძემ შექმნილი სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
_ ეგ როგორ? _ ელიზა სმენად იქცა და ისე დაინტერესდა, რომ მთელი ტანით ჩემკენ გადმოიხარა.
_ იმ ღამეს, როცა ქუთაისში უნდა გაფრენილიყო, ზომაზე მეტი დალია და აველინასთან დაიტრაბახა, ხინთიბიძეს მალე კუთხეში მივიმწყვდევო. როცა ცოლმა სთხოვა, ამიხსენი, რას გულისხმობო, ქმარმა უთხრა, რომ იპოვა ადამიანი, რომელიც არასდროს არსებობდა და დააკავშირა ქალთან, რომელიც ასევე არ არსებობდა და ვერც ვერასდროს იარსებებდა.
_ ვერაფერი ვერ გავიგე! _ ხელები გაასავსავა ლადომ.
_ ქალში, რომელიც არასდროს იარსებებდა, ნემსაძემ ალბათ ანა ასათიანი იგულისხმა, არა? _ გამოთქვა ვარაუდი ნატამ, _ ამბობენ, ვახო მას ზედმეტად ელოლიავება და უფრთხილდებაო. მაგ საცოდავს ხომ შვილი არ ჰყავს და საერთოდ, არც სხვა ვინმე ახლო ნათესავი.
_ ხოლო მამაკაცი, რომელიც არასდროს არ არსებობდა, ჩვენი მხატვარია მგონი, _ ჯონი ახარხარდა, _ დონ კიხოტი! მან ხომ ფსევდონიმად გაიხადა ეგ სახელი, ოღონდ რა მიზეზით, მართლა არ ვიცი!
_ ელიზა, გახსოვს, შენ მითხარი, გოთუას ორი ათასი ეცოტავაო და თუ ფულს არ დაუმატებდი, მოგიწევდა მისთვის სხვა მსხვერპლების მოძებნა.
ელიზა შეკრთა, მაგრამ მაინც სრულიად მშვიდად წარმოთქვა:
_ ჰო, მახსოვს, ედი.
_ უნდა გეპოვა მისთვის შესაფერისი დაქალები, მოწყენილი ცოლები, მდიდარი ქალბატონები. ხომ ასე გეუბნებოდა?
ზამბახიძემ თავი დამიქნია.
_ და ვინ უპოვე, ლი-ზი? _ ეს სახელი განსაკუთრებული ირონიით წარმოვთქვი.
_ ნატა, _ ხმადაბლა წარმოთქვა ელიზამ და ნირწამხდარმა დაამატა, _ და აველინა.
_ ვოოო! _ თითები გავატკაცუნე და ისეთი ტონით წარმოვთქვი, სკოლის მოსწავლეს რომ შეაქებენ რთულ კითხვაზე სწორი პასუხისთვის.
_ რა-ა?! _ ამის გაგონებაზე ნატას სიბრაზისგან ცისფერი თვალები ჩაუმუქდა და სკამიდან წამოხტა, _ შე ბინძურო ძუკნა! იაფფასიანო ბოზო! გინდა მითხრა, რომ გაბროსთან ჩემი შეხვედრა იმ შენს თაგვის სოროში წინასწარ იყო მოწყობილი?
_ ხომ გეუბნებოდი, გოიმი ხარ და წამოგიკიდეს-მეთქი, _ სიმწრით ჩაიცინა ლადომ და დაძაბულმა ფეხი ფეხზე გადაიდო.
_ უკვე გვიანაა ამაზე გაბრაზება, ქალბატონო ნატა, _ ჩავერიე, _ აჯობებს დამშვიდდეთ.
_ დამშვიდებით კი დავმშვიდდები, კაპიტანო, _ გამოსცრა ქალმა კბილებში, _ მაგრამ არასდროს დავივიწყებ! შენ კი, _ განრისხებული ქმარს მიუბრუნდა, _ ტყუილად გიხარია. ღირსი იყავი, რქები რომ დაგადგი. მე შეიძლება გოიმი ვარ, მაგრამ შენ თვითონ ვინ ხარ, იცი? რქიანი!
ამის გაგონებაზე ლადო გალურჯდა, მაგრამ იმწამსვე მივაჭერი და მხარზე ხელი დავადე, რომ ცოლისთვის არ დაერტყა.
_ ლადო, არ გინდათ, გთხოვთ, _ მხარზე მძლავრად მოვუჭირე თითები, _ ოჯახური გარჩევები ამწუთას არაფერში გამოგვადგება. ეგ საკითხი შინ მოაგვარეთ. ახლა სხვა რამე გვაქვს გასარჩევი, _ და როგორც კი ლადო მიყუჩდა, ელიზას გავხედე, _ ისე, აველინამ კი გადაგიჯოკრა ერთ საქმეში. ეს თუ იცი?
ელიზას მზერა დაუფრთხა.
_ რა საქმეში?
_ როგორ გგონია, გოთუას ანა ვინ გააცნო?
ზამბახიძე ჩემმა შეკითხვამ დააბნია.
_ ვინ? არ ვიცი. მე ნამდვილად არა.
_ აველინა ნემსაძემ. თუმცა შეგნებულად არ გაუკეთებია ეს. მან მაშინ არ იცოდა გოთუას თაღლითობის სქემის ამბავი. უბრალოდ, ურჩია ანას, კარგი მხატვარია, შენ კი ისეთი სხეული გაქვს, არაჩვეულებრივ პორტრეტს დაგიხატავსო.
_ და მერე რა?
_ რა ვიცი, იქნებ ასე აცნობდით მას საკუთარ დაქალებს ყველანი და მახეს უგებდით ერთმანეთს? გამორიცხული არაფერია. რატომ არ უნდა დავუშვა ეს ვარაუდი? თანაც, ძალიან მაინტერესებს, შენ თვითონ ვინ გაგაცნო გაბრო? ვინ წარგადგინა დიდებულ საყვარელთან?
_ არავინ, _ შეცბა ელიზა.
_ ეგ როგორ? შენ გაწირე შენი დაქალები. ნუთუ შენ არავინ გაგწირა? თუ არ გინდა ამის აღიარება? _ არ მოვეშვი.
_ არა, მე გაბრო სრულიად შემთხვევით გავიცანი ღამის ბარში. ვილაპარაკეთ, მოგვეწონა ერთმანეთი და ყველაფერი აქედან დაიწყო.
_ ხოო? კაცმა სრულიად შიშველი, უბრალოდ, ისე დაგხატა, არაფრის გამო? _ კედელთან მივაყენე ჩემი დაჟინებული შეკითხვით.
ელიზა გაწითლდა.
_ გაბრომ მითხრა, ისეთი ლამაზი სხეული, შენ რომ გაქვს, არცერთ სხვა ქალს არა აქვსო. მე ეგეთი ქალი ჯერ არ შემხვედრიაო, _ ჩურჩულით ამოთქვა, _ ალბათ მინდოდა ეს დამეჯერებინა.
_ სამაგიეროდ, ერთ არაჩვეულებრივ დღეს, როცა შენ საკუთარი პორტრეტით აღფრთოვანებას ვერ მალავდი, თავში უეცრად გენიალური იდეა მოგივიდა, _ დავიწყე კვანძის შეკვრა, _ რა მოხდებოდა, ეს სურათი ჩემი კი არა, გათხოვილი ქალის ყოფილიყო, რომელიც მისმა საყვარელმა დახატა? რამდენს გადაიხდის ეს ქალი, რომ ტილო მის ქმარს არ ჩაუვარდეს ხელშიო?
_ სისულელეს ნუ იძახი! _ აპილპილდა ზამბახიძე.
_ სხვათა შორის, სულ არ მგონია, რომ კაპიტანი სისულელეს იძახის, _ ჩაგვერთო სივსივაძე, _ შენგან ყველაფერია მოსალოდნელი. ედი, მაგარი ხარ! მიდი, წარმოგვიდგინე სრული სურათი! ვნახოთ, რა გამოვა! _ აზარტში შესულივით იყვირა.
_ ჯონი! _ მუდარით სავსე მზერა მიაპყრო ელიზამ თანამშრომელს, _ გთხოვ, არ გინდა ეგეთები!
მაგრამ ჯონის მზერა უფრო და უფრო უმოწყალო და დაუნდობელი ხდებოდა. რაღაც კიდევ იყო ამ მზერაში, რაც ვერ დავიჭირე. იქნებ რაიმე მიზეზი ჰქონდა სივსივაძეს და სამაგიეროს უხდიდა ელიზას? მან ორივე ხელი იდაყვში მოხარა და საჩვენებელი და ცერა თითების ტკაცუნს მოჰყვა.
_ ღმერთო, რა დავაშავე! _ ატირდა ზამბახიძე, _ რას გინდა ამით მიაღწიო? მეტი აღარ შემიძლია! გითხარი კიდევაც წამოსვლის წინ, ჯონი, მეტი აღარ შემიძლია-მეთქი! გესმის ჩემი?
ჯონი კი კვლავ აგრძელებდა თითების ტკაცუნს, თან რიტმს უფრო და უფრო უმატებდა.
_ ჩვენი ლიზი… ანუ ესაა გაბროს მთავარი შეფი? _ ჯიბრი ჩააქსოვა შეკითხვაში.
ელიზამ სახე ხელებით დაიფარა და აზლუქუნდა. ნატამ დაუფარავი სიხარულით შეხედა დაქალს, აშკარად ზეიმობდა, რომ ასე ადვილად გამოიჭირეს. ლადო შემებრალა, ასეთ “სწერვა” ქალზე რომ იყო დაქორწინებული. ასეთი ცოლისგან კარგს არასდროს უნდა ელოდო. თუ პირიქით _ ასეთი ცოლისგან ყოველთვის ცუდს უნდა ელოდო.
_ ელიზა! _ საკუთარ ხმას საკმაო რიხი შევძინე, რომ მისი ზლუქუნი გადამეფარა, _ აველინა პირველად შენ გამოგიტყდა იმაში, რომ გაბროსთან რომანი გააბა. ასე იყო? თქვენ ხომ საუკეთესო დაქალები იყავით.
_ ხო, ხო, ასე იყო! _ ზამბახიძემ ხელები ჩამოსწია და ცრემლებით დასველებული სახე გამოაჩინა, მის გამოხედვაში ერთდროულად შიშიც იგრძნობოდა და ზიზღიც, _ მე მომიყვა პირველად!
_ და ლიზი, ანუ შეფი მიხვდა, რომ მხატვარმა ის მოქესტა! _ მხიარულად გამოაცხადა სივსივაძემ, _ როგორ ფიქრობ, ედი, უკვე ვუახლოვდებით ამ ამბის მწვერვალს? აი, თურმე რატომ მოკლა გოთუა. შურისძიების გამო, არა?
_ ყველაფერი, რაც გოთუას მკვლელობას ეხება, ორი პუნქტის გარშემო ტრიალებს, _ კვანძის გახსნას შევუდექი, _ ერთი მხრივ, ხინთიბიძე დიდი ფიგურაა. მეორე მხრივ, თქვენი სააგენტო პაჭიკოს გარმონივით დაიშლებოდა, თუკი ამ დიდი ფიგურის მხარდაჭერას დაკარგავდა. ოთხი ქალი ოთხი პორტრეტის წყალობით შანტაჟში გაება. ეს ქალები არიან: აველინა ნემსაძე, ვახტანგის სასახელო თანაშემწის ცოლი; ანო ასათიანი, საკუთარი ძმისშვილი; ელიზა ზამბახიძე, მისი ფინანსების განმკარგველი სააგენტოში და ნატა ლოლაძე, მეუღლე სააგენტოს ერთ-ერთი თვალსაჩინო თანამშრომლისა და რაღაც კუთხით პარტნიორისაც, _ და ლადოს შევხედე, _ შემიძლია წარმოვიდგინო, თქვენს სააგენტოში პარტნიორობა რას ნიშნავს, ლადო. ეს ნიშნავს, რომ დაოთხილმა იმუშაო თავის გამოსაჩენად და ამავე დროს გააცნობიერო, რომ მთლიანად ხინთიბიძეზე ხარ დამოკიდებული, ძალაუფლება მის ხელშია, თავად კი ნული ხარ, არაფერს წარმოადგენ. ამის გააზრებამ შეიძლება ცხოვრება უაზრო გახადოს. არ მეთანხმებით?
_ მართალი ხარ, ედი! _ გაისმა ლადოს ხმა, _ ხანდახან ძალიან ცუდად მძინავს ღამღამობით, _ მხრები აიჩეჩა, _ სულ დაძაბული ვარ, რომ საქმე არ ჩაფლავდეს. მხოლოდ თავდაუზოგავი მუშაობით შეიძლება რაღაც შედეგის მიღწევა, მხოლოდ ასე შეიძლება შეეცადო სიტუაციის შენს სასარგებლოდ შეცვლას.
წარბები ირონიულად ავწკიპე.
_ ხოლო შიშველი პორტრეტების აფრიალებას შეუძლია ამ საქმეში თავისი როლი ითამაშოს? _ ფრთხილად შევნიშნე, _ პირადად შეგეძლოთ ისეთი გეგმა ჩაგეფიქრებინათ, რომ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოგეტრიალებინათ და ხინთიბიძე თავად აღმოჩენილიყო თქვენი ძალაუფლების ქვეშ.
_ უკაცრავად, კაპიტანო, _ დაიბნა ლადო, _ ხელოვნურად ცდილობთ ჩიხში მომამწყვდიოთ.
_ შეიძლება იმიტომ, რომ თქვენ ადმინისტრატორი ხართ, ლადო, _ გავუღიმე, _ ადამიანი, რომელსაც გამუდმებით რეალურ ფაქტებთან აქვს საქმე. ისეთი ფანტასტიკური იდეისთვის, რომელიც გოთუას შეფს თავში მოუფრინდა, გენიოსური გონებაა საჭირო! აბა, ვისი გონებაა ასეთი გენიოსური თქვენ გარშემო?
დაბნეულმა ლოლაძემ პირი დააღო და დაეჭვებით შემომხედა.
_ ელიზა? _ ურწმუნოდ ამოთქვა.
_ ეს ქალბატონი საკმარისად პატივმოყვარეა იმისთვის, რომ საქმე თავის სასარგებლოდ მოაკვარახჭინოს, თუმცა… საკმარისია. დიდი არჩევანი არ გვაქვს. როგორც ერთხელ ელიზამ მითხრა, ამგვარი შანტაჟის მომფიქრებელს ბრწყინვალე გონება უნდა ჰქონდესო. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანი თქვენს ჯგუფში ჯონი სივსივაძეა, თქვენი პარტნიორის, ლევანის დეიდაშვილი და, ფაქტობრივად, სააგენტოს ფიქტიური მმართველი.
_ ეს რა, შავი იუმორია, კაპიტანო? _ ჯონიმ გააპროტესტა.
_ სულაც არ ვხუმრობ, პატივცემულო ჯონი! _ მკაცრი ტონით მივუგე, _ ჯერ ერთი, მაგ მხატვარს ამის მოფიქრებისთვის ჭკუა არ ეყოფოდა. იდეა თქვენ დაგებადათ, როცა ელიზას შიშველი პორტრეტი ნახეთ. შემდეგ იმაზე დაფიქრდით, რა შემთხვევაში შეიძლებოდა გოთუას გამოყენება და მის ხარჯზე ფულის გაკეთება. გაბრო ერთ-ერთი გალერეის უფროსს იცნობდა, ანუ ლერი დიდიძეს, მასთან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. თქვენ, როგორც გენიამ, იფიქრეთ, თუკი შანტაჟისთვის თანხა კანონიერი გზით იქნებოდა გადახდილი, ანუ გალერეიდან გაიყიდებოდა, ეჭვიც კი არავის გაუჩნდებოდა. იქ ხომ წესის და რიგის მიხედვით გაფორმდა გაყიდვის სამივე შემთხვევა. ამის ჩანაწერები არსებობს. რჩებოდა ერთადერთი საკითხი: შეიძლებოდა თუ არა დიდიძის ნდობა? ლერის შესამოწმებლად თქვენ გამოიყენეთ ელიზას პორტრეტი. მერე პირადად მიხვედით დიდიძესთან და მას ორი ათასი დოლარი გადაუხადეთ ამ ნაჯღაბნისთვის, _ თითი ზამბახიძის სურათისკენ გავიშვირე, _ მერე ლერი ადგა და ის ფული უკლებლივ გადასცა გოთუას, მხოლოდ თავისი პროცენტი აიღო. ამასთან, ძალიან მცირე, რადგან სურათი უპრობლემოდ გაიყიდა, მოცდის გარეშე. ასე და ამგვარად, დაასკვენით, რომ ლერი სანდო კაცი იყო და საქმეში არ მოგატყუებდათ. ყველაფერი რიგზე იყო. ასე რომ, თქვენი პირველი მსხვერპლი საკუთარი პარტნიორის, ანუ ლადოს მეუღლე აღმოჩნდა, მერე აველინა გაება. შემდეგ მთავარი სამიზნე თავისით ჩაგივარდათ ხელში, ანა ასათიანი, რომელიც აველინა ნემსაძემ უწყინრად შეაცდინა, ყოველგვარი ანგარების გარეშე. ანამაც დაურეკა გაბროს, საკუთარი პორტრეტის დახატვა მინდაო და აი, მანდ დაიწყო, რაც დაიწყო. გეგონათ, ტუზი დაგეცათ. თუ ანას გააშიშვლებდით, მისი სურათით ხინთიბიძეს დედას უტირებდით. თუმცა ეგ ტრიუკი არ გამოგივიდათ. ჯერ იყო და, ანამ უარი თქვა სახის გამოჩენაზე, ამიტომ მხატვარს საბოლოოდ გამოუვიდა ნახატი სათაურით: “უცნობი ქალის პორტრეტი”. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით, მაგრამ იდეაში ასე დაემთხვა. ასათიანი ვერ დააშანტაჟეთ, მან ფეხებზე დაიკიდა თქვენი მუქარა, ამიტომ საქმეში ჰამლეტის ჩართვა გადაწყვიტეთ. მას კი თავისი ოფოფები ჰყავდა და პირიქით, აქეთ გადაწყვიტა თქვენი გაცურება.
_ მაგრამ ჩვენ საიდან უნდა გვცოდნოდა, ჰამლეტმა რა ჩაიფიქრა? _ აბობოქრდა ჯონი.
_ აველინასგან. მან მაშინვე დაურეკა ელიზას, როგორც თავის უახლოეს მეგობარს და მოუყვა, რაებს ბოდავდა მისი მთვრალი ქმარი აეროპორტში. ეს აველინამ მითხრა. ელიზამ კი ეგრევე თქვენ ჩაგაყენათ საქმის კურსში. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ჰამლეტ ნემსაძე, ხინთიბიძის ნდობით აღჭურვილი პირი თქვენთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა. ამით თქვენი გეგმა ქვიშასავით ჩამოიშლებოდა.
_ სულაც არ იყო ასე, კაპიტანო, _ ისევ გააპროტესტა სივსივაძემ, _ მაგრამ კარგად კი გამოგდით ამბის შეთხზვა! მერე, მერე? როგორ განვითარდა მოვლენები? _ დამცინავად იკითხა, _ ერთი სული მაქვს, კულმინაცია როდის იქნება.
_ შემდეგ ახალი გეგმა შეიმუშავეთ. თქვენი მანქანით ელიზასთან ერთად სასწრაფად აეროპორტში გავარდით. ცოტა ხანს დაელოდეთ, სანამ აველინა ქმარს გამოემშვიდობებოდა და როცა ის მარტო დარჩა, ეგრევე მივარდით მასთან და უთხარით, რომ ცოლი ვიღაც მხატვართან ღალატობდა. თან აველინას შიშველი ტილოც ახსენეთ. ალბათ დაარწმუნეთ, დღეს ვნახეთ მხატვრის სახელოსნოშიო. სავარაუდოდ, მისი ხალიც ახსენეთ, რომელიც მკაფიოდ მოჩანს ნახატზე და ამით ცეცხლზე ნავთი დაასხით. თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად კი შესთავაზეთ, წამოგვყევი და შენი თვალით ნახეო. მისი რეაქცია ზუსტად ისეთი იყო, როგორც თქვენ ვარაუდობდით. მან გაფრენა გადაიფიქრა და თქვენთან ერთად საკუთარ სახლში წავიდა, რათა თოფი აეღო. მერე კი აქეთ, სტუდიისკენ გაემართეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით. თუმცა თქვენს გენიალურ იდეას ისევ შეუდგა წყალი. აქ მოსულებმა აღმოაჩინეთ, რომ გოთუასთან ლერი დიდიძე იმყოფებოდა. ამიტომ მოცდამ მოგიწიათ, სანამ ის წავიდოდა. როცა გაბრო მარტო დარჩა, მასთან შეცვივდით. ის კი საოცარ ფორმაში დაგხვდათ _ სახეზე მიხატული ულვაშითა და უაზრო წვერით. ამის მერე კი მხოლოდ ვარაუდით უნდა აღვწერო მოვლენები, ბატონებო!
გაგრძელება იქნება