"მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც მაშინ მიყვარდა" - ნოდარ დუმბაძის მეუღლის ვრცელი ინტერვიუ - Marao

"მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც მაშინ მიყვარდა" - ნოდარ დუმბაძის მეუღლის ვრცელი ინტერვიუ

2026-03-30 11:32:12+04:00

გია ჯაჯანიძე გადაცემის "სხვა რაკურსის" ფარგლებში, რამდენიმე წლის წინ ნოდარ დუმბაძის მეუღლეს ნანული გუგუნავას ესტუმრა. ნანულიმ გაიხსენა ნოდართან ერთად ცხოვრების პერიოდი და ის რთული დღეებიც, რომლებიც ერთად გამოიარეს.

ნანული გუგუნავას ინტერვიუ

"ნოდარი პირველად ვნახე უნივერსიტეტში. თავიდან უბრალოდ მომეწონა, აი, მისი სახეც კი დამამახსოვრდა. მე ძალიან მიყვარდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ბავშვებისთვისაც კი მაქვს ნათქვამი, რა ვქნა, ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მამათქვენი უფრო მიყვარს-მეთქი. მე ნოდარს არაფერზე ვაწუხებდი, არ მახსოვს, რომ ნოდარი პურზე გამეგზავნოს. ვუვლიდი, როგორც პატარა ბავშვს.

ნოდარის დედა გადასახლებული იყო, მამა კი - დახვრეტილი. მამაჩემი გიჟდებოდა ჩემზე, ვერ წარმოედგინა, რომ მე შეიძლება გავთხოვილიყავი.კარგად ვცხოვრობდი, არაფერი მაკლდა. ნოდარი მოვიდა ხელის სათხოვნელად სახლში და მამაჩემს უთხრა, მე გაუბედურებული ოჯახის შვილი ვარ, მამა დახვრეტილი მყავს, დედა გადასახლებული იყო და ჩამოვიდა, მაგრამ თბილისში ცხოვრების უფლება არ აქვსო. ამიტომ ნოდარი მარტო ცხოვრობდა. შავი პური მენატრებაო, აი, ეს უთხრა ნოდარმა ჩემს ოჯახს და მომიტრიალდა მამაჩემი, შე დალოცვილო შვილო, ჩემს ხელში თეთრ პურს არ ჭამ და ამ კაცთან შავი პური გინდაო?!  ვუთხარი - ამასთან მინდა და მაგისი შავი პური მინდა-მეთქი.

  • "უცნობი ფოტო, უცნობი გოგონა" - მსახიობ ლეილა ყიფიანის აქამდე უცნობი ფოტოები 

nodar-dumbadze

  • 78 წლის ლეგენდა და ამბები ლეგენდარულ კადრებს მიღმა: მანანა აბაზაძის ლამაზი გზა და აქამდე უცნობი ისტორიები 

გავიდა დრო, ერთი შაბათი დღე იყო და თქვა, რომ უნდა მოვაწეროთ ხელი, მე მეტის მოთმენა აღარ შემიძლიაო. გავიპარეთ. დავთმე ჩემი ბედნიერი ცხოვრება და გავყევი ნოდარს ერთ პატარა ოთახში და დავიწყეთ ტკბილად ცხოვრება.

ნოდარი როცა მუშაობდა, მე ვეჯექი გვერდზე. რასაც წერდა, გახსნილად მიტოვებდა მაგიდაზე. კორექტურას ვუკეთებდი, იმიტომ, რომ ნოდარს ასოები შეიძლება დაკლებოდა და იმას ვუსწორებდი.

ისტორიკოსი ვარ პროფესიით. მე არ მიმუშავია, იმიტომ, რომ ორი შვილი მყავდა. და მე მყავდა ვაჟი,ზაზა, რომელიც დაიღუპა ოთხ-წლინახევრის ასაკში. მომიკლა ექიმმა. აი, ასეთი უბედურები ვიყავით ჩვენ, მე და ნოდარი. ნოდარი აქ რომ იწვა, მე აქ, ამ დივანზე ვიჯექი და, თქვენ გგონიათ, ვლაპარაკობდით? ვიხრჩობოდით ტირილით. წითელათი გარდაიცვალა ბავშვი. დღეს ზაზა 66 წლის იქნებოდა. მე ვამაყობ ჩემი გაზრდილი შვილებით და ჩემი გაზრდილი შვილიშვილებით.

მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც მაშინ მიყვარდა. ერთი სული მაქვს, როდის წავალ ნოდართან. არ მეშინია და ვფიქრობ, რომ ვნახავ, აუცილებლად".