"ვერაფრით ვერ ვაპატიე ღმერთს შენი წასვლა. მინდა, რომ ბოლო ადამიანი იყო, რომელიც ვიღაცის უპასუხისმგებლობას, სიმთვრალესა და ავტოავარიას ემსხვერპლა.
მეცოდება... და მთელი გულით თანავუგრძნობ იმ ადამიანსა და მის ოჯახს, რომელმაც შენი მკვლელობის ტვირთი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ატაროს. ის დღე, სინამდვილეში, ორივესთვის სასიკვდილო განაჩენი იყო - ის მკვლელი გახდა, შენ კი - მარადისობაში წახვედი", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დის, ირმა გაფრინდაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ.
მოგვიანებით შვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა მარიამ გაფრინდაშვილის დედამაც და მეგობრებს ემოციური ამბავი გაუზიარა:
"გაგიკვირდებათ და გეტყვით, რატომღაც, სახლში ბევრი ნივთი მაქვს, რომლებსაც ჩემს შვილებთან ვაკავშირებ. მათ შორის, მყავს ხუთი ბეღურა - შვილების სახელები დავარქვი. ყველაზე ღაბუას და უბრალოს "ირმიკოს" ვეძახდი. ირმიკოს გარდაცვალების დილას, სწორედ ჩემს ღაბუა ირმიკოს ფრთა მოსტეხია, ძალიან მეწყინა და არ მესიამოვნა, თურმე რა მელოდა...", - წერს მარიამ გაფრინდაშვილის დედა, ინგა ჟღენტი და ფოტოს აქვეყნებს.

მარიამ გაფრინდაშვილი
მარიამ გაფრინდაშვილი 15 წელზე მეტია, რაც ჟურნალისტია. მისი მიმართულება კრიმინალური ამბების გაშუქება და საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაა. მარიამ მაყურებელს არაერთხელ უნახავს ქვეყნის მთავარი მოვლენების ეპიცენტრში.
მარიამ გაფრინდაშვილს ჰყავს დიდი ოჯახი - დედა, სამი და და ერთი ძმა.

მან ცოტა ხნის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაამხილა და თქვა, რომ პირველ შვილს ელოდება. მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაიაა.
