სიყვარული, რომელიც 40 წელზე მეტს ითვლის: ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის სიყვარულის ლეგენდა - Marao

სიყვარული, რომელიც 40 წელზე მეტს ითვლის: ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის სიყვარულის ლეგენდა

2026-03-31 16:23:51+04:00

ქეთი მატაბელის შემოქმედება ჰგავს მრავალშრიან კოლაჟს, სადაც თითოეული დეტალი - იქნება ეს ძველი ქსოვილი, ხე თუ ლითონი - თავის ისტორიას ჰყვება. მხატვრის ბიოგრაფია კი 1953 წელს, თბილისში დაიწყო, სადაც ის ხელოვანთა გარემოცვაში გაიზარდა. მამა, რეჟისორი ვახტანგ მატაბელი, და დედა, მხატვარი ეთერ ნასყიდაშვილი, იყვნენ ის პირველი ადამიანები, ვინც ქეთის სამყაროს მხატვრული აღქმისკენ გაუკვალეს გზა.

  • "არაფერსაც არ ვნანობ. ქართველ ქალებს უყვართ ხოლმე იმით ტრაბახი, რომ ცხოვრებაში ერთხელ უყვარდათ" - მედეა ჩახავას ორი სიყვარული: ამბავი ვარსკვლავზე, რომელიც ცაში კაშკაშებს

1975 წელს, ფერწერის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ქეთი მატაბელმა ქართულ სახვით ხელოვნებაში სრულიად განსხვავებული, ინდივიდუალური ხელწერა შემოიტანა. დღეს ქეთი მატაბელი რჩება იმ მხატვრად, რომელიც წარსულის ესთეტიკასა და თანამედროვე ხედვას შორის ხიდს აგებს. მისი ყოველი გამოფენა - იქნება ეს საქართველოში თუ საზღვარგარეთ - არის მოგზაურობა ფაქტურების, ფერებისა და იმ უხილავი კავშირების სამყაროში, რასაც ჩვენი კულტურული მეხსიერება ჰქვია.

ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია მისი პროფესიისა და ცხოვრების მთავარი პარტნიორი, მისი მეუღლე, გია გუგუშვილი. 

თუკი თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში არსებობს ფიგურა, რომელიც ერთდროულად განასახიერებს შემოქმედებით თავისუფლებასა და დიდ პასუხისმგებლობას, ეს გიორგი გუგუშვილია. 1952 წელს თბილისში დაბადებული მხატვრისთვის სამხატვრო აკადემია არა მხოლოდ განათლების კერა, არამედ მთელი ცხოვრების მთავარი ორბიტა აღმოჩნდა.

  • ის მისი ბოლო ცოლი იყო, თუმცა არა ბოლო მუზა - გიორგი ბალანჩივაძისა და ტანაკილ ლეკლერკის უცნაურად ტრაგიკული სიყვარული

მისი გზა 1977 წელს, აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დასრულებით დაიწყო, თუმცა მან მალევე დაამტკიცა, რომ ის არ იყო მხოლოდ „კიდევ ერთი“ ნიჭიერი მხატვარი. 

keti-matabeli

ქეთი მატაბელი და გია გუგუშვილი - ცხოვრება და შემოქმედება

ხელოვანთა ცხოვრებაში ხშირად არსებობს ერთი წერტილი, სადაც ბედისწერა და შემოქმედება ერთმანეთს კვეთს. ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილისთვის ეს წერტილი 70-იანი წლების თბილისის სამხატვრო აკადემია აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მხატვრები სხვადასხვა ჯგუფში სწავლობდნენ, საერთო სახელოსნომ და გვერდიგვერდ მდგარმა მოლბერტებმა მათ შორის ის უხილავი კავშირი გააბა, რომელიც უკვე 43 წელია არ წყდება.

როგორც გია გუგუშვილი იხსენებს, მისი ყურადღება მაშინვე მიიპყრო გოგონამ, რომელიც აკადემიის სტანდარტულ გარემოში თავისი განსხვავებული ჰაბიტუსით, გამორჩეული აღნაგობითა და გამოხედვით გამოიჩეოდა. უბრალო ჟესტით დაწყებული კავშირი კი სამუდამო სიყვარულად იქცა: 

"იქ, სადაც სიყვარული მეფობს, შურის ადგილი არ არის. ერთმანეთის წარმატება გვაძლიერებს. სულ ვამბობ, რომ ქეთი ძალიან მაგარია, უნიჭიერესი მხატვარია და ბედნიერებაა, რომ მისი ცხოვრების თანაზიარი ვარ. ზუსტად ვგრძნობთ, როდის რომელს რა გვჭირდება.

ჩვენი სამი შვილიც ხელოვანია. უფროსი, გიორგი, თავდაპირველად მხატვრობას დაეუფლა, ახლა კი კინორეჟისორია. ლუკა და მარიამიც ხატავენ. ერთად ვაპირებთ დიდი გამოფენის მოწყობას", - ამბობდა გია გუგუშვილი "სარკესთან" ინტერვიუში. 

"ჩვენი სიყვარული იყო საოცრად დიდი, ნათელი და ფერადი. ჩემთვის სიყვარული ფერებში გამოიხატება. თავდაპირველად ძალიან მწველია, თვალისმომჭრელად კაშკაშა ფერები აქვს და იმ ერთადერთის სახე ამ ალმოდებული ფერებით არის განათებული, მერე მშვიდდება, ნაზდება, სხვა ტონალობაში გადადის. უკვე აღარ ხართ ორნი, ხდებით სამნი, ოთხნი… მოდის სხვა მოვალეობები, პასუხისმგებლობა, ზრუნვა", - იხსენებდა გია გუგუშვილი. 

განვლილ გზას ქეთი მატაბელი ერთი ამოსუნთქვით აფასებს - მისთვის ეს ათწლეულები თითქოს ერთ წამში გაფრინდა. მათ გარშემო ყოველთვის ტრიალებდნენ ეპოქის გამორჩეული ხელოვანები, რაც მათ საერთო გზას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები იცვლებიან, მათ წყვილში ის „ერთი მთავარი“ უცვლელი დარჩა. ამ ხანგრძლივმა მოგზაურობამ მათ ბრძოლა, სამყაროს სწორი ხედვა და, რაც მთავარია, სხვებთან სიყვარულის ენით საუბარი ასწავლა.

keti-matabeli