გავჩუმდი და რიგრიგობით გადავხედე ოთხივეს. პაუზით ვისარგებლე და სიგარეტს მოვუკიდე. სიჩუმე არავის დაურღვევია. ელიზა აღარ ტიროდა, მხოლოდ თავი ჩაეღუნა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ყველა სიტყვას ჰაერივით ისრუტავდა.
_ ამასობაში ჰამლეტი კარგა გვარიანად მოფხიზლდა და ყოყმანი დაიწყო, მოეკლა თუ არა მხატვარი, რომელიც თავისი მოხატული სახით დონჟუანს სულაც არ ჰგავდა, _ გავაგრძელე, _ თქვენ სხვა გზა აღარ დაგრჩათ, გამოსტაცეთ მას იარაღი და თვითონ მოკალით გოთუა. როცა ოთხივე პორტრეტის მოგროვებას შეუდექით, მოულოდნელად აველინა გამოჩნდა. იძულებული გახდით, უკანა კარიდან გაპარულიყავით, ტილოები კი იქვე, გაბროს სხეულზე დაყარეთ. აქ შემოსულმა აველინამ მოკლული გაბრო აღმოაჩინა და კივილი მორთო. თქვენ ამ დროს მთელ სახლში გამორთეთ შუქი ავტომატიდან, რამაც ქალი უარესად შეაშინა და თავქუდმოგლეჯილი ჩემკენ გამოიქცა. თქვენ ისევ აანთეთ სტუდიაში შუქი, მერე კი ჩემს მანქანას ესროლეთ, რათა ფარები ჩაგემსხვრიათ და მშვიდობიანად გასცლოდით იქაურობას. აბა, რა იცოდით, მე თუ პოლიციელი ვიყავი. იფიქრეთ, მძღოლს შევაშინებთ და სიბნელეში ჩვენს მანქანასაც ვერ დაინახავსო. მინდა გითხრათ, რომ გამოგივიდათ.
მაგრამ ბევრი რამ არ გამოგივიდათ. ჰამლეტის ნაცვლად თქვენ მოგიხდათ გოთუას მოკვლა. მკვლელობისთვის პასუხი მას უნდა ეგო, არადა, დანაშაული უკვე თქვენ გბრალდებოდათ. ალბათ იფიქრეთ, არჩევანი აღარ გვაქვსო, გააქანეთ ნემსაძე ლისის ტბისკენ, გადაიყვანეთ მანქანიდან, გაითამაშეთ თვითმკვლელობის სცენა და მასაც ბოლო მოუღეთ. მკვლელმა თავი მოიკლა! დიდებულია! საქმე დახურულია! მხოლოდ ოთხი პორტრეტი დაგრჩათ სტუდიაში, რომელიც სიჩქარის გამო იქვე დაყარეთ და მერე აღარც გაგახსენდათ.
_ შესანიშნავი ისტორიაა, კაპიტანო! _ სარკასტულად გაიღიმა ჯონიმ, თან აგრძელებდა თითების ტკაცუნს, _ შენ ნამდვილი პროფესიონალი ხარ! მაგრამ როგორ გინდა ეს ყველაფერი დაამტკიცო, როცა არცერთი მტკიცებულება არ გაქვს? _ და თავი გადააქნია.
_ რატომ გგონიათ, რომ არ მაქვს? _ იმდენად შესაშური სიმშვიდით ვკითხე, რომ თვითონაც გამიკვირდა.
_ აბა, რა ვიცი, არ წარმოგიდგენიათ და იმიტომ, _ მიპასუხა სივსივაძემ, ხელები ჩემკენ გამოიშვირა და თითები ცხვირწინ გამიტკაცუნა.
_ ამწუთას ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. მე თქვენ დაგაპატიმრებთ, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილს. საამისოდ კი იმაზე მეტი საფუძველი მაქვს, ვიდრე საჭიროა.
_ მაგრამ ჩემი ადვოკატი ერთი საათში გააცამტვერებს შენს ბრალდებას და იძულებულს გაგხდის, გამათავისუფლო. ხა-ხა! _ თეატრალურად გაიცინა.
_ მოდი, შევთანხმდეთ, ჯონი, _ შევთავაზე, _ მე არ გასწავლით თქვენ, როგორ მართოთ თქვენი დეიდაშვილის სააგენტო, ამიტომ არც თქვენ შეეცადოთ მასწავლოთ, როგორ წავუყენო ბრალი ეჭვმიტანილს ისე, რომ ერთ საათში გასაშვები არ გამიხდეს, კარგი? შენ რა, ახვარო, ვერ ხვდები, რა მოგელის? მე შენ გაპატიმრებ ორი ადამიანის მკვლელობისთვის. ეს კი პირველი ხარისხის მძიმე დანაშაულია. შენ იმდენივე შანსი გაქვს საპროცესო გარიგებით გამოსვლის, როგორც ხელების ქნევით აფრენის.
_ და მაინც, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს! _ იმედიანად წამოიძახა, თუმცა ამჯერად სულაც არ ჟღერდა მისი ხმა მტკიცედ.
_ ხო, მართლა! სულ დამავიწყდა მეთქვა, ჯონი, რომ შენთან ერთად ელიზა ზამბახიძესაც ვაპატიმრებ, როგორც თანამონაწილეს, _ ვთქვი და მცირეხნიანი პაუზა გავაკეთე, რომ ჩემი ნათქვამი მის გონებამდე დასულიყო, _ როგორ გგონია, რეგვენო, რამდენ ხანს გაუძლებს გამომძიებლების უწყვეტ დაკითხვას ელიზა? აღარაფერს ვამბობ სასამართლოში ჯვარედინ დაკითხვაზე.
_ მართალი ხარ, ედი, სრულიად მართალი, _ ჯონიმ მოულოდნელად შეწყვიტა თითების ტკაცუნი და მხრები აიჩეჩა.
თავიდანვე უნდა გამეთვალისწინებინა, რომ საქმე მქონდა არა მხოლოდ უბრალო ფსიქოპათთან, არამედ გენიალურ ფსიქოპათთან, რომელსაც ყველა ნაბიჯი გათვლილი ჰქონდა! გაცნობის დღიდან გამუდმებით ვაკვირდებოდი მას. როცა სიბრაზე წამოუვლიდა, მის თვალებში ჯერ სიფრთხილე ირეკლებოდა, მერე კი თითების გატკაცუნებას იწყებდა. მერე ეს ტკაცუნი უფრო და უფრო ხშირდებოდა, სისწრაფეს იკრეფდა და ავტომატის ჯერს ემსგავსებოდა. მაგრამ ამწუთას სრულიად საპირისპირო ხდებოდა. მან თითების ტკაცუნი შეწყვიტა, ხოლო მის მზერაში სრულმა მორჩილებამ დაიბუდა.
ეს არ მომეწონა. მივხვდი, რომ რაღაც მზადდებოდა. ამიტომ მე, როგორც ნამდვილი პროფესიონალი, მაგიდისკენ მშვიდად დავიხარე, რათა სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩამეგდო და როცა ისევ გავიმართე, პისტოლეტის ლულა პირდაპირ ჩემი მკერდისკენ იყო მოშვერილი.
პისტოლეტის დანახვა ჩემთვის პირველი შემთხვევა ნამდვილად არ იყო, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გამიკვირდა, წონასწორობა არ დამიკარგავს. ასეთ რამეებს არასდროს შევუშინებივარ.
_ დროს ტყუილად კარგავ, ჯონი, _ მშვიდად წარმოვთქვი, _ ამ სტუდიიდან რომც გახვიდე, რას გააკეთებ? სად წახვალ?
_ ლიზას წავიყვან და წავალ. როგორმე გავართმევთ თავს!
_ არა, ჯონი, _ უარი თქვა ელიზამ, _ მე აქ ვრჩები.
_ ხედავ? _ ლაპარაკს კვლავ საოცარი სიმშვიდით ვაგრძელებდი, _ უაზრო სპექტაკლის გათამაშება არ არის საჭირო. მომეცი პისტოლეტი, მერე კი მე და შენ დავსხდეთ და დავლიოთ.
_ ეს შენი უკანასკნელი შანსია, ლიზა, _ უხეშად ესროლა ჯონიმ ზამბახიძეს, _ ჩვენ ერთად ვთანამშრომლობდით და ბოლომდე ერთად უნდა ვიყოთ. უკვე გვიანაა, ვეღარ გახვალ თამაშიდან.
_ მე თამაშიდან გაცილებით ადრე გავედი, ჯონი, _ ხმადაბლა მიუგო ელიზამ, _ როცა შენ და გაბრომ ეს ამბავი წამოიწყეთ, მაშინვე უარი გითხარით, ცუდი აზრია-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეთ. ანას სურათი რომ ნახე, ის დღე გახსოვს? ვერ იცანი და მანამ არ მოისვენე, სანამ გაბრომ არ გითხრა, ვინც იყო. არასდროს დამავიწყდება შენი აღტყინებული სახე, გიჟს ჰგავდი, ჭკუაზე არ იყავი, ისე გაგიხარდა. მერე რა, თუ სახე არ უჩანს, მაინც წამოვაგებთ შანტაჟზე, მან ვახოს სახით მდიდარი პატრონი იპოვა და მის დაკარგვას არ მოისურვებსო. აი, მაშინ მივხვდი, როგორ საშინელ ადამიანთან დავიჭირე საქმე. ამიტომ იყო, ნელ-ნელა განზე რომ გავდექი. მას მერე არც მიცდია, ვინმე შემეცდინა და გაბროსთვის კიდევ ერთი მსხვერპლი გამეცნო. ვიცოდი, რა ხაფანგსაც დაუგებდით. აი, მას შემდეგ, როცა ჩემი მომავალი შენი ხატოვანი სიტყვებით მომიქარგე და ცხოვრების ერთად გაგრძელება შემომთავაზე, საერთოდ შემზიზღდი. ეგრევე მივხვდი, რომ შენთან საქმის დაჭერა კარგს არაფერს მიქადდა. იმასაც ვხედავდი, რომ ქალები საერთოდ არ გიზიდავდა. ეს საბოლოოდ იმ დღეს დავასკვენი, ძუძუებიანი ძროხა და მჭლე ხორცი რომ მიწოდე. გახსოვს? _ შეეკითხა ქალი და სივსივაძეს სიძულვილით სავსე მზერით შეხედა, _ შეშლილი პედერასტი ხარ შენ, სიმართლე ესაა, თუ გინდა! სულ კარგად ბრძანდებოდე, სადაც გინდა, იქ წაეთრიე!
ჯონიმ ფართოდ გაუღიმა ელიზას და უცნაურად გაღიმებულმა წარმოთქვა:
_ მშვიდობით, დიდო მჭლე ხორცო! _ დაემშვიდობა თვითონაც და ისე, რომ სახიდან ღიმილი არ მოშორებია, სამჯერ გაისროლა.
გასროლის ხმაზე ნატამ ცხოველივით დაიზმუვლა, ელიზა კი იატაკზე გაიშხლართა. მისი მკერდიდან სისხლმა შადრევანივით ამოასხა. ხელი თითქოს გამიქვავდა, მაგრამ მაინც ვცადე იარაღის ბუდეს მივწვდომოდი. არ დამცალდა. ჯონის პისტოლეტის ცივი ლულა უკვე ისევ ჩემკენ იყო მოშვერილი.
_ როგორ თქვი წეღან? უაზრო სპექტაკლიო? _ ჩაიხითხითა სივსივაძემ, _ ისევ ფიქრობ, რომ ლიზი პირველსავე დაკითხვაზე გატყდება? ჰოდა, გატყდეს ახლა. ვნახოთ, რა გამოგივათ!
მის თვალებში უცნაური ნაპერწკალი გაკრთა და მივხვდი, რომ ნამდვილ შეშლილთან მქონდა საქმე.
_ გარისკვას არ ვაპირებ, _ სწრაფად დაამატა მან, _ აქ მყოფებმა ყველამ ზედმეტად ბევრი იცით, _ და თავისუფალი ხელით ისევ თითების გატკაცუნება დაიწყო, _ შენც მოგკლავ და ლადოსაც. უფ, ეს რამხელა სიამოვნება იქნება ჩემთვის. აი, ნატა კი მეცოდება, მაგრამ უკან ვერ დავიხევ. არადა, მართლა მენანება, ასეთი ფუმფულა მკერდის პატრონი სიცოცხლეს გამოვასალმო. მე თუ არა, სხვა კაცებს მაინც გაახარებდა. ჰა, რას იტყვი, ედი? გიკვირს, ქალებიც რომ მომწონს და კაცებიც? კლასიკური შემთხვევაა, მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი.
_ ნატა? _ ნელა შეირხა ლადო, _ ნატას მოკვლას აპირებ?
_ როგორც ყოველთვის, შენ ყველაფერს უცებ ხვდები, ჩემო ლადო, _ შემზარავად გაუღიმა ჯონიმ, _ ერთადერთი, რამაც ბოლო ხანებში ჩვენი ურთიერთობა გააფუჭა, ის იყო, რომ შუაღამემდე ოფისში იჯექი, ამ დროს კი შენ ცოლი გაბროსთან ჟიმაობდა! თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა! ამ საქმის ორგანიზების იდეა მე მეკუთვნის.
გაცოფებული ლადო სკამიდან წამოიმართა.
_ ვიცოდი ეს ამბავი, _ ჩახრინწული ხმით წამოიძახა, _ ვგრძნობდი, რომ ამ ყველაფერში შენ იქნებოდი გარეული, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება. თავს ყოველთვის ისე ვაჩვენებდი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ნატალია სხვა კაცთან თავისთავად ცუდია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე თუ ისე, მე შემეძლო მისთვის გამეგო, რადგან მთლად იდეალური ქმარი არ ვიყავი და ღირსიც ვიქნებოდი, საყვარელი გაეჩინა, მაგრამ ეს პორტრეტი… ამ პორტრეტმა შემძრა, ვერ წარმოიდგენ, როგორ შემაძულა ყველა და ყველაფერი. ნატამ თავისი სხეული სახალხოდ გამოფინა, ყველას საჩვენებლად, როგორც იაფფასიანმა ქუჩის ქალმა, რადგან ნებისმიერ კაცს შეეძლო მისი სიშიშვლით დამტკბარიყო. ამან კი წონასწორობა დამაკარგვინა, _ აგრძელებდა ლადო და თან ფრთხილად დგამდა ნაბიჯებს ჯონისკენ, _ აი, რატომაც მინდა შენი მოკვლა, ჯონი!
_ გგონია, ტყვიაზე უფრო სწრაფი ხარ? _ აღგზნებულად გადაიხარხარა სივსივაძემ, _ სუპერმენი ლადო! მოდი უფრო ახლოს, მეგობარო, მინდა დავინახო, როგორ მოესხმება აქაურობას შენი ტვინის ნაფლეთები!
ამასობაში მე თვალს არ ვაცილებდი ჩემკენ მოშვერილი იარაღის ლულას, მარჯვენა ხელი კი დაძაბულობისგან საშინლად დამეღალა.
_ მშვიდობით, ლადო! _ წამოიყვირა უცებ ჯონიმ და მისი პისტოლეტის ლულა ლადოსკენ შეტრიალდა.
ამით ვისარგებლე, სწრაფად ვიტაცე ხელი ბუდეზე და თითებით ჩემი იარაღი ჩავბღუჯე, მაგრამ უეცრად შევამჩნიე, რომ ჯონის ისევ ჩემკენ მოემართა თავისი პისტოლეტი.
_ გემშვიდობები, ედი! _ ჯონის ისტერიკულმა შეყვირებამ ჰაერი გაკვეთა.
მხოლოდ ნახევრად მოვასწარი ბუდიდან იარაღის ამოღება, რომ შევამჩნიე, როგორ დაეძაბა ჯონის სასხლეტთან მიდებული თითი. ამავდროულად, თვალი მოვკარი, როგორ გაიელვა რაღაცამ მის ზურგს უკან და არაადამიანური ყვირილის ხმაც მისწვდა ჩემს სმენას.
გაისმა გასროლა. ტყვიამ ჩემს თავს ზემოთ, კედელში გაიარა და ბათქაშის ნამტვრევები სახეში შემეყარა. კიდევ ერთმა საზარელმა შეყვირებამ სტუდია ლამის შეაზანზარა, მერე კი რაღაცამ იატაკზე მოადინა ბრაგვანი.
აზრზე მოსასვლელად თავი რამდენჯერმე გავაქნიე, გავიხედ-გამოვიხედე და ყველაფერი ნათელი გახდა. ოთახის შუაგულში დანით ხელში ლადო იდგა, რომელიც მძიმედ სუნთქავდა, მის ფეხებთან კი ორად მოკეცილი ჯონი ეგდო. თავი რაღაც უცნაურად ჰქონდა შებრუნებული _ ზუსტად ისე, როგორც გაბრო თოდუას, როცა მისი ცხედარი აღმოვაჩინე. სივსივაძის ფართოდ გახელილი უსიცოცხლო თვალები თითქოს გაოცებას გამოხატავდნენ.
_ მადლობა, ლადო! _ გულწრფელად გადავუხადე მადლობა, _ ამწუთას თქვენ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეთ.
მან ღრმად ამოიხვნეშა:
_ სრულიად მოულოდნელად გამომივიდა, კაპიტანო, წინასწარ არ დამიგეგმავს.
_ გესმით რა გითხარით? _ ხმას ავუწიე, _ თქვენ ამწუთას მე სიკვდილს გადამარჩინეთ!
_ ხო, გასაგებია, _ ამოიქშინა, _ ეს წუთია, მე შენი სიცოცხლე ვიხსენი.
ნატას გადავხედე, რომელიც სკამზე გაქვავებულივით იჯდა. ქალი შეძრწუნებული მზერით მოგვჩერებოდა.
_ ნატა, თქვენ ხვდებით, ამწუთას რა გააკეთა თქვენმა მეუღლემ? _ შევეკითხე.
მან მხოლოდ აამოძრავა ტუჩები, სიტყვა არ წარმოუთქვამს.
_ ქალბატონო ნატა! _ ხმამაღლა დავუძახე.
_ არა, _ ძლივძლივობით ჩაიჩურჩულა, _ ვერა, ვერ ვხვდები.
_ მან ეს წუ-თია, სიკ-ვდი-ლის-გან მიხ-სნა, _ ნელა, დამარცვლით გავიმეორე წეღან ნათქვამი.
ნატამ გულგრილად ამომხედა და ზურგი შემაქცია. მსწრაფლ მივვარდი, ჩემკენ შემოვაბრუნე და სილა მთელი ძალით გავაწანი.
_ ბოლოს და ბოლოს, ხვდებით, რა გააკეთა ახლახან თქვენმა მეუღლემ? _ მაქსიმალურად შევიკავე თავი გაღიზიანებულმა. ვხვდებოდი, რომ ქალი შოკში იყო, მაგრამ არც მე ვიყავი უკეთეს დღეში.
_ ჰო, _ სასოწარკეთილმა დააქნია თავი, _ მან ახლახან გადაგარჩინათ. მესმის ყველაფერი.
მზერა ლადოზე გადავიტანე და გავიღიმე.
_ მოდი, ახლა დავსხდეთ, დავმშვიდდეთ, გონს მოვიდეთ და დავილაპარაკოთ, სანამ აქაურობა პოლიციელებით გავსებულა. კარგი იქნება, თუ სამივე ერთ სიმართლეს ვაღიარებთ. ლადომ სიკვდილისგან მიხსნა. გასაგებია? მხოლოდ ამ ერთი წინადადების თქმაა საჭირო. ხომ იცით, პოლიციელები ჭირვეულები არიან. არ სიამოვნებთ, როცა ჭეშმარიტების სხვადასხვა ვერსიას ისმენენ. თუ სხვადასხვანაირად ავლაპარაკდებით, დაკითხვიდან დაკითხვაზე მოგვიწევს სიარული. არა მარტო თქვენ, არამედ მეც.
_ შენ უკეთ იცი, ედი, _ დამეთანხმა ლადო.
_ კაპიტანო! _ უეცრად ნატა მოფხიზლდა, _ თქვენ მე გამარტყით! რატომ?
_ იმიტომ, რომ შოკიდან გამომეყვანეთ, _ მშვიდად მივუგე, _ ახლა ხვდებით, რაც მოხდა აქ?
ლადომ სტვენისმაგვარი ბგერები გამოსცა და სკამზე დაეხეთქა. ნატამ უაზროდ გახედა ქმარს, მე კი თავი დამიქნია.
***
დაკითხვების სერია აღარ გახდა საჭირო. სამივემ ის ვთქვით, რაც ჩვენ თვალწინ მოხდა. ლადო და ნატა მალევე გაუშვეს სახლში, მე კი ხუტამ დამიმარტოხელა და თავიდან ბოლომდე დაწვრილებით მომაყოლა, რა ამბებიც დავატრიალე სტუდიაში. როცა თხრობა დავამთავრე, დოინჯი შემოიყარა და, როგორც სჩვეოდა, საყვედურების კორიანტელი დამატეხა:
_ ვინ მოგცა უფლება, კაპიტანო უნდილაძე, ჩემი ნებართვის გარეშე გემოქმედა? რატომ საქმის კურსში მაშინვე არ ჩამაყენე? კიდევ რომ ემსხვერპლა ვინმე მაგ სივსივაძეს, სად მიდიოდი? ან შენთვისაც რომ გაესხმევინებინა ტვინი, ვისთვის მომეთხოვა პასუხი? ოპერატიული ჯგუფი რატომ არ გამოიძახე? სანამ უნდა იმოქმედო ასე თვითნებურად? მიშვებული ხარ შენს გემოზე! _ მიყვირა და მიყვირა, აღარ ჩერდებოდა.
რა უნდა მეთქვა? ხმა არ ამომიღია. თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა. მართალი იყო ჩემი უფროსი, უნდა მეცნობებინა მისთვის, რას ვაპირებდი. უბრალოდ, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ საქმის ამგვარ შემობრუნებას არ ველოდი. რას ვიფიქრებდი, ჯონი სივსივაძე შეიარაღებული თუ მომადგებოდა სტუდიაში? ვგრძნობდი, რომ საშიში პიროვნება იყო, არაადეკვატური, მაგრამ პისტოლეტით თუ დარბოდა, საიდან უნდა მცოდნოდა?
თუმცა უკვე აღარ მადარდებდა ხუტას საყვედურები. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ საქმე გავხსენი, თან რამდენიმე დღეში, არც კვირები დამჭირვებია და არც თვეები. საყვედურთან ერთად ვიცოდი, რომ შექებასაც დავიმსახურებდი და დაწინაურებას თუ არა, პრემიას მაინც მივიღებდი.
თუმცა ასე არ მოხდა.
გაგრძელება იქნება