მსახიობ რუსუდან ბოლქვაძეს ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2" - თან ჰქონდა ინტერვიუ. მან ინტერვიუს ფარგლებში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის კარიერასა და ბავშვობაზე. ამასთან გაიხსენა 9 აპრილის მოვლენები.

"მე მეგობრობა დედაჩემისგან ვისწავლე. ის მეგობრობა, რაც მან პიროვნულად მე გამიწია; ისიც, თუ როგორი მეგობრები ჰყავდა მას და როგორი მეგობარი იყო თავად. დღეს ის უკვე ცოტათი ჩემი შვილიცაა, რადგან ახლა სამი წლის ხდება - ოღონდ იმ სამს წინ ასი უნდა მივუმატოთ.
მამაჩემი ჩემი ბავშვობის გამხალისებელი და გამაბედნიერებელი ადამიანი იყო. ჩვენ შორის ასაკობრივად ძალიან დიდი სხვაობა იყო: ის უკვე ხანში შესული იყო, როცა მე და ჩემი ძმა ჯერ კიდევ პატარები ვიყავით. თავად სამსახურში ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ შაბათი და კვირა მთლიანად ჩვენ გვეკუთვნოდა. დავდიოდით ლაშქრობებში, მთაში სიარულს გვასწავლიდა, აღმართ-დაღმართზე ფეხი როგორ დაგვედგა. სურათებს ვიღებდით. ეს საოცარი შთაბეჭდილებები იყო."
"მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემია. "ხანუმას" ვთამაშობდი. მოგეხსენებათ, კომედიაა და მხიარული სპექტაკლია. მერე ისეთი მომენტი მქონდა, რომ "ხანუმადან" პირდაპირ "მოკვეთილის" ჯავარას როლზე გადავდიოდი - ეს კი ძალიან დრამატული როლია. მახსოვს, როგორ ვიცვლიდი ტანსაცმელს, როგორ ვიცვამდი ხევსურულ პაჭიჭებს და ნელ-ნელა როგორ გადავდიოდი იმ მდგომარეობაში, რაც ძალიან რთული იყო. როცა ვიხსენებ, ეს ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო - ერთი ემოციიდან სრულიად საპირისპიროში გადასვლა. რთული იყო, მაგრამ მახსოვს, რომ გამომივიდა. აი, სწორედ ეს შეგრძნება, რომ გამომივიდა, ძალიან სასიამოვნო იყო.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც სცენაზე თამაშობ, შენი პერსონაჟი ტირის და შენც მართლა გეტირება, რადგან რეალურ ცხოვრებაში შენი ძვირფასი ადამიანია გარდაცვლილი. ბებიაჩემი გარდაიცვალა, რომელიც ძალიან მიყვარდა. სხვებისთვის ხელი რომ არ შემეშალა და არ გამერთულებინა მდგომარეობა, ეს ამბავი არავის ვუთხარი. ერთი მხრივ, ეს ემოცია თამაშში დამეხმარა კიდეც. მახსოვს, როდესაც "პირვემდელოს" ვთამაშობდით, იქ ძალიან სერიოზული სცენაა - ქალს შვილი უკვდება, ფინალში ძირს აგდია და მოთქვამს. იქ მართლა "გავფუჭდი", იმ სცენაში მართლა ჩემს ტკივილს ვტიროდი.
ყველა როლი მაინც სხვადასხვა კუთხით დაგანახებს სამყაროს. თუმცა, მაინც შენ ხარ და პერსონაჟთან საერთო შენივე გამოცდილებიდან უნდა მოძებნო. განსაკუთრებული ცვლილება მაშინ ვიგრძენი, როცა "ზაფხულის ღამის სიზმარში" ელენე ვითამაშე. მეგონა, რომ ეს გოგო არანაირად არ მგავდა. ამიტომ საკუთარი თავის ძებნა კი არ დავიწყე მასში, არამედ იმ პერსონაჟის მიმართულებით მოვახდინე გარდატეხა ჩემს თავში."
"9 აპრილი... 9 აპრილის ღამე, როდესაც იქ ვიყავი და ეპიცენტრში აღმოვჩნდი. ხალხის ტალღამ მხატვრის სახლში შეგვიყვანა. მე და ჩემი მეგობრები სულ 20-მდე ადამიანი ვიყავით. შემოგვყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც მხოლოდ ნიჩბებით არ იყვნენ შეიარაღებულები. მაშინ საკუთარ თავში ბევრი ისეთი თვისება და ხასიათი აღმოვაჩინე, რაც მანამდე არ მეგონა, თუ მქონდა. უცებ ისეთი გავხდი, როგორც დელაკრუას ცნობილ ნახატზეა - ქალი ბარიკადებზე.
იქ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. ერთ-ერთმა, სიმწრისგან გამწარებულმა, აღარ იცოდა რა ექნა და მათ ასანთის კოლოფი ესროლა. ჯარისკაცებმა მაშინვე გადატენეს იარაღი და ჩვენკენ მოგვიშვირეს. ვიფიქრე, რომ ეს ბავშვი უნდა დამემშვიდებინა. გამოვვარდი და დავუწყე ლაპარაკი: ვეუბნებოდი, რომ ძალიან მაგარი იყო, ვთხოვდი, გაჩერებულიყო და მოეთმინა. იმ საწყალი ბიჭის სახე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს სიმწრისგან დაბერილი ძარღვები. სანამ ველაპარაკებოდი, გაშტერებული მიყურებდა და მისმენდა. დავინახე, როგორ ჩაეჩუტა ეს დაძაბული ძარღვები. ეს კადრი რაღაცნაირად ჩაიბეჭდა ჩემში. ეს იყო იმ წუთის ემოცია, რასაც მერე ბევრი ფიქრი მოჰყვა - როგორ გვეცვლება აზროვნება, როგორ ვიწყებთ ამ კონკრეტული ამბის განზოგადებას და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ჩემში პიროვნულად დიდმა გარდატეხამ მოხდა, ბევრ რამეს სხვა თვალით დავუწყე ყურება."
"სპექტაკლი დავდგი ჩემს ცხოვრებაში პირველად. პრემიერის წინა ღამეს, ფანჯარასთან დავეყუდე და დავიწყე ფიქრი. არ ვიცი, როგორ გავიდა მთელი ღამე. როცა გამოვერკვიე, უკვე მზე ამოსულიყო და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. თითქოს გავქვავდი... ასეთი რამ არასოდეს დამმართვია. ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე და სხვა ადამიანებზეც ვფიქრობდი: მსახიობები რა დღეში ჩავაგდე-მეთქი. ვფიქრობდი, ხვალ რომ სპექტაკლი არ მოეწონოთ, ტაში არ დაუკრან ან დაუსტვინონ... წარმოვიდგენდი, რას იტყოდნენ ჩემი მეგობრები, რომლებთანაც მთელი ცხოვრება კარგად ვიყავი და უცებ ასეთ დღეში ჩავყარე. საკუთარ თავზეც ვფიქრობდი - რად მინდოდა ეს ყველაფერი, რატომ ვერ დავეტიე ჩემს კანში? მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
ხშირად მეკითხებიან, ვინ ვარ მე... ეგ არ ვიცი. ყველაზე მეტად მაგ კითხვის მეშინია. ჩვენ ხომ მთელ ცხოვრებას იმას ვანდომებთ, რომ გავიგოთ, ვინ ვართ. ასე რომ, ამაზე ერთი სიტყვით პასუხი არ მაქვს."