მსახიობ ბაია დვალიშვილს ქართველი ტელემაყურებელი კარგად იცნობს. მან დიდი პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" შემდეგ მოიპოვა, სადაც მსახიობი ნელიკოს როლს ასრულებდა.
ბაია ცნობილი მშობლების, რეჟისორი აკაკი დვალიშვილისა და მსახიობ მარინე თბილელის შვილია. ბაია ცოტა ხნის წინ ანა ტყებუჩავას გადაცემის "V ელემენტის" სტუმარი იყო. მსახიობმა გადაცემის ფარგლებში შვილზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ძალიან მეგობრული დედაა და რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის შვილის გვერდით იქნება.

ბაია დვალიშვილის ინტერვიუ
"ადრე ყველაფერს ვასწრებდი: გადაღებებისა და სპექტაკლების პარალელურად, პატარა ბავშვსაც ვუვლიდი. ყოველ საღამოს სადილის მომზადება ჩემთვის ერთგვარი რიტუალი იყო. შვილს სულ ვეკითხებოდი, რაიმე ხომ არ აკლდა-მეთქი. ალბათ, იმ დროს, რომელსაც მასთან ვატარებდი, გრძნობდა, რომ მთელ ენერგიას მას ვუთმობდი. ბავშვები ძალიან ჭკვიანები არიან, ყველაფერს ზუსტად ხვდებიან. ვფიქრობ, მაკრინეს ყურადღება არ აკლდა. ამასთანავე, ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ დედა და მამა დაკავებულები არიან და უყვართ თავიანთი პროფესია - ეს მას საკუთარი საქმის შეყვარებაში ეხმარება.
მაკრინე გვიან ასაკში გავაჩინე. ასაკი ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. ძიძა ძალიან ცოტა ხნით გვყავდა, რადგან ვერ წარმომიდგენია, შვილს ღამით შენთან ერთად არ ეძინოს. ახლა, როცა მას ვუყურებ, სულ მინდა, ისევ ისეთი პატარა და ხუჭუჭა იყოს. ვფიქრობ, შვილი ადრეულ ასაკში არ უნდა გააჩინო, რომ ამ "სიტკბოს" სრულად გაგება შეძლო. მაკრინესთან ურთიერთობისას ყოველთვის ვითვალისწინებდი დედაჩემის დაშვებულ შეცდომებს.
ახლა ვგრძნობ, რომ ამ ოხერი ადამიანის მიმართ ცოტა შიში გამიჩნდა. აი, ნელიკოს რომ თინას მიმართ აქვს, მსგავსი შიშია - რაღაცნაირად დამჩაგრა. თინეიჯერი შვილის ყოლა დიდ ნერვებს, თავშეკავებას, საკუთარი თავის გახსენებასა და უფროსების შეცდომების გათვალისწინებას მოითხოვს. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საჭიროა გამოცდილება და ხშირად ცხვირის წატეხვაც, რადგან მხოლოდ ასე სწავლობ.
სულ ვეუბნები, რომ არ მომატყუოს და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები; მანაც იცის, რომ ეს ასე იქნება. ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
მიმაჩნია, რომ შვილის ქება აუცილებელია. ხალხში არ ვაქებ, მაგრამ პირადად ყოველთვის ვეუბნები კარგს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი გჯერა. მე ჩემი ქება არ მახსოვს. პრემიერის დღეს, როცა დედა და მამა მოდიოდნენ, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მაკრინეს ბევრი კარგი თვისება აქვს და ამას ყოველთვის აღვნიშნავ. მის რჩევებსაც ვითვალისწინებ, რადგან ის სამყაროს თავისი ასაკიდან, თაობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე უყურებს", - ამბობს ბაია დვალიშვილი ანა ტყებუჩავას პოდკასტში.