„C-A-R-R-O-L-L“ - სიყვარული, რომელიც მთვარემდე მიაღწია: რიდ უაიზმენის ამბავი გარდაცვლილი მეუღლის შესახებ - Marao

„C-A-R-R-O-L-L“ - სიყვარული, რომელიც მთვარემდე მიაღწია: რიდ უაიზმენის ამბავი გარდაცვლილი მეუღლის შესახებ

2026-04-09 17:30:23+04:00

ბოლო წლებში კოსმოსის კვლევა ახალ ეტაპზე გადავიდა. NASA-მ დაიწყო „Artemis“-ის პროგრამა, რომლის მიზანია ადამიანების დაბრუნება მთვარეზე და მომავალში მარსზე გაფრენისთვის მომზადება. ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია Artemis II. მისია, რომლის დროსაც ასტრონავტები პირველად, ბოლო ათწლეულების შემდეგ, მთვარეს შემოუფრენენ.

ამ მისიაში მონაწილე ეკიპაჟი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან ისინი არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს წარმოადგენენ, არამედ ადამიანურ ისტორიებსაც ატარებენ.

Artemis II

C-A-R-R-O-L-L - სახელი მთვარეზე

Artemis II-ის ეკიპაჟმა სთხოვა NASA-ს, რომ მთვარეზე მდებარე ერთ-ერთ კრატერს დაარქვან მათი მეთაურის, რიდ უაიზმენის გარდაცვლილი მეუღლის, კეროლის სახელი, რომელიც 2020 წელს კიბოთი გარდაიცვალა.  

„ჩვენ საყვარელი ადამიანი დავკარგეთ. მას ქეროლი ერქვა. ის იყო რიდის მეუღლე და ქეითის და ელის დედა.

თუ გსურთ ამ ადგილის პოვნა, უნდა შეხედოთ გლუშკოს  კრატერს, ის მისგან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, ომის კრატერის განედზე. ეს არის კაშკაშა ლაქა მთვარეზე.

ჩვენ გვსურს, მას ქეროლი ვუწოდოთ და ის ასე იწერება: C-A-R-R-O-L-L." - განაცხადა ეკიპაჟმა.

Artemis II

შესაძლებელია თუ არა სახელის ოფიციალურად მინიჭება? 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთვარის გეოგრაფიული ობიექტების სახელებს ოფიციალურად ამტკიცებს International Astronomical Union. სწორედ ეს ორგანიზაცია ადგენს სტანდარტებს და წყვეტს, რა სახელი მიენიჭოს პლანეტებს, კრატერებსა და სხვა ციურ ობიექტებს.

როგორც წესი, კრატერებს სახელები ეძლევა მეცნიერების, ინჟინრებისა და გამოჩენილი მოღვაწეების პატივსაცემად. ამიტომ, ეკიპაჟის თხოვნა ჯერ მხოლოდ ინიციატივაა და არა საბოლოო გადაწყვეტილება.

ვინ არის რიდ უაიზმენი - ოჯახი, შვილები და სიყვარულის ამბავი

რიდ უაიზმენი „Artemis II“-ის მისიის მეთაურია, რომელმაც ისტორია დაწერა - მთვარის გარშემო ფრენისას დედამიწას იმაზე მეტად დაშორდა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი მანამდე. მანამდე ეს რეკორდი 1970 წლის „Apollo 13“-ის მისიას ეკუთვნოდა.

რეკორდის მოხსნიდან მალევე, ხომალდზე ემოციური მომენტი დადგა: ეკიპაჟმა გადაწყვიტა, მთვარის ერთ-ერთი კრატერისთვის უაიზმენის გარდაცვლილი მეუღლის, ქეროლის სახელი ეწოდებინა. გავრცელებული ინფორმაციით, თხოვნა კანადელმა ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა გააჟღერა, რამაც უაიზმენი ცრემლებამდე ააღელვა, ეკიპაჟის წევრები კი ერთმანეთს გადაეხვივნენ. „ეს მთვარეზე არსებული ნათელი წერტილია და გვსურს მას ქეროლი ვუწოდოთ“, - განაცხადეს მათ.

ორ კრატერს ეწოდა სახელი: „Integrity“ (მათი კაფსულის პატივსაცემად) და „Carroll“ (მეთაურის განსვენებული მეუღლის პატივსაცემად). ამ ფაქტმა საზოგადოების ყურადღება რიდ უაიზმენის პირადი ცხოვრებისკენ მიმართა. აი, ყველაფერი, რაც მისი ოჯახის შესახებ უნდა იცოდეთ:

  • რიდ უაიზმენი: მეუღლე და შვილები

რიდის მეუღლე, ენ ქეროლ ტეილორ უაიზმენი, 46 წლის ასაკში, კიბოსთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. 2020 წლის ნეკროლოგში ვკითხულობთ: „ქეროლ ტეილორ უაიზმენი, 46 წლის, გარდაიცვალა 17 მაისს ფრენდსვუდში, ტეხასის შტატში, სიმსივნესთან ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ“.

მან უაიზმენი ორ ქალიშვილთან ერთად მარტოხელა მამად დატოვა. უაიზმენის მეუღლე წარმოშობით ვირჯინია-ბიჩიდან იყო. ნეკროლოგის თანახმად, იგი უოლერ და ენ ტეილორების ოჯახში დაიბადა. ქეროლმა დაამთავრა First Colonial-ის საშუალო სკოლა, ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტი და ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტი.

„პედიატრიული მედდის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, ქეროლი მუშაობდა მეფის ასულთა ბავშვთა ჰოსპიტალში (CHKD), ასევე სკოლის მედდად პატუქსენტ-რივერში (მერილენდი) და მოგვიანებით ფრენდსვუდში (ტეხასი)“, - ნათქვამია ნეკროლოგში.

NASA-მ ასევე დაწერა ქეროლის შესახებ: „რიდის მშობლიური ქალაქი ბალტიმორია (მერილენდი). მისი განსვენებული მეუღლე, ქეროლი, მთელ ცხოვრებას სხვების დახმარებას უძღვნიდა, როგორც ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების სერტიფიცირებული მედდა“.

უაიზმენს ორი ქალიშვილი ჰყავს - ელი და კეტრინი. „Artemis II“-ის გაფრენამდე მან მათთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „მიყვარს ეს ორი ლედი და რაკეტაში ძალიან ამაყი მამის სტატუსით ავდივარ“.