რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა.
ინსცენირება - რობერტ სტურუა;
სცენოგრაფია - ანა ნინუა,და რობერტ სტურუა;
სცენის სივრცე - მერაბ მერაბიშვილი, ტიტე ჯალაღონია (გამოყენებულია მირონ შველიძის ნამუშევრები);
მუსიკალური გაფორმება - სვიმონ ჯანგულაშვილი, რობერტ სტურუა;
ქორეოგრაფია - კოტე ფურცელაძე;
რეჟისორის თანაშემწე - თეა მარგველაშვილი;
მონაწილეობენ - ბუკა თოლორდავა, ირაკლი კერესელიძე, ბექა მეძმარიაშვილი, ქეთი სვანაძე, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია, ლაშა ჯუხარაშვილი და სხვ.

"ვეფხისტყაოსანი" - „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”: რობერტ სტურუას სპექტაკლი
სპექტაკლის "ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა „რუსთაველის თეატრში“ 5 აპრილს გაიმართა, ჩვენება ჩანიშნული იყო 6, 7, 17 და 18 აპრილს. უკვე გამართულმა წარმოდგენებმა ანშლაგით ჩაიარა, 17- და 18 აპრილს გასამართი სპექტაკლების ბილეთები კი სრულად გაყიდულია.
საზოგადოების დიდი ინტერესის პარალელურად, რამდენიმე დღეა, საუბარი რობერტ სტურუას დადგმის ირგვლივ არ წყდება. პირველი ჩვენების შემდეგ თავად რეჟისორი ამბობდა, რომ ყველაფერმა ჩაიარა კარგად, შემდეგი სპექტაკლები კი იქნება უკეთესი.

ვიდეოკადრები სპექტაკლიდან სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა - კრიტიკის ობიექტი გახდა მსახიობების შესრულება, ჩაცმულობა. საკუთარი აზრი გამოთქვეს მათ, ვინც სპექტაკლს დაესწრო და მათ, ვინც კადრები მხოლოდ ინტერნეტით ნახა.
საკუთარი პოზიცია გამოხატა „რუსთაველის თეატრის“ დასის წევრმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა:
„ახლა, ამ საუკუნეში, სიშიშვლე არ უნდა გვაკვირვებდეს და არც ნაწარმოების ხელშეუხებლობაზე უნდა უნდა ვიგლეჯდეთ თმას. მთავარი მხოლოდ ისაა, როგორ ფორმაშია გადმოცემული, რაც, შეიძლება, ან მოგვწონდეს, ან - არა. ეს უმარტივესია! სოლიდარობა ჩემს მეგობარ მსახიობს ქეთი სვანიძეს!“ - წერს სოციალურ ქსელში რუსკა მაყაშვილი.
მსახიობი ქეთი სვანიძე სპექტაკლში თინათინის როლს ასრულებს.
