აშშ-ს პირველმა ლედმა, მელანია ტრამპმა 9 აპრილს თეთრი სახლიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებაში კატეგორიულად უარყო ნებისმიერი კავშირი ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან და გავრცელებულ ბრალდებებს „სიცრუე“ უწოდა.
პირველი ლედის განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც მას ეპშტეინთან აკავშირებს, არ შეესაბამება რეალობას და მიზანმიმართულად ვრცელდება მისი რეპუტაციის დასაზიანებლად. მისივე თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო პერიოდში გავრცელებული ახალი მასალებისა და ე.წ. „ეპშტეინის ფაილების“ ფონზე.
"მე არ ვარ ეპშტეინის მსხვერპლი. ეპშტეინს არ გავუცნივარ დონალდ ტრამპისთვის. მე დონალდს შევხვდი 1998 წელს ნიუ-იორკში გამართულ ღონისძებაზე. ყალბი ფოტოები და განცხადებები ეპშტეინისა და ჩემს შესახებ სოციალურ ქსელებში უკვე წლებია ვრცელდება. ეს ფოტოები და ისტორიები სრულიად მცდარია...
მე არასოდეს მქონია ინფორმაცია ეპშტეინის მხრიდან მსხვერპლთა შევიწროების შესახებ. არასოდეს ვყოფილვარ ჩართული არანაირი სტატუსით. არ ვყოფილვარ მონაწილე. არასოდეს ვყოფილვარ ეპშტეინის თვითმფრინავში და არასოდეს ვწვევივარ მის კერძო კუნძულს. ჩემთვის არასოდეს წაუყენებიათ სამართლებრივი ბრალდება და არ ვყოფილვარ მსჯავრდებული არცერთ დანაშაულში, რომელიც დაკავშირებულია ეპშტეინის სექს-ტრეფიკინგთან, არასრულწლოვანთა შევიწროებასთან ან სხვა ამაზრზენ ქმედებებთან. ბოლო პერიოდში გავრცელებული ბრალდებები არის მცდარი და პოლიტიკურად მოტივირებული, რაც მიზნად ისახავს ჩემი რეპუტაციის დაზიანებას" - ამბობს მელანია

ჯეფრი ეპშტეინი იყო ამერიკელი ფინანსისტი, რომელმაც წარმოუდგენელი სიმდიდრე დააგროვა, თუმცა მისი შემოსავლების წყარო ყოველთვის ბუნდოვანი რჩებოდა. ის მეგობრობდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებთან, პრეზიდენტებთან, სამეფო ოჯახის წევრებთან, მეცნიერებთან და ჰოლივუდის ვარსკვლავებთან.
გამოძიების მიხედვით, ეპშტეინმა შექმნა არასრულწლოვანი გოგონების ექსპლუატაციის საერთაშორისო ქსელი. ის იყენებდა თავის კერძო თვითმფრინავს (რომელსაც მედიამ „ლოლიტა ექსპრესი“ შეარქვა) გოგონების გადასაყვანად თავის რეზიდენციებში:
ამ საქმეში საკვანძო ფიგურაა ბრიტანელი მედიამაგნატის ქალიშვილი, გილიან მაქსველი. გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ის იყო სქემის „ორგანიზატორი“ - ის ეძებდა და ამზადებდა არასრულწლოვან გოგონებს ეპშტეინისა და მისი მეგობრებისთვის. 2021 წელს მაქსველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პირველად ეპშტეინი 2005 წელს ფლორიდაში დაადანაშაულეს, თუმცა მაშინ მან საეჭვოდ მსუბუქი სასჯელი მიიღო (ე.წ. „Sweetheart deal“). მან მხოლოდ 13 თვე გაატარა ნახევრად ღია ტიპის ციხეში, სადაც დღისით სამსახურში გასვლის უფლება ჰქონდა. ეს მიუთითებდა მის წარმოუდგენელ კავშირებზე სამართალდამცავ სტრუქტურებში.
2019 წელს ეპშტეინი ხელახლა დააკავეს ფედერალური ბრალდებით. რამდენიმე კვირაში ის ნიუ-იორკის ყველაზე დაცულ ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ იმ ღამეს კამერები არ მუშაობდა და მცველებს ეძინათ, უამრავი კონსპირაციული თეორია წარმოშვა.
2024 წელს სასამართლომ დაიწყო იმ დოკუმენტების გასაჯაროება, სადაც ეპშტეინის ასობით ნაცნობია ნახსენები. მიუხედავად იმისა, რომ სიაში ყოფნა ავტომატურად დანაშაულს არ ნიშნავს, საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, თუ რამდენად ღრმად იყო შეღწეული ეპშტეინის ქსელი მსოფლიო ელიტაში.