რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა.
ინსცენირება - რობერტ სტურუა;
სცენოგრაფია - ანა ნინუა,და რობერტ სტურუა;
სცენის სივრცე - მერაბ მერაბიშვილი, ტიტე ჯალაღონია (გამოყენებულია მირონ შველიძის ნამუშევრები);
მუსიკალური გაფორმება - სვიმონ ჯანგულაშვილი, რობერტ სტურუა;
ქორეოგრაფია - კოტე ფურცელაძე;
რეჟისორის თანაშემწე - თეა მარგველაშვილი;
მონაწილეობენ - ბუკა თოლორდავა, ირაკლი კერესელიძე, ბექა მეძმარიაშვილი, ქეთი სვანაძე, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია, ლაშა ჯუხარაშვილი და სხვ.

სპექტაკლის "ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა „რუსთაველის თეატრში“ 5 აპრილს გაიმართა, ჩვენება ჩანიშნული იყო 6, 7, 17 და 18 აპრილს. უკვე გამართულმა წარმოდგენებმა ანშლაგით ჩაიარა, 17- და 18 აპრილს გასამართი სპექტაკლების ბილეთები კი სრულად გაყიდულია.
საზოგადოების დიდი ინტერესის პარალელურად, რამდენიმე დღეა, საუბარი რობერტ სტურუას დადგმის ირგვლივ არ წყდება. პირველი ჩვენების შემდეგ თავად რეჟისორი ამბობდა, რომ ყველაფერმა ჩაიარა კარგად, შემდეგი სპექტაკლები კი იქნება უკეთესი.
ვიდეოკადრები სპექტაკლიდან სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა - კრიტიკის ობიექტი გახდა მსახიობების შესრულება, ჩაცმულობა. საკუთარი აზრი გამოთქვეს მათ, ვინც სპექტაკლს დაესწრო და მათ, ვინც კადრები მხოლოდ ინტერნეტით ნახა.
კრიტიკასა და კომენტარებს სპექტაკლში მტავარი როლების შემსრულებლებმა, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა, ლევან ხურციამ და ქეთი სვანიძემ უპასუხეს.
„პრაიმ ტაიმმა“ ქეთისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქეთი საკუთარ პოზიციასა და შეხედულებებზე საუბრობს:
სპექტაკლის შესახებ:
- მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ბატონი რობიკო ამ სპექტაკლს 30 წელი დგამდა და როცა გადაწყვიტა დაედგა, მე მასში მოვხვდი. მინდა, გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც პირველად მოვედი რუსთაველის თეატრში, ქალბატონმა მარინა ჯანაშიამ მითხრა, როდესაც შემოხვედი თეატრში, შენში „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟი დავინახე და დაიმახსოვრე, მე შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო, მაგრამ ასე მოხდებაო. ქალბატონმა მარინამ მიწინასწარმეტყველა ეს და მას ვუძღვნი ამ როლს. ეს აქამდე ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ პრემიერა ჩემს გულში მას მივუძღვენი.

ოჯახის შესახებ:
- გაგრიდან ვართ, მამა ომში დაიღუპა. დეიდაჩემი იყო ჩამოსული გაგრაში, რამდენიმე დღით წამომიყვანა თბილისში და სწორედ მაშინ დაიწყო ომი. დედა იქ ჩარჩა და გართულდა მისი გადმოსვლა. დედაჩემმა ესმა მიქელაძემ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა აქამდე რომ მოვსულიყავი. ვაკის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და იმ ყველაფრის მიუხედავად ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა ყველას ერთმანეთთან. მე და დედა ფეხით დავდიოდით ვოკალზე და სხვადასხვა წრეებზე. „ერისიონში“ ვცეკავდი. ჩემი რთული ბავშვობა დედამ გამიხალისა და მე მადლიერი ვარ. ისეთი რაღაცეები ამიხდა ცხოვრებაში, მრცხვენია იმის თქმა რომ რთული ბავშვობა მქონდა. იყო ბულინგი დევნილობის გამო, სკოლაშიც არ ქონდათ კარგი დამოკიდებულება ჩემს მიმართ და რატომ არ ვიცი, დღეს კი პირიქით არის. ყველგან იყო პატარ-პატარა ბრძოლები, მაგრამ ყველაფერი დამიფასდა.
მყავს შვილი – დანიელი და მეუღლე ზურა ძიძავა. ჩემი მეუღლე ბავშვთა ქირურგია. მსახიობის მეუღლეობა არაა მარტივი. ხანდახან ალბათ რაღაცეები რთულია მისთვის, მაგრამ მიგებს და ყოველთვის გვერდით მიდგას.
ინტერვიუს სრულად „პრაიმ ტაიმის“ გვერდზე ნახავთ.
„სამი დღეა ვცდილობ, არაფერი ვთქვა, რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას, მოეწონოს, არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ. ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ , დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც… მსახიობის, რომელიც წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობია და თავის პროფესიას ემსახურება სცენაზე. მეუღლეა, დედაა და ბოლოსდაბოლო ადამიანია.

კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი! და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში, ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა, მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს. რადგან ვიცი, როგორ ეფერებოდა თითოელ სიტყვას და ბგერას ბნ. რობერტი რეპეტიციებზე და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა, ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა… თუ გინდათ გაგახარებთ, ამასაც გეტყვით ოღონდ მხოლოდ ჩემზე!!
ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი“, – წერს ლევან ხურცია სოციალურ ქსელში.

ვრცელი წერილი გამოაქვეყნა ლევან ხურციას მეუღლემ, იურისტმა მარიამ კუბლაშვილმაც:
"ვკითხულობ შეფასებებს ვეფხისტყაოსნის ახალი სცენური ინტერპრეტაციის შესახებ.ყველაზე ხმამაღალი დასკვნები მოდის მათგან, ვისაც სპექტაკლი სრულად არ უნახავს.ჩემი სუბიექტური აზრით, თეატრი არ არის ტექსტის დეკორატიული გამეორება. თეატრი არის ინტერპრეტაციის სივრცე, სადაც კლასიკა ან ცოცხლდება, ან მუზეუმად იქცევა. იგი შეიძლება მოგეწონოს ან პირიქით, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელიცაა. სიძულვილის ენა და სალანძღავი სიტყვები კი მაინც მაოცებს.
რუსთაველის ტექსტი არის ძველი ენის და უაღრესად პოეტურად შეფუთული,რაც ნიშნავს, რომ ის, რაც დღეს პირდაპირ ითქმებოდა, იქ ალეგორიებითა და მინიშნებებით არის გადმოცემული.
ამ სივრცეში ძალაუფლება და სიყვარული პარალელურად კი არ არსებობს - ისინი ერთმანეთშია გადაზრდილი. თინათინი სწორედ ამ ერთიანობის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ინტელექტუალური სახეა:მეფე, რომელიც ბრძანებს და ქალი, რომელიც გრძნობს.ძალა და სიყვარული აქ არა კონფლიქტში, არამედ ბუნებრივ თანაარსებობაშია. და ეს არ არის თანამედროვე რეჟისორის „დამატება“ ,ეს არის ის, რაც ტექსტშია, უბრალოდ ყოველთვის ასე აშკარად არ გვინახავს.პოემაში სიყვარული არასოდეს არის მხოლოდ აბსტრაქტული და სულიერი.ეს არის ძლიერი განცდა, რომელიც გმირს ამოძრავებს, ტანჯავს, აიძულებს მოქმედებას.
ზოგჯერ ის იმდენად ძლიერია, რომ ფიზიკურ ტკივილსაც უტოლდება.სწორედ ეს გრძნობის სიღრმე დავინახე რობერტ სტურუას გადაწყვეტაში. და ვინც ამ ენას მხოლოდ ზედაპირული აღქმით კითხულობს, ვფიქრობ, ტექსტის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს.ამ კონტექსტში, ეს სცენური გადაწყვეტა ჩემთვის არ არის პოემის დაკნინება, ეს არის მკაფიო, გააზრებული და დიახ - თამამი ინტერპრეტაცია.მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა:შეიძლება თუ არა შეფასება იქ, სადაც აღქმა არასრულია?ფრაგმენტებით ნანახი სპექტაკლი არ არის სპექტაკლი - ის არის შთაბეჭდილება, ხშირად მცდარი.ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ხელოვნება, რომელმაც ასეთი წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია, უკვე გასცდა „უბრალო სპექტაკლის“ ჩარჩოს, ის გახდა მოვლენა.
და მოვლენებს, როგორც წესი, დრო უფრო ზუსტად აფასებს, ვიდრე პირველი ემოციური კომენტარები.და ბოლოს, გულწრფელად. ეს იყო ძლიერი სცენური გადაწყვეტა, ზუსტად შეგრძნებული რიტმითა და მუსიკით, რომელიც არა მხოლოდ გასდევს მოქმედებას, არამედ ქმნის ემოციურ არქიტექტურას.სპექტაკლი ძალიან სწრაფად დასრულდა - იმ იშვიათი განცდით, როცა დრო იკუმშება და მაყურებელი რჩება გაგრძელების მოლოდინში.მეორე ნაწილის მიმართ ინტერესი უკვე არა უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა, არამედ მოთხოვნილება.და დიახ - ასეთი წაკითხვისთვის, ასეთი სიმამაცისთვის, რობერტ სტურუას ეკუთვნის შოთას ენაზე ,,შაბაშ” რუსთაველის თეატრს".