ელიტარული 20-ეული, იახტების დახურული წვეულებები და ჰოლივუდი კამერების მიღმა - ზურა ბურჯანაძის კანის დღიურები და ექსკლუზიური ინტერვიუ - Marao

ელიტარული 20-ეული, იახტების დახურული წვეულებები და ჰოლივუდი კამერების მიღმა - ზურა ბურჯანაძის კანის დღიურები და ექსკლუზიური ინტერვიუ

2026-05-24 12:43:41+04:00

დღეს კინოსა და მოდის უმთავრესი ეპიცენტრიდან - კანის კინოფესტივალიდან პირდაპირ ჩვენს ფურცლებზე გადავინაცვლებთ. როდესაც წითელი ხალიჩის გლამურზე, კადრს მიღმა დარჩენილ კულუარებსა და ჰოლივუდის პირველი ეშელონის ვარსკვლავებზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება ის ადამიანები, ვინც ამ ისტორიას ქმნიან და ჩვენამდე მოაქვთ.

ეს არის ექსკლუზიური შეხვედრა ქართველ ფოტო- და ვიდეოგრაფ ზურა ბურჯანაძესთან, რომელმაც კანის კინოფესტივალის მკაცრი ფილტრაცია გაიარა. ის იქ ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობის, გვანცა მხეიძის პირადი ფოტოგრაფის სტატუსით, ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

  • პენელოპე კრუსის სამი შავი კაბა - ესპანელმა ვარსკვლავმა კანის კინოფესტივალი დაიპყრო

ამ ინტერვიუში ვსაუბრობთ რთულ პროფესიულ გზაზე, ინსტაგრამის, როგორც მთავარი გასაღების როლზე, იახტებზე გამართულ დახურულ წვეულებებსა და შერონ სტოუნის ქართულ მოგონებებზე.

გზა მილანიდან კანის წითელ ხალიჩამდე: როცა ინსტაგრამი მთავარი გასაღებია

ბევრი ფიქრობს, რომ საერთაშორისო აღიარება ერთ დღეში, მხოლოდ იღბლის წყალობით მოდის, თუმცა კადრს მიღმა წლების დაუღალავი შრომა დგას. ზურა ბურჯანაძე უკვე 6 წელია, რაც მოდის ფოტოგრაფიაში ტრიალებს. მის ობიექტივში არაერთი ცნობილი ქართველი თუ მსოფლიო ვარსკვლავი მოხვედრილა. ყოველ წელს მუშაობს მილანის მოდის კვირეულზე მსხვილ ბრენდებთან - მათ შორის იყო Armani Beauty-ის სუნამოს პრეზენტაცია, სადაც მან თავად ქენდალ ჯენერი გადაიღო. თუმცა, კანის კინოფესტივალამდე მისასვლელი გზა განსაკუთრებული აღმოჩნდა და მასში უდიდესი როლი სოციალურმა მედიამ ითამაშა.

„საკმაოდ აქტიური ვარ ინსტაგრამზე, მუდმივად ვაზიარებ ყოველდღიურობას და გადაღებებს. სწორედ ეს პლატფორმა აღმოჩნდა მთავარი გასაღები კანის კინოფესტივალამდე მისასვლელად... ყველაფერი ინსტაგრამის მეშვეობით დაიწყო: დამიკავშირდა გვანცა მხეიძის მენეჯერი და შემომთავაზა მემუშავა მასთან, როგორც პირადი ფოტოგრაფი. ეს იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო შეთავაზება. გაგიმხელთ, რომ მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა“, - ამბობს ზურა ბურჯანაძე ჩვენთან ინტერვიუში.

zura-burjanadze 

ფესტივალის დელეგატის სტატუსი - კულუარები და მკაცრი იერარქია

კანის კინოფესტივალი ცნობილია თავისი უმკაცრესი ბიუროკრატიით, აკრედიტაციების რთული სისტემითა და მკაცრი ფილტრაციით. აქ მოხვედრა რიგითი ჟურნალისტის ან სტუმრის სტატუსით უკვე რთულია, თუმცა ზურამ გაცილებით მაღალი საფეხური - „ფესტივალის დელეგატის“ სტატუსი მოიპოვა.

  • გერმანელი ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის კაბაში - დაიან კრუგერის ვარსკვლავური გამოჩენა დევიდ კომას კაბით

„მე ვარ კანის კინოფესტივალის 20-კაციანი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, რაც მაძლევს სრულფასოვან უფლებას, კანის კინოფესტივალთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას დავესწრო. ეს ყველაფერი მოიცავს პავილიონებს, სადაც საკმაოდ საინტერესო ვორქშოფებია; აქ ვხვდებით მსოფლიო ვარსკვლავებს, პროდიუსერებს, რეჟისორებსა და გაყიდვების აგენტებს. ასევე ვესწრებით კანის კინოფესტივალის ბექსთეიჯებსა და დახურულ ღონისძიებებს იახტებზე“, - გვიყვება ზურა ბურჯანაძე.

ამ ოფიციალური უფლების მოპოვება წითელ ხალიჩაზე მუშაობისთვის ხანგრძლივი და დამღლელი ორგანიზაციული თუ სამართლებრივი ბარიერების გადალახვას მოითხოვდა:

„ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი და რთული გზა მანამ, სანამ მივიღებდი ამ უფლებას - უამრავი ონლაინ შეხვედრა და კითხვა მათი მხრიდან ჩემ მიმართ. საბოლოოდ, მომენიჭა სრულფასოვანი უფლება, მემუშავა კანის კინოფესტივალზე, ნებისმიერ მის ქვეშ დაქვემდებარებულ ადგილას“, - იხსენებს ზურა ბურჯანაძე ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

zura-burjanadze 

გარდა პრივილეგიებისა, ეს სტატუსი უდიდეს პასუხისმგებლობასა და მკაცრ ჩარჩოებში მუშაობას გულისხმობს, სადაც წესების დარღვევამ შესაძლოა აკრედიტაციის მყისიერი გაუქმება გამოიწვიოს:

„უშუალოდ კანის კინოფესტივალს რაც ეხება, სხვადასხვა შეხვედრებზე სხვადასხვა დრესკოდია - როგორებიცაა, წითელი ხალიჩა, დახურული ღონისძიებები და სხვა“.

მამაკაცებისთვის სავალდებულოა კლასიკური სმოკინგი, თეთრი პერანგი და შავი ბაფთა. ჩვეულებრივი ჰალსტუხით ან სტანდარტული კოსტიუმით სტუმარს ხალიჩაზე არ შეუშვებენ.

  • ის, რაც ყველას გვაინტერესებს: ქართველი ვიზაჟისტი, ეკა კრიხელი კანის 2025 წლის კინოფესტივალზე და საინტერესო ამბები კულისებიდან

აღსანიშნავია, რომ ამ მკაცრი პროტოკოლის ფარგლებში, მსოფლიო მოდის ეპიცენტრში ქართულმა ესთეტიკამაც დაიკავა თავისი ადგილი. ზურა ბურჯანაძის წითელი ხალიჩის იმიჯზე ქართულმა ბრენდმა Pallecarte-მა იზრუნა. კინოფესტივალის ყველაზე გლამურულ ლოკაციებზე ქართული დიზაინითა და ხარისხით წარდგენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.

zura-burjanadze 

ქალებისთვის სავალდებულოა გრძელი, ელეგანტური საღამოს კაბა. ეს კანის ყველაზე ხმაურიანი წესია - ქალებისთვის სავალდებულოა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რამდენიმე ვარსკვლავმა (მაგალითად, კრისტენ სტიუარტმა და ჯენიფერ ლოურენსმა) ამ წესის წინააღმდეგ პროტესტი ფეხშიშველი გავლით ან კედებით გამოხატა, ოფიციალური დაცვის სამსახური რიგით სტუმრებსა და აკრედიტებულ პირებს ბრტყელძირიანი ფეხსაცმლით შენობაში დღემდე არ უშვებს.

გარდა ტანსაცმლისა, არსებობს ქცევის უმკაცრესი სამართლებრივი ჩარჩო, რომლის დარღვევაც მყისიერად იწვევს აკრედიტაციის გაუქმებას: ფესტივალის დირექციის მიერ ოფიციალურად აკრძალულია წითელ ხალიჩაზე სელფის გადაღება.

7:00 AM - რეალური სამუშაო დღე და წამები, რომლებიც ყველაფერს წყვეტენ

„ჩვენი დღე იწყება საკმაოდ ადრე, დილის 7 საათიდან: მზადება, ბიზნეს შეხვედრები, ახალი კონტაქტები და ა.შ. შემდეგი ეტაპია უშუალოდ მომზადება წითელი ხალიჩისთვის, ხოლო წითელი ხალიჩის შემდეგ - დახურული ღონისძიებები. ეს გამოცდილება არაფერს ჰგავს, რაც კი აქამდე მიმიღია. ამ ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ ვიაზრებ, როცა ეს ყველაფერი სრულდება. რეალურად, რასაც საზოგადოება რამდენიმე წუთის მანძილზე უყურებს - მსოფლიო ვარსკვლავების ვიდეოებს - სინამდვილეში ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამით გრძელდება“, - იხსენებს ზურა ბურჯანაძე.

ჰოლივუდი კადრს მიღმა: შერონ სტოუნის მოგონებები საქართველოზე

ფესტივალის ფარგლებში ზურას შეხვედრები ჰქონდა ჰოლივუდის პირველი ეშელონის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან კამერონ დიასი, კრისტენ სტიუარტი, მარგო რობი, ვუდი ჰარელსონი, ლეონარდო დიკაპრიო, ბელა ჰადიდი და ენდი გარსია. დახურულ სივრცეებსა და პავილიონებში, სადაც ოფიციალური კამერების გამოყენება აკრძალულია, ვარსკვლავები სრულიად სხვა ამპლუაში წარდგნენ.

„ჩამოთვლილ მსოფლიო ვარსკვლავებთან შეხვედრები იყო დახურულ სივრცეებში, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, კამერის გამოყენება აკრძალულია. მოლოდინი მქონდა, რომ მათთან კომუნიკაცია იქნებოდა ძალიან რთული, თუმცა საკმაოდ უშუალო და ღია აღმოჩნდა ყველა მათგანი. იმ დროს, როცა იქ ვიყავი, ამ ყველაფერს ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი; რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი დეტალი მახსენდება. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მათგანთან ურთიერთობა არის ძალიან სასიამოვნო“.

განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ზურა ბურჯანაძე შერონ სტოუნს შეხვდა:

„შერონ სტოუნმა გაიხსენა საქართველო და თქვა, რომ ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს ჩვენს ქვეყანასთან. აღვნიშნავ, რომ მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ძალიან თბილი იყო“.

ზურა ბურჯანაძე MARAO.GE-ისთან ინტერვიუში ტილდა სუინტონთან საუბარსაც იხსენებს:

„ახლახან მქონდა შეხვედრა ტილდა სუინტონთან . მოკითხვა დამაბარა საქართველოში ლანა ღოღობერიძესთან; მითხრა, რომ ძალიან უყვარს საქართველო და კარგად ახსენდება აქ გატარებული დრო“.

zura-burjanadze 

ოცნებებიდან ამერიკულ პროექტებამდე: როცა საზღვრები არ არსებობს

კანის კინოფესტივალის დასრულება არ ნიშნავს სამუშაოს დასრულებას. შემოქმედისთვის ამ პოზიციის შენარჩუნება უდიდესი გამოწვევაა, თუმცა ზურა ბურჯანაძე გაჩერებას არ აპირებს და წინ ახალი, გლობალური გეგმები აქვს, რომლებსაც ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს, თუმცა მკითხველს მცირე მინიშნებას მაინც უზიარებს:

„პირველ რიგში, ამ ადგილას ყოფნა ძალიან რთულია, და შემდგომ - ამ ადგილის შენარჩუნება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წლევანდელ წელს ამერიკიდანაც შემოგთავაზებთ საინტერესო მასალას და ისტორიებს...“

მათთვის კი, ვისთვისაც მსოფლიო მოდისა და კინოს ეპიცენტრში მოხვედრა ჯერ კიდევ შორეულ ოცნებად რჩება, ქართველ ფოტოგრაფს ერთი მარტივი, მაგრამ ოქროს წესი აქვს:

„შეუძლებელი არაფერია, ყველაფერი შესაძლებელია, როცა ადამიანი გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე“.

zura-burjanadze