სულ რამდენიმე დღე რჩება წლის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და ემოციურ სპორტულ მოვლენამდე. 14 ივნისს, თეთრი სახლი მასშტაბურ საღამოს, Freedom UFC 250-ს უმასპინძლებს, სადაც საღამოს მთავარი მოვლენა ორი წონის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიასა და ამერიკელი ჯასტინ გეიჯის ბრძოლა იქნება. ორთაბრძოლა საქართველოს დროით 15 ივნისის დილას გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენები ოქტაგონზე ჯერ არ შესულან, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება უკვე დაიწყო.

ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას დაპირისპირება
ჯასტინ გეიჯი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ილია თოფურიას განქორწინების თემასაც შეეხო. ამერიკელმა აღნიშნა, რომ თოფურიას აუტანელი ხასიათის გამო მას თავადაც მიატოვებდა.
ქართველი „მატადორის“ პასუხმაც არ დააყოვნა. თოფურიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა"
"ჯასტინმა ზღვარი გადაკვეთა. რაც ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლესთან მოხდა, მხოლოდ ჩვენი საქმეა. შეიძლება ერთად აღარ ვართ, მაგრამ ის ჩემი ქალიშვილის დედაა. ყველა, ვინც მას შეურაცხყოფს ან ისეთ რაღაცებზე საუბრობს, რაც არ იცის: გამოიჩინეთ პატივისცემა. არ არის აუცილებელი პატივი სცეთ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ სხვისი დედის პატივისცემა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წესი უნდა იყოს.
იყავი უკეთესი," - წერს ილია.

ამერიკელი მებრძოლი თოფურიას პოსტს მალევე გამოეხმაურა და მას აუტანელი პატარა ბიჭი უწოდა.
"ჩემი აზრს მხოლოდ ამტკიცებ: აუტანელო პატარა ბიჭო. შენს ცოლზე სიტყვაც კი არ მითქვამს. თავად ჯერ მამაჩემს მიმართავ, შემდეგ კი ისე იქცევი, თითქოს მე რაღაც ზღვარს გადავაბიჯე. ისედაც ვიჩხუბებთ, მეგობარო" - წერს გეიჯი.
ბუნებრივია, ილია თოფურიამ, რომელიც ოქტაგონზე და მის მიღმაც განსაკუთრებული თავდაჯერებულობით გამოირჩევა, გეიჯის ეს კომენტარიც არ დატოვა უპასუხოდ და დაწერა"
"მამაშენი ამაში არ უნდა ჩაგერია. ხელში ლუდი ეჭირა, როცა დაბალს მეძახდა და ამბობდა, რომ გამანადგურებდი. შემდეგ ჩემს განქორწინებაზე დაიწყე საუბარი და მსოფლიოს უთხარი, რომ ჩემთან ოთახის გაზიარებაც არ მოგინდებოდა.
იდიოტო. პირველ რიგში, საბრძოლველად მივდივართ, პაემანზე კი არა. შემდეგ, ოთახის მეზობელს არ ვეძებ. როდესაც დაგაძინებ და ვარდის გვერდით დაწვები, მამაშენს გავხედავ და ერთ მარტივ კითხვას დავუსვამ: ახლა ვინ არის დაბალი? დაგანგრევ, ჯასტინ" - წერს ილია.