თამაში - გატაცებული ქალიშვილი (ნაწილი მეორე, თავი მეშვიდე) - Marao

თამაში - გატაცებული ქალიშვილი (ნაწილი მეორე, თავი მეშვიდე)

2013-07-12 11:21:17+04:00

პირველი ნაწილის მოკლე შინაარსი: იდუმალებით მოცული უცნობი სოციალურ ქსელ - "ფეისბუქის" საშუალებით უკავშირდება სამ გოგონას და ინტრიგული ხერხებით ცდილობს, დაითანხმოს ისინი, რომ მათ ითამაშონ უცნაური თამაში, სადაც მოუწევთ საინტერესო თავსატეხების ამოხსნა, უცნაური ადგილების ნახვა და მინიშნებების პოვნა. თამაში მათ ცხოვრებას შეცვლის...

გოგონები არღვევენ თამაშის ერთადერთ წესს და გაერთიანდებიან, რათა იპოვონ თამაშის ინიციატორი - ტრიქსტერი, რომელიც დგას ამ ყველაფრის მიღმა...

***

შებინდებული იყო, როდესაც ვაკომ თავისი მანქანა უცნაური შენობის გვერდით, დიდ თუთის ხესთან მიაყენა. მანქანიდან გადმოვიდა, წინიდან შემოუარა, რომ ნინისთვის კარი გაეღო, მაგრამ ნინის უკვე მოესწრო მანქანიდან გადმოსვლა.

- რატომ არ დამელოდე? - გაეცინა ვაკოს.

- არ ვარ დაჯილდოებული ლედის თვისებებით და რა ვქნა? - უპასუხა ნინიმ და შენობა მოათვალიერა, რომელიც ძალიან ჰგავდა ფარდულს.

საწყობი ერთსართულიანი იყო. გარედან ჟეშტები ჰქონდა აკრული, რომელსაც მწვანე საღებავი ნახევრად გადასვლოდა. ფანჯრები ხის ფიცრებით იყო აჭედილი.

- რა უცნაურია! ამ კარს რკინის ჯაჭვი აქვს გამობმული, წესით, ბოქლომით უნდა იყოს დაკეტილი. დავიჯერო, რეზი ისე წავიდა, რომ დაკეტვა დაავიწყდა?

- შეიძლება იმ გოგოს გამოეკიდა. თან ნასვამიც იყო...

- ჰო, მაგრამ წესით, ხომ უნდა მობრუნებულიყო მეორე დღეს? იქნებ აქ არის კიდეც... რა ვქნათ, შიგნით რომ დაგვხვდეს?

- არ დაგვხვდება! მანქანა არ აყენია და ფეხით აქ ვერ მოვიდოდა!

- ეგეც მართალია! - თქვა ნინიმ და რკინის ნახევრად დაჟანგებული კარი გამოაღო.

- მოიცა! წინ მე გამიშვი! - ვაკომ ფარანი მოიმარჯვა და ნინის მკლავში ხელი მოჰკიდა, რომ შეეჩერებინა.

- მომეცი აქ ეგ ფარანი! - ნინიმ ფარანი გამოართვა და ფარდულში პირველი შევიდა.

- ვაჰ, გამაგიჟებ შენ მე! რანაირი ქალი ხარ?..

ვაკო ნინის დაეწია და გვერდით ამოუდგა.

საწყობი შიგნიდან გაცილებით დიდი იყო, ვიდრე გარედან ჩანდა. აქ ეყარა ძველი, დამტვრეული სკამები და ხის დიდი ყუთები, რომლებზეც სფეროს ლოგო იყო დაბეჭდილი.

ნინი ყუთებთან მივიდა და ერთ-ერთი მათგანი გადმოაპირქვავა. პენოპლასტის თეთრი ბურთულები გადმოცვივდა და მიმოიფანტა.

- ნეტა რა ეწყო ამ ყუთებში?!. ისე, ხომ შეიძლება კონტრაბანდას ეწეოდნენ? - ჩაილაპარაკა ნინიმ და გადმოყირავებულ ყუთთან ჩაიკუზა. იატაკიდან რბილი ბურთულები აიღო და მუჭში მოიქცია.

- არ არის გამორიცხული...

- აქ რა უნდა ეჩვენებინა იმ გოგოსთვის?

- წამოდი, იქით კიდეა გასასვლელი...

ნინი ფეხზე წამოდგა და ვაკოს გაჰყვა. თან კედლებზე თეთრი საღებავით დახატულ სიმბოლოებს აკვირდებოდა.

- ვაკო...

- გისმენ, ნინი...

- ეს სიმბოლო... ხელი, გაშვერილი თითით და თვალი... ხომ არ იცი, რას ნიშნავს?

- თუ არ ვცდები, ერთგული მეგობრობის სიმბოლოა...

- ერთგული მეგობრობის? რა საინტერესოა... მე რაღაც უფრო სხვა მეგონა!

- ზუსტად არ ვიცი... ეს ერთ-ერთი განმარტებაა ამ სიმბოლოსი...

- ესე იგი, რა გამოდის, რომ ტრიქსტერი ერთგულ ადამიანებს ეძებს? იქნებ ეს თამაშიც მაგაზეა დაფუძნებული? იქნებ ამოწმებს ჩვენი ნდობის ხარისხს, ბოლომდე ერთგულად ვემსახურებით თუ არა... ან მე, სალი და მია ერთგული მეგობრები გავხდებით თუ არა... ან იქნებ თვითონ ეძებს მეგობრებს... რა ვიცი...

- არა მგონია, რომ ეს მიზანი ამოძრავებდეს მაგ ორგანიზაციას...

ვაკო ერთმანეთზე დაწყობილი ყუთების უკან შეძვრა, სადაც კიდევ ერთი კარები იყო მიმალული.

- მე მაინც მგონია, რომ რეზის დაკეტვა დაავიწყდა, თორე აქ საბომჟეთი იქნებოდა. ამ ყუთებსაც შეუძახებდნენ ადგილობრივები ბუხარში დიდი ხნის წინ.

- დასახლება აქედან საკმაოდ შორსაა და რომელი ბომჟი მოვიდოდა აქ ფეხით...

- ჰო, ისე, ეგეც მართალია!

ვაკო და ნინი პატარა ოთახში შევიდნენ. აქ ძველებური ხის საწერი მაგიდა იდგა, ოღონდ ძალიან იყო გაუბედურებული. ნინიმ უჯრები სათითაოდ გამოსწია. შიგნით ძველი, გაყვითლებული ფურცლები ეწყო, ზედ რაღაც ციფრები და ფორმულები ეწერა.

- შეხედე, ნინ!

ვაკო კედელთან იდგა და თითს უსვამდა. ნინიმ მაგიდას თავი დაანება და მასთან მივიდა.

- ხედავ?

- ვაიმე, რა არის ეს?

ნინი კედელს დააკვირდა, რომელიც "დარტსის" დაფასავით სულ დაჩხვლეტილი იყო.

- ალბათ, აქ რაღაცა ჰქონდათ გაკრული და ზედ ჭიკარტებით ნიშნავდნენ... შეიძლება რუკა! ან რაღაც დიდი ფორმატი...

- ან დარტსს თამაშობდნენ.

- დარტსს მთელ კედელზე არ ისვრიან, თან ასეთ მოკლე მანძილზე. მაგრამ მე სხვა რაღაც უნდა გაჩვენო.

ვაკო მაგიდას დაეჯაჯგურა და გვერდზე გააცურა. მაგიდას უცებ ერთი ფეხი მოტყდა და ბრაგუნით დაეცა.

- რას აკეთებ? - გაუკვირდა ნინის.

- მოდი აქ!

ვაკომ ფეხით მაგიდის ქვეშ დაგროვილი დიდი რაოდენობით მტვერი გადახვეტა და სარდაფში ჩასასვლელი ოთხკუთხედი ლუკი გამოაჩინა.

- ეს იმ დღეს ვნახე და მაგიდა ისევ მივაფარე... არ იღება! ვერაფრით მივხვდი, ეს რა ჯანდაბა აყენია ზედ.

ნინიმ ჯიბიდან ერთჯერადი ხელსახოცი ამოიღო და ლუკი გადაწმინდა. მოულოდნელობისაგან კინაღამ შეჰყვირა, მაგრამ დროულად შეიკავა თავი. ლუკზე ისეთივე მექანიზმი ეყენა, როგორიც ცისფერი სახლის კარებზე დახვდათ.

- "მედალიონები"... - გაიფიქრა ნინიმ, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს.

- უცნაურია. კოდის მექანიზმს არ ჰგავს...

- ჰო, არა... ეტყობა სპეციფიკური გასაღებებით იღება! - თქვა ვაკომ.

- ძაან დაგვიბნელდა. ფარანი არ დაჯდეს... მეტი აქ სანახავი არაფერია!

ნინი ფეხზე წამოდგა. ვაკო მიუახლოვდა და ხელით მკლავზე შეეხო.

- ხომ არ გცივა?

- არა!

- გოგოები რატომ არ წამოიყვანე?

- სალის არ ეცალა... მია თავის მეგობართანაა კოჯორში...

- გასაგებია...

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

- მგონი, ჯობია წავიდეთ...

- ჰო...

ნინი გასასვლელისკენ გაემართა. ფარნით ინათებდა გზას.

- არ მახსოვს, გითხარი თუ არა ადრე... ვგიჟდები ასეთ გოგოებზე...

- როგორ ასეთზე?

- რისკი რო ევასებათ და არ ეშინიათ... პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ შენ დღეს მაგრა გარისკე... შენ ხომ არ მიცნობ წესიერად?..

- თუ არ გარისკავ, ძალიან უინტერესო და მოსაწყენი იქნება ცხოვრება! - უპასუხა ნინიმ.

ორივემ ფარდული დატოვა და მანქანისკენ გაემართა.

***

სალი აბაზანიდან ახალი გამოსული იყო და დასაძინებლად აპირებდა დაწოლას, როცა კარზე გაბმულად დარეკეს ზარი. ცოტა არ იყოს, შეეშინდა. ასეთ დროს კარგ საქმეზე ვინ მოვიდოდა?

ჭუჭრუტანიდან მიას ჟღალი თმა ჩანდა. სალიმ კარი გააღო და მის დანახვაზე გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო.

მია გაშტერებული იდგა. სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა.

- რა მოხდა? - ძლივს ამოთქვა სალიმ ეს სიტყვები და მიას ხელი მოჰკიდა, რომ სახლში შეეყვანა.

- რა ცივი გაქვს ხელები... რა მოხდა? შეგემთხვა რამე? ამოიღე ხმა, გული გამისკდა...

- სალ... ჩაი დამალევინე...

მიას ხმა ძლივს ამოუვიდა. სალიმ კარი ყოველი შემთხვევისთვის ჯაჭვზეც დაკეტა და მია დივნამდე მიიყვანა.

- მცივა...

მია თითქმის ჩურჩულებდა. დივანზე დაჯდა და ბალიში მიიხუტა.

- ვაიმე, რა დაგემართა, მია? ახლავე, მოიცა... ადიალას მოგიტან!

სალი სირბილით გაიქცა საძინებელ ოთახში და ადიალა გამოიტანა, მიას მიაფარა და გვერდით დაუჯდა.

- ჩაის ახლავე გაგიკეთებ... ორი სიტყვით მითხარი, რა გჭირს?

- რეზისთან ერთად ვიყავი...

- რეზისთან? რა გინდოდა რეზისთან? როდის შეხვდი? ჩვენ რატომ არ გვითხარი? სად იყავი? - მიაყარა კითხვები სალიმ.

- ჩაი მომიტანე და ყველაფერს მოგიყვები... ცოტა აზრზე მოვიდე... ნინი სად არის?

- ვაკოსთან ერთად წავიდა რაღაც სახლის სანახავად. წეღან ველაპარაკე... გზაში ვართო... მოდიან უკვე... მერე მოგიყვები... მოიცა, ჩაის დაგისხამ უცებ.

სალი სამზარეულოში შევარდა. ასე სწრაფად ჩაი არასოდეს გაუკეთებია.

მიამ რამდენიმე ყლუპი მოსვა და როგორც იქნა, ალაპარაკდა.

- პატარა რომ ვიყავი და წავიქცეოდი ხოლმე, იქამდე ვტიროდი, სანამ ჩაის არ დამალევინებდნენ... ასე მეგონა, ჩაის ყველაფრის მორჩენა შეეძლო... დღემდე გამომყვა ეს განწყობა...

- რეზიზე მითხარი...

- რეზიმ, სოფლიდან რომ ჩამოვედით, იმის მეორე დილას დამირეკა და დამაინტრიგა...

- რა გითხრა? ისეთ რაღაცას განახებ, რაც აქამდე არ გინახავსო?

მიამ გაოცებული სახით შეხედა სალის.

- საიდან იცი?

- მერე გეტყვი... ჯერ მოყევი ყველაფერი...

- არჩევანის წინაშე დამაყენა... მოკლედ, შევხვდით... თავისი მანქანით იყო. ჩამსვა, ღვედი თვითონ შემიკრა და შავი ლენტი მომცა...

- შავი ლენტი?

- მთხოვა, თვალები ამეხვია!

- არ მითხრა, რომ დაუჯერე...

მიამ თავი დააქნია და ჩაი მოსვა.

- გაგიჟდი გოგო? ასე ბრმად როგორ ენდე?

- ძალიან სწრაფად მიდიოდა. დავიძაბე საშინლად, მაგრამ არ შევიმჩნიე... მოკლედ, სადღაც გააჩერა მანქანა...

- სად?

- მთაზე... იქიდან რაღაც სასაფლაო ჩანდა. მრგვალ, უცნაურ ნაგებობასთან მიმიყვანა, რომელსაც კარი არ ჰქონდა... გარედან სიმბოლო ეხატა...

- ტრიქსტერის?

- არა! - აი, სახიფათოს რომ ნიშნავს...

- ჰო...

- და მოყოლა დაიწყო ამბის... ვიღაცის ბავშვობაზე... სახელი არ მითხრა... ვიღაცას ბავშვობაში უყვარდა აქ მოსვლაო... არ ვიცი, საკუთარი თავი იგულისხმა თუ ტრიქსტერი...

- მერე?

- თვალები ისევ ამიხვია და ხელები მომკიდა. მივყავდი სადღაც... სახეზე რაღაცეები მომედო... არ შეგეშინდესო, მითხრა... მხოლოდ ფოთლებიაო... მერე ნესტის სუნი ვიგრძენი და ვიგრძენი, რომ ძაან დაბნელდა.... სახვევი მომხსნა და... რომ მახსენდება, ახლაც მბურძგლავს, სალ... მე ასეთი რამ ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს...

- რა? რა ნახე?

უცებ სალის მობილურმა დარეკა. ნინი იყო. სალიმ მიკროფონზე უპასუხა, რომ მიასაც გაეგო მისი ხმა.

- ჰო, ნინ...

- ტრიქსტერმა მომწერა ფეისბუქზე! ახალი დავალება გვაქვს!

გაგრძელება იქნება ორშაბათს

P.S. მკითხველს:

მიიღე გზავნილი "უჩვეულო ფოსტით"

41°44'37" N 44°44'7" E

თამაშის დრო: შაბათი 17:00

ვითამაშოთ?Wink