მეცხრამეტე საუკუნე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის, რადგან აღა-მახმად ხანის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით აოხრებულ და მიწასთან გასწორებულ თბილისში, სადაც საერო ხასიათის ნაგებობებიდან, ფაქტობრივად, არაფერი შემორჩა, გარდა მეფე როსტომის სასახლის აბანოს ნაშთებისა, 1800-იანი წლების შემდეგ ახალი სიცოცხლე იწყება.
მეცხრამეტე საუკუნის დამდეგიდან თბილისი სწრაფად ვითარდებოდა და იზრდებოდა. მოისპო ქალაქის გალავანი და კარიბჭე.
60-90-იანი წლებიდან, თბილისის არქიტექტურის ძირითადი მახასიათებლები, კერძოდ კი აივნები, ნელ-ნელა ეზოების მხარეს გადავიდა, ხოლო შენობების გარე ფასადმა, ადგილი ევროპულ სტილს დაუთმო.
ძალიან გავრცელებული იყო მიმდინარეობები: _ კლასიციზმი, ეკლექტიზმი, რომლის დროსაც სხვადასხვა სტილის აღრევა მოხდა (ნეობაროკო, ნეოროკოკო, რენესანსი, მავრიტანული სტილი, ნეოგოთიკა და სხვ.).
სწორედ ამ სხვადასხვა სტილის გამოყენებით შენდებოდა შენობები. თითქმის პარალელურად, რუსეთის გავლით, შემოდიოდა საქართველოში ყველა ის არქიტექტურული სიახლე, რომელიც მყარად იკიდებდა ფეხს სხვადასხვა ქვეყნებში.
სწორედ იმ ადგილას, სადაც ადრე ქალაქის გალავანი გადიოდა, მდებარეობს შენობა, რომლის შესახებაც ამ ნომერში უნდა გიამბოთ.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისში უკვე რამდენიმე სასწავლებელი მოქმედებდა. ვაჟები და ქალები ცალ-ცალკე სწავლობდნენ. მანამდე მსგავსი დაწესებულებები თბილისში ფაქტობრივად არც არსებობდა. 1870-1890-იანი წლები საგანმანათლებლო დაწესებულებების დაბადების პერიოდად უნდა ჩაითვალოს, რადგან სწორედ ამ დროს დაარსდა უამრავი გიმნაზია, ინსტიტუტი, სკოლა თუ სასწავლებელი.
ზოგიერთი შენობა დღემდე ინარჩუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას. ერთ-ერთია "კეთილშობილ ქალთა გერმანული პანსიონი", რომელიც დადიანის ქუჩის ბოლოს, ასათიანის გადაკვეთაზე მდებარეობს.
ამჟამინდელი - მეექვსე საავტორო სკოლა, თავისი არქიტექტურული სტილის გამო, "ჰოგვარდს" მოგაგონებთ - ჯადოქრების სკოლას ფილმიდან "ჰარი პოტერი"და სწორედ ასე მოიხსენიებენ მას თბილისელები.
შენობა ნეოგოთიკურ სტილშია აგებული, რის გამოც საკმაოდ მისტიკურ განწყობას ქმნის.
სასწავლებელი 1893 წელს აშენდა არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერ. ეს გახლდათ თბილისის ქალთა გერმანული პანსიონი, გერმანულენოვანი სასწავლებელი, სადაც განთავსებული იყო სამლოცველო, რომელიც ლუთერანული ეკლესიის ტრადიციას აგრძელებდა. სამლოცველო მეორე სართულზე მდებარეობდა. სამლოცველოს კარები ახლაც შენარჩუნებულია და მასზე ისევ ჯვრებია გამოსახული. ხოლო, ფანჯრებში პატარ-პატარა, ფერადი მინებია ჩასმული.
სასწავლებელმა სახელი და ფუნქცია რამდენჯერმე გამოიცვალა.
საბჭოთა პერიოდში იგი რუსულენოვანი სკოლა იყო 66-ე საშუალო სკოლის სახელით ფუნქციონირებდა. იყო იურიდიული სასწავლებელიც, 2007 წელს 58-ე ქართული სკოლა. შენობა აგრეთვე გამოყენებული ყოფილა როგორც ლაზარეთი, ჯერ პირველი მსოფლიო ომის დროს, შემდეგ მეორე მსოფლიო ომის წლებში. 2011 წლის ოქტომბერში აქ მეექვსე საავტორო სკოლა გაიხსნა.
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ შენობას სერიოზული რესტავრაცია გაუკეთდა, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო მისი პირვანდელი სახე. პროფესიონალმა რესტავრატორებმა მიერ იქნა შეისწავლეს და აღადგინეს შენობა, რასაც დაახლოებით ერთი წელი და 200 000 დოლარი დასჭირდა.
შენობაში შენარჩუნებულია მარმარილოს კიბეები მოაჯირებით, ხის ულამაზესი კარ-ფანჯრები. ასევე აღდგენილია შენობის მთავარი მარგალიტი - დიდი დარბაზი, რომელიც ღონისძიებებისა და კონცერტებისთვის გამოიყენებოდა. დარბაზს დიდი, გოთური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფანჯრები ამშვენებს. მაღლა ხის აივნებია, სადაც მაყურებელი იკავებდა ადგილს, რათა ზემოდან ედევნებინა თვალი ღონისძიებებისათვის.
გადმოცემის თანახმად, თურმე, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე იდგა იქ ორღანი.
მეექვსე საავტორო სკოლამ ეს აივნებიც მთლიანად აღადგინა. მიწით ამოვსებული ქვედა სართულისა და სარდაფის გამოსუფთავებას, დაახლოებით, 200 ნაგვის მანქანა დასჭირდა.
ყოველი აგური, რომლითაც შენობაა აშენებული, სათითაოდაა დანომრილი შტამპით. ასეთი აგური აღარ არსებობს.
სასწავლებლის უკანა მხარეს, ეზოში, პატარა შენობაა, რომელიც სპეციალურად მასწავლებლებისთვის იყო აშენებული. ამჟამად ეს შენობა სკოლას არ ეკუთვნის.
სკოლის შენობა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
მე კვლავ ვაგრძელებ თქვენთვის განსაკუთრებული შენობების ძიებას და თუ თქვენც გეგულებათ სადმე საინტერესო შენობა, აუცილებლად მომწერეთ პირად მეილზე: tea.inasaridze@gmail.com
თეა ინასარიძე
ჟურნალი "... და ქალი" (აგვისტოს ნომერი)