სახალხო მედიცინაში ზეითუნის ზეთი გამოიყენება, როგორც ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მარეგულირებელი საშუალება. ექიმბაშები მას რძეში თანაბარი რაოდენობით ურევენ, როგორც შხამსაწინააღმდეგო და სასაქმებელ საშუალებას და ავადმყოფს რძესთან ერთად აძლევენ მოწამვლის შემთხვევაში.
ხველების დროს ზეითუნის ზეთს კვერცხის გულსა და შაქარში ურევენ და დილით და საღამოს 2 ჩაის კოვზს იღებენ, მაგრამ მისი სამკურნალო თვისება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
სახსრების ტკივილის დროს შეგიძლიათ ზეითუნ-გვირილის ნარევით მტკივნეული სახსრები დაიზილოთ. ამისთვის საჭიროა ერთი ლიტრი ზეითუნის ზეთი გააცხელოთ და 100 გრამი გამხმარი გვირილის ყვავილები დაუმატოთ. ზეთი გააჩერეთ ათი წუთი, შემდეგ გაწურეთ. მტკივნეული ადგილები თბილი ზეთით დაიზილეთ.
ზურგის ტკივილის, იშიასის გამწვავების ან კუნთების ტკივილის დროს საკმარისია ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთი ფრთხილად შეიზილოთ კანში.
ნაბახუსევის სინდრომის გასაქრობად.
სანამ წვეულებაზე წაბრძანდებით, წინასწარ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დალიეთ. ამით თავიდან აიცილებთ მეორე დღით ნაბახუსევის სინდრომს. საქმე ისაა, რომ ზეთი თხელ ფენად გაეკვრება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ზედა ნაწილს და ამგვარად ალკოჰოლის შეთვისებას დააბრკოლებს.
დაკონსერვებული ზეთისხილის ნაყოფსაც ანალოგიური ზემოქმედების უნარი აქვს.
დაღლილობისა და ფეხების სიმძიმის დროს თუ ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ ტერფები აგტკივდებათ, ფეხის აბაზანა გაიკეთეთ. ამის შემდეგ მასაჟის მოძრაობით ტერფების კანში ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევი (მზადდება 1:1 თანაფარდობით) შეიზილეთ.
შეხორცების შემდეგ კანზე გაჩენილი ცვლილებების გასაქრობად რეგულარულად (უმჯობესია ყოველ მეორე დღეს) ზეითუნის ზეთით ფრთხილად დაიზილეთ ნაიარევი ან ფუნჯით წაისვით. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, შეგიძლიათ არასწორი შეხორცებით კანზე გაჩენილი სახეცვლილება რამდენადმე შეამციროთ, ძველიც კი.
კუჭის წვა (ძმარვა).
ჭამის წინ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი მიიღეთ. ეს კუჭის წვენის გამოყოფას შეამცირებს.
ორგანიზმიდან ნალექების გამოდევნა ზეითუნის ზეთის დახმარებით ინდური გამაჯანსაღებელი პრაქტიკის (რომელიც დაახლოებით სამი ათასი წლისაა) არსენალში ზეითუნის ზეთის სამკურნალო მიზნით მიღების სხვადასხვა მეთოდიკაა.
ჯერ კიდევ ძველი დროიდან ის ორგანიზმის ნალექებისგან გამწმენდ ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება. აუცილებლად მაღალხარისხოვანი ზეთი გამოიყენეთ.
როგორ ჩავატაროთ მკურნალობის კურსი
1. დილით უზმოზე ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი პირში დაიგუბეთ და 15-20 წუთის განმავლობაში ტუჩებისა და ლოყების მოძრაობით კბილებშუა გაატარე. "ღეჭეთ" იქამდე, სანამ რძისფერი არ გახდება.
2. ზეთი გადმოაფურთხეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაყლაპოთ, ვინაიდან ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. გამოირეცხეთ პირი და გულმოდგინედ გაიწმინდეთ კბილები, რათა პირის ღრუ ზეთის ნარჩენებისგან სრულად გათავისულფდეს.
3. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ სადილის ან ვახშმის წინ. ზეთით გაწმენდა დღეში ორჯერ არის რეკომენდებული.
4. ზეთის "ღეჭვა" განსაკუთრებით ეფექტურია ნუშისებრი ჯირკვლების ანთების, ბრონქიტის, ალერგიის, თავის ტკივილისა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. გაუმჯობესება შეინიშნება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ.
ქრონიკული დაავადებების დროს მკურნალობის კურსის ჩატარება რეკომენდებულია 6-დან 12 კვირის განმავლობაში.
ჟურნალი "რეიტინგი"