ოსმალეთის იმპერიის ხანა – მნიშვნელოვანი ისტორიული და მდიდარი მოვლენებით სავსე პერიოდია.
ეს არის ვნებებისა და ფუფუნების, ქალების სისუსტისა და მამაკაცების სიმამაცის ხანა – ალბათ, ამიტომაც გახდა თურქი რეჟისორებისთვის ისტორიის ეს მონაკვეთი შთაგონების წყარო და შეიქმნა სერიალი "დიდებული საუკუნე".
რა თქმა უნდა, ფილმში ბევრი რამ გვხიბლავს, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ქალების ყურადღებას, პირველ რიგში, გმირების ჩაცმულობა და მორთულობა იქცევს.
ჰარამხანის ტყვე ქალები სამკაულებს კომპლექტურად ატარებდნენ – ეკეთათ ერთნაირი საყურეები, სამაჯურები, გულსაბნევები და ბეჭდები. და ყველაფერს ერთდროულად იკეთებდნენ. ევროპელები ამას გადაჭარბებულ მორთულობად ჩათვლიდნენ, მაგრამ აღმოსავლელი ლამაზმანებისთვის ეს ნორმალურად ითვლებოდა, ამის გარეშე აღმოსავლეთს ხომ თავისი ხიბლი დაეკარგებოდა.
თმის მორთულობა
ოსმალეთის იმპერიაში მდიდარ ქალებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა თავის სხვადასხვაგვარი მორთულობა.
ძვირფასი დიადემები, ტიარები და თმის გადასაჭერები ამშვენებთ სულთან სულეიმანის დედასა და ხარჭებს მთელი სერიალის განმავლობაში.
თითოეული მათგანი გამორჩეული დიზაინით და უამრავი ძვირფასი ქვით გამოირჩევა. იმ დროს საპატიოდ ითვლებოდა მსხვილი ძვირფასი ქვების (ლალის, საფირონის, ზურმუხტის), ასევე ნახევრად ძვირფასი ქვების (მარგალიტის, ტურმალინისა და სხვათა) ტარება.
ყველაზე მასიურ და მდიდრულ სამკაულებს ვალიდა-სულთანი – სულეიმანის დედა ატარებს. ძირითადად, მის თავს ოქროს, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი დიადემა ამშვენებს.
სულთნის დედის ყველაზე საყვარელი ქვები ტოპაზი, ლალი და ზურმუხტია – სწორედ ამ ქვებით მოოჭვილი დიადემები ამშვენებს ვალიდას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მგლოვიარესაც კი ვალიდა-სულთანს ძვირფასი დიადემა ახურავს შავი ატლასის თავსაბურავის ზემოდან.
მოგვიანებით ასეთივე მასიურ დიადემებს ატარებს ჰიურემი – სულთან სულეიმანის ცოლი. სხვათა შორის, მაღალი დიადემები ჰიურემისა და ვალიდასთვის თურქმა იუველირებმა მე-16 საუკუნის სამკაულების მაქსიმალურად მიმსგავსებული შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური დიადემა განსხვავდება ევროპულისგან. ის უფრო დახვეწილი და ბევრად პატარაა მოცულობით, ვიდრე ევროპული.
მაგრამ სერიალში ყველა დიადემა როდია აღმოსავლურ სტილში. ერთ-ერთი მათგანი – ვენეციელი იუველირის მიერ შექმნილი – სულთანმა ჰიურემ ხანუმს მათი ქორწინების დღის აღსანიშნავად უსახსოვრა. დიადემა მთლიანად ბრილიანტებით იყო ინკრუსტირებული.
უფრო დახვეწილ და მოკრძალებულ დიადემებს ატარებს სულთნის ცოლი – მაჰიდერვანი.
სულთნის ახალგაზრდა ხარჭებსა და მის დას ჰატიჯესაც მოკრძალებული თმის გადასაჭერები და ტიარები ამშვენებთ.
კოლიე, მძივი, კულონები
არანაკლებ თვალისმომჭრელად გამოიყურება სერიალის გმირ ქალებზე ყელის სამკაულები: კულონები, ჯაჭვები, მძივები, კოლიეები. აქ, რაც უფრო დიდია ასაკითა და სტატუსით ქალი, მით მდიდრული და მასიურია მისი სამკაულები.
უმანკოებისა და ახლგაზრდობის ნამდვილი სიმბოლო იყო დახვეწილი, მარგალიტისთვლებიანი გულსაბნევი, რომელიც ალექსანდრამ მაშინ გაიკეთა, როცა პირველად ეწვია სულთან სულეიმანს საძინებელში.
ბეჭდები და სამაჯურები
ოსმალეთის იმპერიის ქალბატონები მასიურ და მსხვილქვებიან ბეჭდებსა და სამაჯურებს ირჩევდნენ.
სერიალის თითქმის ყველა გმირ ქალს მსხვილი ძვირფასთვლებიანი და კაშკაშა ფერების ბეჭდები უკეთიათ. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლელი იუველირები სინამდვილეში უპირატესობას წვრილად მოხატულ მსხვილ ქვებს ანიჭებდნენ.
"დიდებული საუკუნის" ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ჰიურემის ცრემლის ფორმის მწვანე ზურმუხტისთვლიანი და უამრავი ბრილიანტით მოვარაყებული ბეჭედი გახდა.
ბეჭედი იმდენად მოეწონათ სერიალის თაყვანისმცემლებს, რომ თურქმა იუველირებმა მაშინვე შექმნეს მისი უამრავი ანალოგი. ასე რომ, ახლა თურქეთის ნებისმიერ საიუველირო მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ჰიურემის ბეჭედი.
სულთნის ხარჭებს ასევე მასიური და მაჯაზე მჭიდროდ მორგებული სამაჯურები უკეთიათ. სამაჯურები არა მხოლოდ ოქროსა და ვერცხლისგან მზადდებოდა, არამედ სხვა ლითონისგანაც.
საყურე
"დიდებული საუკუნის" პირველივე სერიიდან გასაგები ხდება, რომ არც ხარჭები, არც თვით სულთნის დედა პატარა საყურეებს არ ატარებენ. მათ სახეს ხაზს უსვამს და ნაკვთებს უფრო კვეთს მრავალიარუსიანი, გრძელი საყურეები.
ძალიან ორიგინალურ და უცნაური ფორმის საყურეები უკეთია ჰატიჯეს – სულეიმანის უმცროს დას. ლირის ფორმის საყურეში ერთმანეთს ერწყმის ბრწყინვალება და ლალის მდიდრული შეფერილობა, ზურმუხტი, ბრილიანტები და სიწმინდის სიმბოლო – ვერცხლი, რომელიც ძალიან ფასობს აღმოსავლეთში.
იმისათვის, რომ სულეიმანის მმართველობის დროს ოსმალეთის იმპერიის სიმდიდრე და აყვავების ხანა გადმოეცათ, თურქმა იუველირებმა შექმნეს სამკაულები, რომლებიც ზუსტად ასახავენ იმ დროის ქალბატონების - სულთნის ხარჭებისა თუ მისი დედისა და დების ბრწყინვალებას.