თამუნა ნიკოლაძე უკვე დიდი ხანია, ყველასათვის საყვარელი და სასურველი რესპონდენტია, მით უმეტეს, მკითხველს სიახლეები თუ უბრალოდ, მისი ცხოვრების დეტალები ყოველთვის აინტერესებს. მიუხედავად ამისა, მსახიობმა გარკვეული მიზეზების გამო, რაზეც დაწვრილებით ქვემოთ გიამბობთ, პრესასთან ურთიერთობაზე უარი თქვა.
საბედნიეროდ, რთული პერიოდის შემდეგ პირველი ინტერვიუ სწორედ "რეიტინგს" მისცა და გაგვიმხილა როგორც შემოქმედებითი ცხოვრების დეტალები, ასევე საკუთარი ხასიათის შტრიხები.
- საუბარი დავიწყოთ იმით, რატომ გქონდა ამხელა პაუზა პრესასთან ურთიერთობაში?
- სიმართლე გითხრათ, ხანდახან მკითხველის დასვენებისა და პაუზის გაკეთების სურვილი მიჩნდება. უკვე რამდენიმე წელია, პრესასთან აქტიურად ვურთიერთობ, თუმცა ვცდილობ, ძალიან ხშირად არ მივცე ინტერვიუ, მაგრამ მაინც იწურება სასაუბრო.
იყო შემთხვევა, როცა გამეორდა რუბრიკა, ინტერვიუ და შეკითხვა, ამიტომ ვიფიქრე, ცოტა ხანს მკითხველს შევასვენებ-მეთქი. თუმცა მთლად ამასაც ვერ დავაბრალებ, რადგან მე თვითონ დამჭირდა პაუზა მკითხველთან და ჩემს თავთან.
- ამ პაუზის შემდეგ რაიმე ახალი თუ გაქვს სათქმელი?
- ეს დრო აქტიურ თეატრალურ ცხოვრებას დავუთმე. თავისუფალ თეატრში ახალგაზრდა რეჟისორი ამზადებდა სადიპლომო ნამუშევარს და მეც დამასაქმა.
ამ როლზე მუშაობის დროს ბევრ რამეს მოვწყდი, მინდოდა, ამ საქმით მაქსიმალურად ვყოფილიყავი დატვირთული და სიმართლე გითხრათ, არსად არ გავდიოდი, სახლი - ტელევიზია - თეატრი, ეს იყო ჩემი რეჟიმი, მეგობრებთანაც დიდი ხნის განმავლობაში არ ვიყავი ნამყოფი, რაც მათ ძალიან აკვირვებდა.
რამდენიმე დღის წინ მქონდა პრემიერა, დავპატიჟე ყველა ჩემი მეგობარი და ნეტავ გენახათ, მონატრებულები როგორ მეფერებოდნენ.
- ე.ი. მეგობრებთან აღებული ტაიმ-აუტი პრემიერით "გამოისყიდე"...
- კი. ჰენრიკ იბსენის პიესა "თოჯინების სახლი" რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა სცენაზე გადმოიტანა, მე ვთამაშობ ნორას როლს.
- მეტი გვითხარი შენს გმირზე, რომლის გამოც, შეიძლება ითქვას, რომ გარემოს მოსწყდი...
- სპექტაკლი ფსიქოლოგიური დრამა გახლავთ. ჩემი გმირი კი ყველა ქალისთვის საოცნებოა. როცა რეჟისორმა ეს როლი შემომთავაზა, ძალიან გამიხარდა, ამით მან ჩემდამი დიდი ნდობა გამოავლინა.
მეც, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში სამი დღე ტელევიზიაში ვარ და ვმუშაობ სერიალზე "შუა ქალაქში", ვთამაშობ სხვა სპექტაკლებშიც, არ მქონდა უფლება, ჩემი მხრიდან ამ გმირისთვის რამე დამეკლო, ვცდილობდი, მაქსიმალურად დავხარჯულიყავი და მგონი გამომივიდა - თეატრალურმა საზოგადოებამ და ისეთმა ხალხმა, ვისაც ესმის თეატრი, კარგად შეაფასა სპექტაკლი, რითაც ბედნიერი ვარ.
- რაც შეეხება სერიალს "შუა ქალაქში", დაიწყო მორიგი ახალი სეზონი, რა სიახლეებს გვთავაზობს ქეთევან ღლონტი ამ სეზონში?
- როგორც იცით, ქეთევან ღლონტმა დაიწყო მუშაობა და მეტ-ნაკლებად ჩანს მისი ჟურნალისტური გამოძიებანი, თუმცა მისი ჟურნალისტური ცხოვრება შემდეგ სერიებში უფრო აქტიურ ფაზაში შევა.
- რეალურ ცხოვრებაში ამ სფეროთი თუ დაინტერესებულხარ?
- არა, არასოდეს. ეს ჩემთვის უბრალოდ როლია, რომელსაც თავი უნდა გავართვა. ჟურნალისტებთან ხშირად ვურთიერთობ, ამიტომ გამოცდილებას თქვენგან ავიღებ (იღიმება).
- იყო შემთხვევა, როცა ქეთევან ღლონტმა ირაკლი ჩხეიძეს ისეთი დეტალები გამოუქვეყნა, რაც არ უნდა დაეწერა. თავად თუ გქონია ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა?
- უკვე 4 წელი ხდება, რაც ამ სერიალში ვთამაშობ და უამრავი ინტერვიუ მიმიცია, მაგრამ გეფიცებით, არც ერთი ჟურნალისტისგან და არც ერთი რედაქტორისგან არ მახსოვს გულის ტკენა. არც ერთი ჩემი ინტერვიუ არ ყოფილა გაფორმებული და გალამაზებული.
ყოველთვის ვყვები სიმართლეს, არ მიყვარს არც გაზვიადება და არც რამის მოკლება, ვამბობ იმას, რაც ხდება, მაგრამ არც ყვითელ პრესას და ზოგადად, მედიის არანაირ საშუალებას ჩემთვის გული არ უტკენია.
- თამუნა, რისი პატიება შეგიძლია, ან რას ვერ აპატიებ?
- ამ შეკითხვას რამდენიმე წლის წინ სხვანაირად ვუპასუხებდი, იყო რაღაცები, რისი პატიებაც ვერ წარმომედგინა, მაგრამ გავიდა წლები და დღევანდელი გადმოსახედიდან ბევრ ცვლილებას ვგრძნობ. უფრო მიმტევებელი გავხდი, უფრო მეტი რამის პატიება შევძელი და ვფიქრობ, ეს ღირსეული საქციელია, როცა ყველაფრის პატიება შეგიძლია - ეს საუკეთესო თვისებაა ცხოვრებაში.
არის რაღაცები, რასაც ვერ ავიტან, ასეთია ტყუილი, უსამართლობა, ღალატი, ისე, იმასაც გააჩნია, როგორ და რანაირად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ადამიანს ძალიან ვენდობი და მიყვარს, მისგან ასევე ძალიან მტკივა. ვინც არ მიყვარს და ჩემთვის რიგითი მოქალაქეა, იმან რა უნდა მატკინოს არ ვიცი.
როცა ადამიანს ვიძენ და ვარქმევ მას თავის სახელს, ჩემთვის მისი დაკარგვა ძალიან მტკივნეულია, პირდაპირ გეტყვით, მოუშუშებელი ჭრილობაა.
- თუ გქონია ასეთი ჭრილობა?
- კი, როგორა არა, მქონია და ვერ ვიტყვი, ძალიან კარგი, რომ ასე მოხდა, ალბათ ასე იყო საჭირო-მეთქი.
- ვისთან დაკავშირებით გქონია ეს ჭრილობა, მეგობართან, საყვარელ ადამიანთან თუ კიდევ სხვასთან?
- ეს ძალიან შინაურ ადამიანს უკავშირდება.
- ოჯახი გქონდა და ამას ხომ არ უკავშირდება?
- საერთოდ, პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობ (იღიმება), მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ეს ჩემთვის ადვილი არ იყო, "იყო და არა იყო რა" ნამდვილად არ გახლდათ.
- როგორც მივხვდი, ის, რაც იყო, ადვილად დასავიწყებელი არ არის...
- კი. როცა ამ თემაზე მეკითხებიან, ვერ ვპასუხობ - ძალიან კარგი, რომ ასე მოხდა, ალბათ ასე უნდა ყოფილიყო-მეთქი. პირიქით, როცა ამ კითხვას მისვამენ, ვპასუხობ - ჰო, სამწუხაროდ, ასე მოხდა.
- რაიმეს ნანობ?
- არაფერს, ოღონდ მართლა. სამი წლიდან ვოცნებობდი თეატრზე, ბავშვობიდან მაქვს თანდაყოლილი დაავადება - მსახიობობა და ერთი წუთითაც არ ვნანობ ჩემს ამ არჩევანს, რადგან ჩემი პროფესია ჩემი დიდი გულშემატკივარია. პირად ცხოვრებაშიც არაფერს შევცვლიდი, ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც გავაკეთე.
- რას გამოჰყავხარ მდგომარეობიდან?
- უსამართლო დამოკიდებულებას. თვითონ სიტყვა დამოკიდებულება, სამსახურის, პირადი ცხოვრების, მეგობრობის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს დამოკიდებულებაა ჩემთვის მთავარი.
- ამ დროს რას აკეთებ? ქეთევან ღლონტივით ფეთქებადი ხარ?
- ვცდილობ, განვასახიერო ისეთი ქალი, რომელიც მრავლადაა ჩვენ ირგვლივ, ქართველებს ემოციები არასოდეს გვაკლდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ემოციურები გავხდით, ჰოდა, ქეთევანი ამ ყველაფერთან ერთად გურულიცაა და სწორედ ამიტომაა ასეთი ფეთქებადი.
რაც შემეხება მე, გაბრაზებულმა შეიძლება ვიყვირო, ვიჩხუბო ან კიდევ ჩემდა უნებურად ძალიან მშვიდად მივიღო ფაქტი და არ ავყვე ემოციებს. თუმცა სიჩუმე კიდევ უფრო უარესია, რადგან ამ დროს შეიძლება, ჩემს გულში უფრო დიდი ამბავი და რევოლუცია ტრიალებდეს.
მიყვარს, როცა ადამიანები პირდაპირ ამბობენ სათქმელს. არ შემიძლია, წამოვიდე სახლში, ვიფიქრო - ღირს თუ არა თქმა, მეორე დღეს მივუბრუნდე იმ ძველ წყენას და ა.შ. როცა რაღაც არასწორი ხდება, ჯობია, იქვე გაარკვიო. უმჯობესია, ხმამაღლა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
- აქედან გამომდინარე, მივხვდი, რომ პირდაპირობით გამოირჩევი და სხვებსაც ამას ურჩევ...
- კი, კი. ჩემგან დამალული და დაფარული არავის არაფერი ახსოვს, პირდაპირ ვიცი ყველაფრის თქმა, ოღონდ ისე არა, რომ ამით ადამიანს გული ვატკინო, უბრალოდ ვცდილობ, მივანიშნო, ეს არ არის სწორი ან პირიქით - ეს ძალიან სწორია.
- რამდენად მტირალა ხარ?
- არ ვიცი, მტირალა რამდენად ვარ, მაგრამ გული ბევრ რამეზე მიჩუყდება.
- თუ გახსოვს, ბოლოს რის გამო იტირე?
- სასიხარულო რაღაცებზეც მეტირება. გული მიჩუყდება და ჯანსაღ ურთიერთობებზე, ხან პრემიერის წინაც კი მეტირება, მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან გულჩვილი ვარ. ადვილად მხვდება რაღაცები გულზე, ძალიან ადვილად მწყინს და ასევე ადვილად მიხარია.
- ცხოვრების დიდ ნაწილს თამაშში ატარებ, ადვილად ატყობ ადამიანს სიყალბეს?
- ჩემი პროფესია საკმაოდ რთულია, რადგან კარგად უნდა დააჯერო მაყურებელი იმაში, რასაც აჩვენებ და ვისაც განასახიერებ. მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში ძალიან მიმნდობი ვარ და ადვილად ვიჯერებ ადამიანის ნათქვამს, ადამიანის გაცნობისთანავე ვცდილობ, მასში კარგი ვიპოვო, არ ვარ ტიპი, რომელიც ჩასაფრებული ეძებს რაიმე ცუდს.
აქედან გამომდინარე, ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანში შევმცდარვარ, მგონებია გულწრფელი, მაგრამ აღმოჩენილა, რომ თამაშობდა. ხმამაღლა ვამბობ, რომ ძალიან მიმნდობი ვარ და ამაზე ჩემი მეგობრები სულ მსაყვედურობენ.
- შეგიძლია ადვილად თქვა ტყუილი, როცა აუცილებელია?
- ვერა. ცხოვრებაში ტყუილს ვერ ვამბობ, მაშინვე ვწითლდები. მქონია მცდელობა, მაგრამ მაშინვე გავწითლებულვარ. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყუები და არც მაქვს ამის სურვილი, რადგან რაც მე ძალიან გამაღიზიანებს, იმას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ.
- რაღაც უსიამოვნო დეტალები ყველას გვაქვს ცხოვრებაში, მაგრამ ერთი თვალის გადავლებით თუ ხარ ბედნიერი ადამიანი?
- ყველაფერში გამარჯვებულები ვერ ვიქნებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიტყვი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ბედნიერი გოგო, რადგან რა ჩანაფიქრი და სურვილიც მქონდა პროფესიულ, ხშირ შემთხვევაში პირად ცხოვრებაშიც, ძალიან კარგად ასრულებულა.
ღმერთს ძალიან ბევრი საჩუქარი აქვს ჩემთვის გამოგზავნილი როგორც პირად, ასევე შემოქმედებით ცხოვრებაში. გარდა ამისა, მყავს ჯანმრთელი ოჯახის წევრები, გარშემო მყავს დასაქმებული და შემდგარი ადამიანები და მეგობრები, რაც, დამეთანხმებით ალბათ, დიდი ბედნიერებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"