გულისთვის სასარგებლო 10 პროდუქტი - Marao

გულისთვის სასარგებლო 10 პროდუქტი

2011-06-17 15:30:11+04:00

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკის შესამცირებლად საჭიროა დიეტა, რომელიც ღარიბია წითელი ხორცის ცხიმისა და შაქრის შემცველი პროდუქტებით და მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, თევზით. გულისთვის სასარგებლო პროდუქტებია:

1. ორაგული

ეს თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით, რომელიც აქვეითებს თრომბის განვითარების რისკს და ორგანიზმისთვის საჭირო ქოლესტერინსაც შეიცავს. ორაგული ან სხვა ცხიმიანი თევზი, მაგალითად: თინუსი, ქაშაყი, სარდინი კვირაში ერთხელ მაინც უნდა მივირთვათ.

შეგიძლიათ მოამზადოთ კალმახი, ოღონდ გრილზე და მიირთვით ლიმონის წვენში შეზავებულ მწვანე ბოსტნეულთან ერთად - ასე შეამცირებთ თევზის კალორიულობას.

2. ზეითუნის ზეთი

ეს ზეთი აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს (სისხლში ქოლესტერინის დაქვეითების ხარჯზე). კარგი იქნება, თუ კერძის მოსამზადებლად ზეითუნის ზეთს გამოიყენებთ.

3. შვრია

შვრია შეიცავს ხსნად ბოჭკოებს, ე.წ. ბეტა-გლუკანს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის შემცველობის დაქვეითებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის სიჯანსაღესაც განაპირობებს.

საუზმეზე მოამზადეთ შვრიის ფაფა, დაუმატეთ მცირე რაოდენობით ყავისფერი შაქარი ან თაფლი, მარწყვი და კაკალი. ფაფის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ უცხიმო რძეც.

4. ვაშლი

ვაშლი შეიცავს კვარცეტინს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს. ეს ხილი მდიდარია ვიტამინებითა და უჯრედისით.

5. ნუში

ნუში შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინ E-ს და სხვა სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს. ნუში მდიდარია ცილებითა და უჯრედისით.

ნუში შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ და მოხარშულ მწვანე ლობიოს მოაყაროთ.

6. წითელი ღვინო

წითელი ღვინო შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს (ანტიოქსიდანტი გულის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს). ეს სითხე აუცილებლად, ზომიერად უნდა მიიღოთ. კვლევებმა უჩვენა, რომ დღეში 1/2 ჭიქა ღვინის მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

7. მსხვილად დაფქული მარცვლეულისგან მომზადებული ცომეული

მსხვილად დაფქული მარცვლეულისგან მომზადებული პური ორგანიზმს ვიტამინებით უზრუნველყოფს და გულის სიჯანსაღეს უწყობს ხელს.

მოამზადეთ ბუტერბროდი ორი ნაჭერი პურის, მოხარშული ინდაურის ან ქათმის ხორცის, პომიდვრისა და ავოკადოსგან. მოგვიანებით დაუმატეთ მდოგვი.

8. მწვანეფურცლოვანი ბოსტნეული

ასეთი ბოსტნეული შეიცავს E ვიტამინს და ფოლიუმის მჟავას, რომელიც აქვეითებს ჰომოცისტეინის დონეს (იწვევს არტერიოსკლეროზს).

9. პომიდორი

პომიდორი შეიცავს უამრავ ვიტამინსა და ლიკოპენს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს.

10. სოიის ცილები

სოიის ცილები აფერხებს გულის შეტევის განვითარებას. ასევე, ცვლის ხორცის ცილას და მისი გამოყენება ორგანიზმში უჯერი ცხიმების დონეს აქვეითებს.

სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ სწორი დიეტის დროს გულ-სისხლძარღვთა განვითარების რისკი რამდენჯერმე მცირდება.

ჟურნალი "გზა"