სტრია არის კანის გაწელვის შედეგად მიღებული ლაქა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ჩნდება. მიზეზებს შორის აღსანიშნავია წონის მკვეთრი ცვლილება და ენდოკრინული დარღვევები (თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონების ჭარბად გამომუშავება).
პირველ შემთხვევაში სტრია თეთრი ფერისაა, მეორე შემთხვევაში - წითელი. უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად სტრია მართლაც წითელია, მაგრამ თანდათანობით თეთრი ხდება. თუ წითელი დარჩა, მაშინ აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი თირკმელზედა ჯირკვლის გამოსაკვლევად.
რაც შეეხება თეთრ სტრიებს - არსებობს წონის ცვალებადობასთან (ან ორსულობასთან) დაკავშირებული თეთრი სტრიების საწინააღმდეგო კრემები. მაგალითად: ციკატრიქსი, პრეგნაქეა, კონტრატუბექსი, კრემი სტრიებისთვის და სხვა.
ეს კრემები, გარდა პრეგნაქეასი (ისიც, გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ), ორსულობის პერიოდში არ იხმარება. ისინი რამდენადმე აღადგენენ (ხშირად სრული აღდგენა ვერ ხერხდება) დაზიანებულ კანს. ეს საშუალებები ახალწარმოქმნილი სტრიების შემთხვევაში უფრო ეფექტურია. გარდა ამისა, სტრიების მოსაშორებლად ეფექტურია მეზოთერაპია, მეზოპილინგი, პილინგი და ა.შ.
სტრიების შემამცირებელი პროცედურა:
1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა მარილი და 1/2 ჭიქა ზეთი კარგად აურიეთ. ეს ნარევი დაზიანებულ კანზე წაისვით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ ტანის ნებისმიერი კრემი. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე.
შესაძლოა, ეფექტი ერთ თვეში შესამჩნევი იყოს, მაგრამ პროცედურა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაიტარეთ.
სტრიების საწინააღმდეგო კრემი
ასეთი კრემი მუმიოსგან (მოიკითხეგ მუმიო 1 ჩ/კ მდუღარე წყალში. დაამატეთ 80-100 გ საბავშვო კრემი და მოათავსეთ სტერილურ ქილაში. ეს ნარევი პრობლემურ ადგილას დღეში ერთხელ უნდა შეიზილოთ. კრემი მაცივარში შეინახეთ.
P.S. თუ სტრიები ახალწარმოქმნილია, თითქმის სულ გაქრება და კანს ელასტიკურობა დაუბრუნდება.
სტრიების საწინააღმდეგო პილინგი
*ერთმანეთში აურიეთ 150 მლ იოგურტი, 1 ს/კ ნუშის ზეთი, 1 ლიმონის კანი (გახეხილი). დაიდეთ დაზიანებულ კანზე, 20 წუთის განმავლობაში. ჩამობანისას მოახდინეთ პრობლემური კანის მასირება. ასეთი პილინგი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
*აიღეთ 1 ავოკადო, 2 ს/კ კოსმეტიკური თიხა, 2 ს/კ შვრიის ფქვილი და 1 ს/კ ხორბლის ზეთი. ბლენდერში გააკეთეთ ავოკადოს პიურე, დაუმატეთ კოსმეტიკური თიხა, შვრიის ფქვილი და ბოლოს - ზეთი. ეს კრემი დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეფექტი ერთ თვეში უნდა გახდეს შესამჩნევი.
*აიღეთ 100 გ ახალი (ან გაყინული) ბაბუაწვერას ფოთლები, 75 გ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ/კ ალოეს წვენი და სისქის მისაცემად - შვრიის ფქვილი. ბაბუაწვერას ფოთლების, ზეითუნის ზეთისა და ალოეს წვენისგან გააკეთეთ პიურე, დაუმატეთ იმდენი შვრიის ფქვილი, რომ ნარევი კრემის კონსისტენციის გახდეს.
კრემი (შეინახეთ მაცივარში) დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ დილა-საღამოს.
ალოე და ზეითუნის ზეთი
0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა ალოეს წვენი, 5 წვეთი ვიტამიანი A და 10 წვეთი ვიტამინი E აურიეთ. ეს ნარევი შეინახეთ მაცივარში. ამ საშუალების გამოყენება მიზანშეწონილია სკრაბის შემდეგ.
ყურძენი -სტრიების წინააღმდეგ
ახალგაჩენილი სტრიების მოსაშორებლად კარგია შავი ყურძნის წვენი. ყურძნისგან გააკეთეთ ფაფა (ანუ დასრისეთ) და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ერთ თვეში ეფექტი შესამჩნევი გახდება.
თიხა
აურიეთ თანაბარი რაოდენობის მწვანე, რუხი და ცისფერი თიხა. დაუმატეთ თაფლი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაიდეთ პრობლემურ ადგილზე ყოველღამე და ბინტით დააფიქსირეთ. ყოველ ჯერზე ახალი ნარევი უნდა მომზადდეს.
მუმიო
2 ტაბლეტი მუმიო გაალღვეთ 50 მლ ტანის კრემში ან რძეში. უსიამოვნო სუნის გასაქრობად დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის წვენი. სააბაზანოში გაიკეთეთ ყავის სკრაბი, შემდეგ კი მუმიოს კრემი წაისვით და არ ჩამოიბანოთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში.