ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეები - Marao

ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეები

2011-06-17 17:00:00+04:00

დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია ოვულაციის დროს. ამ პერიოდის დადგენა ყველაზე ზუსტად ექოსკოპიური კვლევით ან საოვულაციო ტესტითაა შესაძლებელი.

ოვულაცია საკვერცხიდან კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადასვლის პროცესია. ეს მომენტი დაახლოებით, ორ მენსტრუაციას შორის შუა პერიოდს ემთხვევა.

თუმცა, ქალმა უნდა იცოდეს, რომ ორსულობის განვითარება მოსალოდნელია არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ოვულაცია მოხდა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა ოვულაციამდე სამი დღით ადრე (რადგან სპერმატოზოიდები განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ) ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს (რადგან საშვილოსნოში გადასული კვერცხუჯრედიც ასევე, 2-3 დღეა განაყოფიერებისუნარიანი) ჰქონდა.

თუმცა ოვულაციის ზუსტი დღის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია - ეს თარიღი მხოლოდ დაახლოებით შეიძლება გამოვიანგარიშოთ.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, განვიხილავთ 28-დღიანი მენსტრუაციის მაგალითს: თუ ქალს 28-დღიანი ციკლი აქვს, მაშინ ოვულაციის მოსალოდნელი დღეებია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-12 და მე-17 დღეებს შორის პერიოდი;

თუ ამას დავუმატებთ იმ სამ-სამ დღეს (ოვულაციამდე და ოვულაციის შემდეგ), გამოდის, რომ განაყოფიერებისთვის მოსალოდნელი პერიოდია მენსტუაციის მოსვლიდან მე-9 და მე-20 დღეები ანუ ორსულობის განვითარების თეორიული შანსი თითქმის არ არსებობს მენსტრუაციის დაწყებიდან პირველი 8 დღის განმავლობაში და მომდევნო მენსტრუაციის მოსვლამდე 9 დღით ადრე, მაგრამ განაყოფიერების შანსი არსებობს ციკლის შემდგომი 11 დღის განმავლობაში.

ქალმა ოვულაციის დღეები უფრო ზუსტად რომ დაადგინოს, აფთიაქში საოვულაციო ტესტი უნდა შეიძინოს, რომელსაც მოჰყვება ინსტრუქცია.

ეს ტესტი უნდა გაკეთდეს ოვულაციის სავარაუდო დღეებში, მაგალითად: 24-დღიანი ციკლის დროს მენსტრუაციის მე-8 დღიდან 10 დღის განმავლობაში, 25-დღიანი ციკლის შემთხვევაში - მე-9 დღიდან, 26-დღიანი ციკლის დროს - მე-10 დღიდან და ა.შ.

ტესტი უნდა გაიხსნას უშუალოდ მოხმარების წინ; გახსნამდე გაათბეთ ხელებით, შარდში ჩადეთ აკურატულად (ვერტიკალურად, ისრით ქვემოთ) და შედეგი ნახეთ 5 წუთის შემდეგ. საოვულაციო ტესტი შარდში ლუთეინური ჰორმონის არსებობაზე რეაგირებს და სწორედ აქედან გამომდინარე იძლევა ინფორმაციას ოვულაციის შესახებ

ჟურნალი "გზა"