დღეს შაბათია, ე.ი. ნელიკო შაურმას მოამზადებს ან ახსენებს; კატო ახალ ქმარს "ააგდებს" ან ძველს შეურიგდება; დედამთილი სადილს დაწვავს, თხა ვენახს შეჭამს და სოფელიც აშენდა - სერია შედგა...
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჯერ მის ცოლს ჰყავდა გასათხოვარი დაქალები, ლომზე მონადირისეული სიფხიზლითა და მეძებარ ძაღლზე უკეთესი ყნოსვით. შემდეგ ყველა ერთიანად დათხოვდა, სეზონიდან სეზონამდე გამოთხოვდა და დღეისათვის ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა (დედამიწა მრგვალია!).
სერიალის მთელი უნიკალურობა კი ნადავლზე ნადირობაში მდგომარეობს... - დაუმიზნა, ესროლა, მოიპოვა... გათხოვდა-გამოთხოვდა, შუალედში ღალატია დეფისად და ისევ - მთიულურის ჩაკვრასავით ოთხ თვლაზე: ი-ერთი და ორი და სამი, ოთხი; ანსამბლი აჰყვა - გაცნობა, გათხოვება, ღალატი, გამოთხოვება, წრე!
ფერხული! ღიმილი... :) მეტი საფიქრალი მანდ არაფერი ყრია... არადა, ერთი სული მაქვს, გავიგო, რა ბედი ეწევა შეიხის სინდრომით შეპყრობილ დათოს და ვინ გახდება მისი სარეცელისთვის დაუნდობელ ორთაბრძოლაში გამარჯვებული - ცოლი? საყვარელი? იქნება და მეგობრობამ გაიმარჯვოს (ტრიოში)...
იქნებ ვინ არის კატოს ახალი კაცი? ეს ყველაფერი ისეთი, ისეთი საინტერესოა, რომ მოდით, მთელმა საქართველომ ერთად ვარკვიოთ, ვისი ვისაშია და ვისაში უნდა, რომ იყოს... დღეს კვირაა...
თეკლა ლაზი